“ჩემს ალბომში ერთი ახალგაზრდა ბიჭის ფოტო ინახება” – ერთი თბილისური ეზოს ისტორია
ყველა ოჯახს თავისი ისტორია აქვს, რომელიც ძველ ფოტოალბომებშია თავმოყრილი. ასეთ ალბომებში არა მხოლოდ საკუთარი ბებია-ბაბუების ახალგაზრდობას “შეხვდებით”, არამედ მათი ნაცნობ-მეგობრებისა და მეზობლებისასაც.
პროგრესმა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. საოჯახო ფოტოალბომები ციფრულმა მეხსიერებამ ჩაანაცვლა. სწორედ ამის შესახებ გვიზიარებ საკუთარ განცდებს ფილოლოგი თამარ უჯმაჯურიძე და სოციალურ ქსელში ამაღელვებენ სტატუსს ქვეყნებს:
“წუხელ ძველ ალბომს ვათვალიერებდი. რა მოგონებები არ ამომიტივტივდა გონებაში… გამახსენდა, როგორ მიყვებოდა დედა უცხო ადამიანების შესახებ, რომლებიც არასდროს მენახა, მაგრამ ჩვენი საოჯახო ალბომი მათ ფოტოებს, რატომღაც მაინც ინახავდა.
ჩვენს მეზობლად სომეხი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ჩემს ბავშვობაში მარტონი იყვნენ, დედა კი მათი ქალიშვილების მეგობარი ყოფილა ახალგაზრდობიდან.
განსაკუთრებით ერთის ხსოვნა შემოინახა ჩემმა მეხსიერებამ.
დეიდა სედა ექიმი იყო და ავად რომ ვხდებოდი, ყოველთვის მოდიოდა, რადგან პირს მხოლოდ მას ვუღებდი, ყელში რომ ჩაეხედა.
პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა და დედამ დამიმალა, თუმცა ყველაფერს მივხვდი და ორი დღე 39 სიცხე ვერ დამიგდო ბებიამ.
ჰოდა, ჩემს ალბომში ერთი ახალგაზრდა ბიჭის ფოტო ინახება. რამდენიმე ფოტოა ასეთი, ერთში დეიდა სედაცაა მასთან ერთად.
უკვე დიდი ვიყავი, დედამ რომ გამიმხილა, სედას პირველი შეყვარებულია ეს ბიჭიო. სედა რომ გათხოვილა სხვა კაცზე, ფოტოები ვერ გაუმეტებია და დედასთვის მიუბარებია შესანახად.
აღარ იყო სედა, ალბათ, ფოტოზე გამოსახული ბიჭიც, მაგრამ დედა ნათესავების ფოტოებთან ერთად ინახავდა მათ. ასეთი მეგობრობა იცოდნენ ადრე, ბოლომდე, სამარის კარამდე!
აღარაა დეიდა სედა, ალბათ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭიც, აღარაა დედაც და ჩემს ძველ ალბომში ისევ ინახება სიძველეშეპარული ფოტოები.
ერთ დღეს აღარ ვიქნები მეც…
რას იზამს ჩემი შვილი? რა ბედი ეწევათ ამ ფოტოებს?
არ ვიცი!”.