ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი წლის მუზეუმად დასახელდა

კონკურსი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, ევროპის საბჭოს ეგიდითაა ორგანიზებული.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის, “EMYA – ევროპის წლის მუზეუმი 2023”- ის, ნომინანტი გახდა. ცნობილია, რომ კონკურსზე 33 მუზეუმია ნომინირებული.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს საქართველოს მუზეუმების გაერთიანებაში განუცხადეს, კონკურსი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ, ევროპის საბჭოს ეგიდითაა ორგანიზებული. მისი მიზანი, ევროპის მასშტაბით, სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშეწყობაა.

ევროპის მუზეუმების ფორუმი კი, საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას. კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება. ესენია: ევროპის წლის მუზეუმის პრემია, ევროპის საბჭოს პრიზი (გამარჯვებულს ევროპის საბჭო არჩევს), კენეტ ჰადსონის პრემია, სილეტოს პრიზი, პორტიმაოს მუზეუმის პრიზი (რომელიც 2019 წლიდან დაწესდა), მეივაერტის მუზეუმის პრიზი (მდგრადობა), სპეციალური აღნიშვნის პრიზი.

როგორც ცნობილია, EMYA 2023-ის წლიურ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიას, ბარსელონას ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ EMYA სამუზეუმო სფეროს ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, რომელიც 1977 წელს, მუზეოლოგმა კენეტ ჰადსონმა დააარსა.

 


როგორ დაარსდა თბილისში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმი?

ის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ, 1982 წლის 30 დეკემბერს დაარსდა. მაშინდელ ოქტომბრის რაიონში, კალინინის ქ. N 7-ში, ახლა კი, ეს ქუჩა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს.

ჯერ შენობის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით – მთლიანად შენობა, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს გადაეცა, რომელიც საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე 1957 წლის 3 აგვისტოს დაარსდა. მის ბაზაზე კი, 1987 წლის 27 ოქტომბერს, მწერლის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად, ახლანდელი მუზეუმი გაიხსნა.

1988 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს განკარგულების თანახმად, მუზეუმს ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ეწოდა.

ცნობილია, რომ 1888-1901 წლებში, თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. N 7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1902-1907 წლებში, ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები და ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისთვის, სწორედ ამ სახლს უკავშირდება.

აქვე იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. შენობაში ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“ იმართებოდა. სწორედ აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.

 

გთავაზობთ მწერლის მეგობრების მოგონებებს, ილიას სახლიდან.

 

 

ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი, გიორგი ჟურული პუბლიცისტის მასპინძლობას იხსენებდა:

„მასპინძელი დიდი თავაზიანობით და გულუხვობით უხვდებოდა თავის სტუმრებს. ახალი წლის მიგებების ღამე იყო და უხვად, თუმცა უპრეტენზიოდ გაშლილ სუფრის ირგვლივ ჩვენ ჟურნალისტ-ლიტერატორებს მოეყარათ თავი. ღამის 12 საათმა რომ დაჰკრა, გაიღო კარები და შემოვიდა სასადილოში „ივერიის“ ასოთამწყობთა დეპუტაცია. მათ თან მოიტანეს, ის-ის არის, ახლად დაბეჭდილი „ივერიის“ საახალწლო ნომერი, მიართვეს ილიას და თეფშზე დალაგებული ღვინით სავსე ჭიქებით მუშა-ასოთამწყობთა მონდობილობით, ადღეგრძელეს ჩვენი დიდი მწერალი”…

 

ქართველი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი იონა მეუნარგია, ილია ჭავჭავაძის სახლის შესახებ:

„მთავარი მაგიდა კაბინეტში სავსეა რაგინდარათი: წიგნებით, გაზეთებით, სამწერლო იარაღებით… აი აგერ ამომშრალი დიდი საწერელი, რომელშიც ვიღაცას მეორე მომცრო ტანის საწერელი ჩაუდგამს, აი შვლის ქანდაკება, რომელსაც რქაზე პოეტის ჩაჩი აქვს ჩამოცმული. აი გადაშლილი წიგნი, პაპიროსის ნამწვით შუაგულში, აი გლობუსი, საანგარიშე, სათვალე, გაზეთის ორიგინალები, ვეებერთელა წითელი ყარანდაში… თუ საღამოა ამ მაგიდასთან თვითონ რედაქტორი ზის და აქ ამ ვიწრო ქარხანაში მზადდება დღეს ის აზრი, რომელიც ხვალ შეიძლება სახელმძღვანელოდ გახდეს ყველა ქართველისთვის ბაქოდან დაწყებული სოხუმამდის და კავკასიის გარეთაც.“

და ნამდვილად, განუმეორებელი მწერლის მიერ გადმოცემული ბევრი ასეთი აზრი გახდა ქართველების სახელმძღვანელო. მწერალი ქართველებისთვის ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანის სახეა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. ილია ჭავჭავაძის სახელი კი, საუკეთესო ისტორიის ქრონიკების ფურცლებზე, საუკუნოდ ჩაიწერა.

 

ავტორი: სალომე ხომასურიძე

 

ფოტო: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი