“გამაგებინეთ, რა სჭირს სააკაშვილს?” – რომელი ქვეყნის სპეცსამსახურმა მოწამლა ექსპრეზიდენტი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან

სოსო შატბერაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა ცნობილია. “ემპათიამ” აღნიშნული დასკვნა ექვსთვიანი მუშაობის, უფრო სწორად, დიდი წვალების შედეგად დადო. 3 ათას გვერდიან დასკვნაში, რომელიც პროფესიონალებს, დასკვნის ასოციაციას არ უტოვებს, დააფიქსირა, რომ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და მეორე – ის არის მოწამლული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ “იმპათიის” დასკვნა, სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო დაიწერა, რათა შემდგომ, უცხოურ მედიაში დაწერილიყო შეკვეთილი სტატიები ექსპრეზიდენტის წამებისა და მისი მოწამვლის შესახებ, რაც უკვე დაფიქსირდა კიდეც. სააკაშვილის წამებად ექსპერტი ჯიშკარიანი იმ ეპიზოდს ასახელებს, როდესაც ექსპრეზიდენტი ციხეში გადაიყვანეს, პატიმრების მხრიდან კი მისი მისამართით გინება გაისმა. ჯიშკარიანი გვარწმუნებს, რომ ასეთი მოპყრობა სააკაშვილს წამების მდგომარეობაში აყენებდა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტს, ამ ხმაურიან განაცხადს, ცალსახაა, რომ არც მესამე პრეზიდენტის დედა და არც თავად მსჯავრდადებული, ხელისუფლებას მოწამვლაში არ ადანაშაულებენ. სააკაშვილთან მისი ახლობლები და თანაგუნდელები შედიან. თუმცა, ვერსიის დონეზე გაისმა, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლესო. გიული ალასანიას სიტყვებია, – ჩემს შვილს ხელისუფლებასთან პრეტენზია არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის მოწამლული.

რამდენად სანდოა „ემპათიას“ დასკვნა, რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი, არის თუ არა ექსპრეზიდენტი მართლაც ხელისუფლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი? – ამ საკითხების ირგვლივ მედია სააგენტო “24”-ს “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი ესაუბრა.

– სააკაშვილი თუ მოწამლულია, პირველ რიგში, თვითონ უნდა თქვას, – მომწამლესო. ის აცხადებს, მოწამლული არ ვარო. ასევე დედამისი აცხადებს, – ნაკლებ სავარაუდოა ჩემი შვილი მოწამლული იყოსო, მაგრამ თუ მოწამლულია, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი მაინც არ არის, ეს უცხო ქვეყნის ბრალიაო. ამ უცხო ქვეყანაში, რას გულისხმობდა, არ დაუზუსტებია. ალბათ, რუსეთს გულისხმობდა. ყოველ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი მოწამლულია, თვითონ ხომ უნდა ამბობდეს ამას. მაგრამ იძახის, არ ვარ მოწამლულიო. რას დავუჯეროთ? გიული ალასანია ხან ამბობს, ჩემ შვილს აქანავებსო. ჩემმა შვილმა მითხრა, – მექანავება და ვაქანავებო. თქვა, ძვლის ტუბერკულოზი და ძვლის დაშლა აქვსო. ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, ფსიქიკის ჩამოშლა აქვსო. მერე კიდევ თქვეს, დემენცია აქვსო ანუ სკლეროზი და ჭკუასუსტობა. ტელევიზიებში დებატებისას ნაციონალებს ხშირად ვეკითხები – გამაგებინეთ, რა სჭირს სააკაშვილს, თანაც ისეთი, რომლის მორჩენაც საქართველოში არ შეიძლება. პასუხს ვერავინ მაძლევს. ნობელის პრემიის ლაურეატი შეუშვეს ბოლოს და ბოლოს და დასკვნა იმანაც ვერ დადო. ვინ არის ეს ქალბატონი ჯიშკარიანი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია და ამას ვიღაც ამერიკელიც ხელს აწერს. რა ვიცით, რომ იმ ამერიკელს ჯიშკარიანმა ნამდვილად სააკაშვილის ანალიზი გადაუგზავნა და არა ვინმე სხვისი?! ეს ჩვენ ხომ არ ვიცით. ნაციონალები და მათთან შემოკრებილი ხალხი ხომ ძირითადად აფერისტები, თაღლითები და ყველაფრის მკადრებელი ხალხია. შვილი არ ამბობს, რომ მოწამლულიაო. დედა არ ამბობს მოწამლულიაო და ვინმე ჯიშკარიანი ამბობს. თვითონ კლინიკა „ვივამედიშიც“ არაფერს ამბობენ მოწამვლაზე.

-სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, ჩემს შვილს საქართველოს ხელისუფლებასთან არ აქვს პრეტენზია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად, არ არის მოწამლულიო.

-მაშინ თქვას, ვისი მოწამლულია ან ვარაუდი მაინც თქვას. არაფერს ამბობს. რომ თქვას, რუსეთის მოწამლულიაო, ქალბატონი გიულის ძმა, თემურ ალასანია, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკია ანუ მაღალჩინოსანია. ე.ი. გამოდის, იმ ქვეყანამ, რომელსაც მისი ძმა ემსახურება, შვილი მოუწამლა? აბსოლუტური გაუგებრობაა, სისულელე და ჩემი პირადი აზრია, რომელსაც ბევრი ეთანხმება, სააკაშვილი არც მოწამლულია, არც ავად არის, არც დემენცია აქვს, არც ძვლის ტუბერკულოზი, არაფერი არ აქვს. ის ისევ მზად არის, როგორც გუშინ მიტინგზე ითქვა, ისევ მზად არის 100 ხინკალი შეჭამოს, ჯიგრიანად დააყოლოს ერთი ბოთლი არაყი და ზედ ტორტი დააყოლოს.

-ანუ ეჭვი გეპარებათ 6-თვიანი მუშაობის შედეგად დადებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ობიექტურობაში? იქ საუბარია ასევე, სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე და წამებაზე. წამებად შეფასდა ციხეში სააკაშვილის მისამართით პატიმრების გინების ფაქტი.

 

“გამოდის, რომ ქვეყანამ, რომელსაც თემურ ალასანია ემსახურება, დის შვილი მოუწამლა?”

– სააკაშვილმა მადლობა თქვას, რომ ამ ხელისუფლებამ საერთო კამერაში არ შეუშვა. მეტიც, მე მოვითხოვე, რომ ის უნდა შეეშვათ ე.წ. კანონიერი ქურდების კამერაში, გამოგვეყენებინა ეს შანსი და კამერაშიც ებრძოლა მათ წინააღმდეგ, თუ გმირია ეს ადამიანი. თუ 100 ხინკლის მჭამელია და ერთ ბოთლ არაყსაც ზედ აყოლებს, ბარემ “კანონიერ ქურდებს” ციხეშიც ებრძოლოს, თორემ პრეზიდენტის პოსტიდან ბრძოლა იოლია. მადლობა თქვას, რომ საერთო კამერაშიც კი არ შეიყვანეს. გინება იქ ენახა მაგას. სააკაშვილი არც არის, კლასიკური გაგებით, ციხეში. ის იმყოფება სანატორიუმში, სადაც ორ ოთახიანი ნომერი აქვს, თავისი საწოლით, რბილი ავეჯით, კომპიუტერით, ტელევიზორით და ყველა იმ სიკეთით, რითაც ბევრი პატიმარი ვერ სარგებლობს. თავს დასტრიალებს უამრავი ექიმი, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და წამება კი არა, როგორც იტყვიან, სანატორიუმშია. მაგრამ, არც ეს არ ყოფნის. ვინც სააკაშვილს იცნობს, მისი ერთ ადგილზე გაჩერება, ნამდვილად ტრაგედიაა. მე მას ვიცნობდი, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ერთად ვმუშაობდით. ფეშენებელური კაბინეტი ჰქონდა და იქაც კი ვერ ჩერდებოდა. ეს ის ტიპია, რომელმაც უნდა იმოძრაოს. ციხეს ვერ ეგუება, მაგრამ ჩემი ბრალია, რომ დანაშაული ჩაიდინა და სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა? კეთილი ინებოს და ციხის კედლებს შეეგუოს.

– ანუ არასწორია სააკაშვილის ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება?

-თუ მას რაიმე მოურჩენელი ჭირს, ქრისტიანი ვარ, შესაბამისად, ორივე ხელს ავწევ და ვიტყვი სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ იმ სახელმწიფოში, სადაც ეს დაავადება იკურნება. ანუ ის დაავადება თუ აქვს, რომელიც აქ არ იკურნება. თუმცა ამას წინათ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ თუ რამე ისეთი ჭირს, რომელიც აქ არ იკურნება, ჩვენ ექიმებს ჩამოვიყვანთ თავისი აპარატურით და აქ დავიწყებთ მის მკურნალობასო. იმიტომ, რომ პატიმრის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, ზეკანონიერი მოთხოვნაა – ჩვენი კანონით დაუშვებელია. ერთმა ნაციონალმა ისიც თქვა, იაპონიაში უნდა გადავიყვანოთო. თუ იაპონიაში ან სადმე შორეულ ქვეყანაში გადაიყვანეს, მაშინ მე და ჩემი პარტია მოვითხოვთ, ყველა ავადმყოფი პატიმრის იაპონიაში გადაყვანას, რადგან თუ სააკაშვილს ეკუთვნის იქ მკურნალობა და ქართველმა გადასახადის გადამხდელმა უნდა გადაიხადოს მისი მკურნალობის თანხა შორეულ ქვეყანაში, მაშინ სხვა პატიმრებიც უნდა გადაიყვანონ. სხვებმა, რა დააშავეს? საერთოდ, ძალიან სასაცილოები არიან სააკაშვილი და მისი გარემოცვა, როდესაც შეუთანხმებლად ლაპარაკობენ იმაზე, რა ჭირს სააკაშვილს. ყველა სხვადასხვას ლაპარაკობს.

 

“სააკაშვილი არც არის, კლასიკური გაგებით, ციხეში. ის იმყოფება სანატორიუმში, სადაც ორ ოთახიანი ნომერი აქვს, თავისი საწოლით, რბილი ავეჯით, კომპიუტერით, ტელევიზორით და ყველა იმ სიკეთით, რითაც ბევრი პატიმარი ვერ სარგებლობს”.

 

ერთმა განაცხადა, 14 დაავადება აქვსო. თუ 14 დაავადება აქვს, მაშინ აქ რომ მოდიოდა, ამის ნახევარი დაავადებები ხომ უკვე ჰქონდა, რატომ მოდიოდა? რატომ მოდიოდა 7 სახეობის დაავადების მქონე ადამიანი, ხომ იცოდა, რომ ციხეში ჩასვამდნენ? ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა – ჩამოვა, დავაპატიმრებთ! არ ვიცი, სააკაშვილი ვინ აცდუნა, მაგრამ მას ეგონა, რომ მისი ჩამოსვლის შედეგად მსოფლიო ფეხზე დადგებოდა და მსოფლიოს დედაქალაქებში მის გასათავისუფლებლად აქციები დაიწყებოდა. რომელ აქციებზეა ლაპარაკი, როდესაც ევროპის გული დუღს, მიწა იწვის, ბომბები ცვივა, უკრაინა მიწასთან არის გასწორებული და ამაზე არ ხდება აქციები მსოფლიოში. პირიქით, აქციები იმართება ევროპული სახელმწიფოების მთავრობების წინააღმდეგ, რომ შეწყვიტონ უკრაინის დახმარება, გაათბონ მოსახლეობა, ფასები დაწიონ პროდუქტზე, საწვავზე და ა.შ. და არა ის, რომ შეწყდეს უკრაინაში ომი და სააკაშვილი, ვის ახსოვს, გარდა იმ რამდენიმე სექტანტი მიშისტისა, რომლებიც ბოლო აქციის არ იყოს, ცარიელ კედლებთან მიდიან „ქართული ოცნების“ ოფისთან, როდესაც „ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ არიან, დარაჯები დგანან და ცარიელ კედლებთან აპროტესტებენ მიშა სააკაშვილის პატიმრობას. თუმცა, ბატონ ჭიჭე ვაშაძეს კი აქვს კედლებთან ლაპარაკის გამოცდილება.

– თუმცა გარკვეული დასავლელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და რომ ის მძიმე მდგმარეობაშია.

– აქ მოქმედებენ ლობისტური კომპანიები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფელაბში მოსვლამდეც კი იყვნენ მოსყიდულები. ლობიზმი ხომ, ცივილიზებულად რომ ვთქვათ, მექრთამეობაა. თავის დროზე უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რამდენი იხარჯებოდა სააკაშვილის ლობისტურ კომპანიებზე 2002-2007 წლებში, ამოვიღოთ ეს მონაცემები, რომელიც ფარული არ იყო, გამოდის, რომ 6-7 მილიონი დოლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა ლობისტური კომპანიების მოსასყიდად ძირითადად აშშ-ში. როგორც ჩანს, ახლა მას უფრო მეტი ლობისტური კომპანია ჰყავს ევროპაში ამოქმედებული, ვიდრე აშშ-ში. ამის მიზეზსაც გეტყვით – ჩვენი მისწრაფება, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და ამ უახლოეს ხანში კანდიდატის წოდება მივიღოთ, სწორედ ამიტომ მოქმედებს ევროპაში გაცილებით მეტი ლობისტური კომპანია, რომ სტატუსი არ მივიღოთ და ეს გახდეს საბაბი „შინ ევროპისაკენ“ მსგავსი აქციებისა. ამიტომ არიან გააქტიურებულები. განსაკუთრებით აქტიურობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის დეპუტატები და ე.წ. სოციალისტური ბანაკის დეპუტატები, რომლებიც თავის დროზე იმ ქვეყნის კომპარტიის წევრები იყვნენ და საბჭოთა კავშირის აგენტურას წარმოადგენდნენ. აი, ესენი არიან, ვინც ყველაზე მეტად ყვირიან, რომ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ.  განცხადება, რომელიც ჭიჭე ვაშაძის კარნახით დაიწერა ცოტა ხნის წინ, ეს იყო სამარცხვინო ამბავი. ბატონი ჭიჭე ვაშაძე ჩადის ევროპარლამენტში და აბეზღებს თავის ქვეყანას და ამბობს, – არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მეტიც, გაუუქმეთ ვიზალიბერალიზაცია სანამ სააკაშვილს არ გამოუშვებენო. ამაში გეთანხმებით, რომ ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი სადღაც 300-ზე მეტიც კი, რომელმაც სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო ბოლოს, სააკაშვილს ნამდვილად ლობირებს.

 

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი