უკრაინამ საქართველოს ბრძოლის რა მაგალითები აჩვენა – რა განაცხადა ზურაბიშვილმა პოლონეთში

სალომე ზურაბიშვილის აზრით, უკრაინამ ომის მიმდინარეობის 10-თვის განმავლობაში აჩვენა საქართველოს, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ომში ჩართვის პოტენციალი არ აქვს, თუმცა მოძმე უკრაინული ერის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს.

მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელები დღეს, არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ევროპისა და საქართველოს თავისუფლებასაც იცავენ. პრეზიდენტის აზრით, უკრაინელთა ბრძოლის გარეშე საქართველოს ევროინტეგრაციის გზა არ დაჩქარდებოდა და საქართველო ამისთვის მადლიერი უნდა იყოს.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, უკრაინამ ომის მიმდინარეობის 10-თვის განმავლობაში აჩვენა საქართველოს, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა.

“10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ. ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, მთელმა საზოგადოებამ, გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისი ქვეყნის დაცვა. გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპის და ჩვენი, საქართველოს თავისუფლების დაცვა. რას ნიშნავს, როცა მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული, ამას ვამბობ, ასევე, საქართველოსთვის, რომ მაგალითი არის უკრაინა, როცა ერთიანი არის ქვეყანა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მისივე აზრით, საქართველოს ომში ჩართვის პოტენციალი არ აქვს, თუმცა მოძმე უკრაინელი ერის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს.

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია საფრთხის შემცველია, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და პოლონეთისთვისაც.

მისი თქმით, საერთო ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხე სწორედ რუსეთის ფედერაციამ შეუქმნა.

“გვახსოვს, 2008 წელი და საქართველო. გვახსოვს, ჩვენი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის წინასწარმეტყველური სიტყვები: დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და ბოლოს, იქნება პოლონეთი”, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

პოლონეთის პირველი პირი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინაში მალე დამარცხდება.

ანდჟეი დუდამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა, რომლის პასუხსაც ქვეყანა დეკემბერში ელოდება. მისი თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს.

“ვიმედოვნებ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი იქნება. ევროინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და პოლიტიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რასაც პოლონეთი მხარს ყოველთვის დაუჭერს” , – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილსა და ანდჟეი დუდას შორის სამუშაო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება იყო.

შეხვედრას რუსეთ-უკრაინის ომის განხილვის გარეშე არ ჩაუვლია. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპული 33 ქართველის ხსოვნას პატივი მიაგო.

საინტერესოა, მართლაც უკრაინისგან “ისწავლა” საქართველომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, თუ როგორ უნდა გავიგოთ, უცხო ქვეყნის საპრეზიდენტო ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი? – ამ კითხვით მედია სააგენტო “24”-მა მოსაზრება ქართველ პოლიტიკოსებს სთხოვა.

გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი გიგლა ბარამიძე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა მიაჩნია, რომ უკრაინა დღეს არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად იბრძვის.

“ჩვენ ჩვენივე ჯარისკაცებით საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და აღსადგენად თავისუფლების ფასი უკვე გადავიხადეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მშვიდობიანი გზებით ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ”, – განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს გიგლა ბარამიძემ.

რა კავშირი აქვს უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და რატომ ვისმენთ ბოლო დროს მსგავს პარალელებს, მაშინ, როდესაც საქართველომ თავისუფლებისა და საკუთარი მიწა-წყლის დაცვის მაგალითი მსოფლიოს არაერთხელ აჩვენა. ქვეყანამ რუსული აგრესიის ფასი მრავალჯერ გადაიხადა, მათ შორის 1989 წლის 9 აპრილს, 90-იან წლებში აფხაზეთში, 2008 წელს.

გიგლა ბარამიძის შეფასებით, ისტორიულად საქართველო ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ერთ-ერთი შემქმნელი და დამფუძნებელია. საქართველო რეფორმებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ არის, ამიტომ უკვირს, ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რატომ არ მიენიჭა.

“ვერ ვხედავ უკრაინის ომთან საქართველოს რაიმე კავშირს. ბოლო 10 წელია, საქართველოზე ბევრად უკან იყო მოლდოვაც და უკრაინაც, ამიტომ ჩვენ უფრო ადრე გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი”, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებას “ბლეფი და სისულელე” უწოდა პოლიტიკოსმა სოსო შატბერაშვილმა. მისი შეფასებით, დღეს უკრაინაში უკრაინელი ხალხის ბედი წყდება და არა საქართველოსი.

შატბერაშვილის აზრით, ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის “ხროვას” თავად უკრაინელები გაასამართლებენ.

“უკრაინის ხელისუფლება არის არა მარტო უკრაინელი ხალხის მოღალატე, არამედ ქართველი ხალხის მიმართ მტრულად განწყობილი. არახამია ამბობდა, ომი დამთავრდება თუ არა, მილიონიანი არმიით შემოვესევით საქართველოს და ჭკუას ვასწავლითო”, – ამბობს სოსო შატბერაშვილი.

მისი თქმით, საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან თავად ევროკავშირის ლიდერებმა გამოაცალკევეს და ამ ყველაფერს საფუძვლად გეოგრაფია დაუდეს.

დღეს რეალურად გვაქვს სურათი – უკრაინას რუსეთთან ომის, ხოლო მოლდოვას ომის საშიშროების გამო, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კი, 12-პუნქტიანი გაკვეთილის “კარგად შესწავლა” დაევალა.

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი