კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებმა გაზაფხულამდე ტალახში უნდა იარონ (?)

თბილისში, კრწანისისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე, 2 თვის წინ დაწყებული საგზაო სამუშაოები მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. ქუჩა გადათხრილი და ატალახებულია.

კრწანისის ქუჩა

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამუშაოები წელიწადის სრულიად შეუფერებელ ზესონზე დაიწყეს და დასრულებას პირი ჯერ კიდევ არ უჩანს.

სამუშაოების გამო, ქუჩაზე შეზღუდულია არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, არამედ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც, ბავშვებს სკოლაში წასასვლელად შორ მანძილზე ფეხით სიარული უწევთ.

ადგილობრივ მცხოვრებლებს პრეტენზია აქვთ ავტობუსის შეცვლილი მარშრუტის გამოც.

“გზის სარემონტო სამუშაოების გამო კრწანისის ქუჩაზე აღარ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამიტომ მცხოვრებლებს, რა თქმა უნდა, ფეხით გვიწევს გადაადგილება. შეუძლებელი იყო, პირადად ჩემთვის, წუხელ ამ ქუჩის გადაკვეთა სახლში რომ მივსულიყავი, ძლივს გადავედი. მაინტერესებს, ვინმემ თუ იფიქრა ამ საკითხზე, როცა სამუშაოები დაგეგმეს. ადგილობრივ მცხოვრებლებს გზის გადაკვეთა ხომ დაგვჭირდება ამ თვეების განმავლობაში? ურთულესი გახდა ბავშვის სკოლაში გაშვებაც: მთელი ეს ტლაპო უნდა გაიაროს ფეხით, რომ ცენტრალურ გზამდე ავტობუსის გაჩერებასთან მივიდეს (ის ქუჩები, სადაც 331 ავტობუსის მარშრუტი გადაანაწილეს, არ გვაწყობს, კიდევ უფრო შორია)”, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ვითარების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას გვიზიარებს.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მასშტაბური საგზაო სამუშაოები წელიწადის ყველაზე წვიმიან პერიოდში დაიწყო – სექტემბრის შუა რიცხვებიდან, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა გაზაფხულიდან დაეგეგმათ დაწყება. შემოდგომით, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, უკვე დაგებულიც იქნებოდა, რაც ადგილობრივებსაც, შედარებით გაუადვილებდა რეაბილიტაციის პროცესს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მედია სააგენტო “24” კრწანისის გამგეობას დაუკავშირდა. როგორც გამგეობაში განგვიმარტეს, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ახორციელებს.

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, გზის რეაბილიტაცია სხვანაირად ვერ მოხდებოდა და დაგეგმილი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დამთავრდება.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი სექტემბრიდან კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. 4 მლნ ლარის ღირებულების პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება გაზაფხულზე არის დაგეგმილი.

 

 

ავტორი: თაკო ბოკუჩავა


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი