ნინო ლომჯარიას საქმიანობის პოლიტიკური ელფერი – მოქმედ სახალხო დამცველს ვადა ამოეწურა
ახალ სახალხო დამცველს პარლამენტმა კენჭი პირველ დეკემბრამდე უნდა უყაროს. საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ წარმოადგინა. ვინ გახდება მომავალი სახალხო დამცველი, უცნობია.
საქართველოს სახალხო დამცველს – ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება ხვალ ოფიციალურად უწყდება. ომბუდსმენის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა ის 2017 წლის 30 ნოემბერს აირჩია. მისი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წამოაყენა, თუმცა სახელისუფლებო გუნდში მის მიმართ სრული ნდობა როდი იყო. ეს კენჭისყრის დღესაც გამოჩნდა, რადგან გაირკვა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” 5-მა დეპუტატმა ლომჯარიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. მიზეზი მარტივია – დეპუტატებს კარგად ახსოვდათ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ნინო ლომჯარიას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. ამიტომ, უმრავლესობის ამ დეპუტატებმა, ლომჯარიას ქცევაზე ომბუდსმენის რანგში, პასუხისმგებლობა ვერ აიღეს.
ახალ სახალხო დამცველს პარლამენტმა კენჭი პირველ დეკემბრამდე უნდა უყაროს. საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა არ წარმოადგინა. ვინ გახდება მომავალი სახალხო დამცველი, ჯერ უცნობია, ძველის მიმართ კი არამხოლოდ სახელისუფლო გუნდი, რიგი ოპოზიციური პარტიები და რეჟიმთან მებრძოლი ადამიანები, კრიტიკას არ იშურებენ. მათი აზრით, ლომჯარია შერჩევით იცავს, როგორც პატიმრების, ისე რიგითი ადამიანის უფლებებს.
მმართველი პარტიის კეთილგანწყობას ომბუდსმენი 5 წლის წინ თუ იმსახურებდა, დღეს, ვითარება რადიკალურად შეცვლილია და ნინო ლომჯარიას “ნაციონალური მოძრაობის” რიგით აქტივისტად მოიხსენიებენ. “ოცნების” დეპუტატების თქმით, ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
უფლებადამცველი, ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მედია სააგენტო “24”-თან 2017 წლის არჩევნებს იხსენებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” სახალხო დამცველის არჩევის საკითხში გლობალური დასავლეთისგან ყოველთვის დიდ წნეხს განიცდის. ასე მოხდა 2013 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა ვერ გაბედა სახალხო და დამოუკიდებელი კანდიდატების არჩევა და თავსმოხვეული კანდიდატი აირჩიეს უჩა ნანუაშვილის სახით. ასევე მოხდა 2017 წელს, როდესაც, მოულოდნელად, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
“ამ იძულებითი ნაბიჯის, პოლიტიკური ფასი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადაიხადა, იყო ის რომ ნინო ლომჯარიას მოღვაწეობა ამ 5 წლის განმავლობაში პოლიტიკური ასპარეზი იყო. ლომჯარიამ დაგვამახსოვრა თავი პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ე.წ. ოპოზიციას, რომელსაც გლობალური დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდა, ჩაენაცვლებინა არსებული სახელისუფლებო ძალა. ამ გზაზე ლომჯარია ახერხებდა წინ წამოეწია ისეთი საკითხები, რომელიც პირდაპირ ხელისუფლებას ურტყამდა” – განუცხადა “24”-ს უფლებადამცველმა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე განსაკუთრებულად, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ლომჯარიას მიერ მიზანმიმართულად ატეხილ ცრუ განგაშს გამოყოფს, რომელიც შეიძლება ითქვას, ფართომასშტაბიან, ანტისაეკლესიო, ანტიმართლმადიდებლურ და ანტიქართულ კამპანიაში გადაიზარდა.
“საქართველოს ეკლესია არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსთან კონსტიტუციური შეთანხმება გააჩნია, შეთანხმების მიხედვით საქართველოს ეკლესია არის სრულიად დამოუკიდებელი თავისი საქმიანობით და მასში სახელმწიფო როგორც ასეთი არ ერევა, გარდა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის შემთხვევებისა, სწორედ ეს დაიხვია ხელზე ნინო ლომჯარიამ და დაიწყო პროვოკაციების სერია. მათ გამოიყენეს ერთ–ერთი ბენეფიციარი გოგონა. ის წლების განმავლობაში იზრდებოდა პანსიონში და შემდგომ ნათესავებმა, ბიცოლამ და ბიძამ, წაიყვანეს, თუმცა მათთან ხუთი თვის ცხოვრების შემდეგ კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც მინდობით აღზრდისა და დროებითი თავშესაფრების საკითხებით არიან დაკავებული”, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე ინფორმაციით, ზუსტად ამის შემდეგ, მოულოდნელად შედის განცხადება ნინოწმინდის პოლიციაში გოგონას ხელმოწერით, რომ რამდენიმე წლის წინათ ის პანსიონში გააუპატიურეს.
“განცხადების საფუძველზე საქმე აღიძრა და დაიწყო გამოძიება, მაგრამ, როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა, ბავშვს გაუპატიურების კვალი არ აღენიშნებოდა. ცხადია, გამოძიებამ დაიწყო ფიქრი, რომ საქმის წარმოება შეეწყვიტა, მაგრამ კონსპირატორებისთვის, კოლექტიური ლომჯარიებისთვის, ეს არ იყო მისაღები. ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ბავშვთა სახლში რეორგანიზაცია დაწყებულიყო. ასეთი პროვოკაციული, და ცილისმწამებლური პოლიტიკის გატარებით ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოსთან ერთად მმართველ პარტიასაც დაარტყა, რადგან რეალურად პანსიონატი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ არსებობდა. ამას მოჰყვა პოლიტიკური განცხადებებიც, რომ საქართველოს ხელისუფლება პედოფილებს მფარველობს. ეს ყველაფერი კი გლობალური დასავლეთის წისქვილზე ასხამდა წყალს”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ნინო ლომჯარია განსაკუთრებულად ლოიალური პატიმარი სააკაშვილის მიმართ აღმოჩნდა. მსგავს განცხადებებს მაშინ მრავლად ნახავდით. მსჯავრდადებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის ერთ-ერთი მოთავე სწორედ ლომჯარია იყო. მისმა ამ ქმედებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ძალიან საყურადღებოა, რომ არა თუ სახალხო დამცველის აპარატმა, არამედ თავად ნინო ლომჯარიამ მოიწვია კონსილიუმი პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად. ეს კონსილიუმი კი, რეალურად “ენმ”-ს პოლიტიკური საბჭოს წევრებისგან შედგებოდა.
“აი, ნახეთ, აქაც სახალხო დამცველის პოლიტიკურ კონიუქტურაში ყოფნის ფაქტი, რომ მან კონსილიუმში სააკაშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები მოიწვია. რაც მთავარია, ამ მოწვეულმა კონსილიუმმა ვერ შეძლო საბოლოო დასკვნის დადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსთან დაკავშირებით. სააკაშვილს არ აღმოაჩნდა არცერთი მომაკვდინებელი დაავადება, მას რომ ჰქონოდა ლოგიკურად ერთი ნოზოლოგია მაინც, დაახლოებით რა ამბავი მოჰყვებოდა ამას ხომ, ვხვდებით? ევროპის საბჭო თბილისში გადმოვიდოდა”, – განუცხადა “24”-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას, როგორც სახალხო დამცველის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების მიმართ ინტერესი იწყება და მთავრდება მიხეილ სააკაშვილის თემით.
დიმიტრი ლორთიფანიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიას 5-წლიანი ომბუდსმენობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ის იყო “პოლიტიკური ინსტრუმენტი გლობალური დასავლეთის ხელში, მისი თითოეული განცხადება, თუ ქმედება წლების განმავლობაში ქვეყნის ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ იყო მიმართული”.
საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ხვალ, 8 დეკემბერს ეწურება.
ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევას უკავშირდება. ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90 – ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიონ.
ელენე ვადაჭკორია