საქართველოში “დაწუნებული” მტკიცებულებები უცხოურ პრესაში წარმატებით იყიდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე უცხოურ მედიაში აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო. საბერძნეთის პრესაში უკვე 14-ზე მედია სტატია გამოქვეყნდა მსჯავრდადებული სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ყველა მათგანი ცენტრ “ემპათიას” სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზეა აგებული, სადაც საუბარია მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიმართ წამების ფორმების გამოყენებასა და მის მოწამვლაზე.

მარიამ ჯიშკარიანის ამ მეტად ხმაურიან დასკვნას “ბოლს” უწოდებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მისი შეფასებით, მტკიცებულების გარეშე მიღებულ მსგავს დასკვნას, სასამართლოში ძალა ვერ ექნება და რეალურად დაუშვებელი მტკიცებულებაა.

ცენტრ “ემპათიას” დასკვნის საფუძველზე, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოსგან ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ან პატიმრობიდან განთავისუფლებას მოითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლეს უკვე ჩაბარდა, თუმცა ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

ყოფილი პოლიტპატიმარი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ემპათიის“ დასკვნას არ ენდობა. მედია სააგენტო “24”-ის კითხვაზე, არის თუ არა “ემპათიას” დასკვნა უცხოელებზე და დასავლურ პრესაში პიარკამპანიაზეა გათვლილი, კაკაბაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე “ემპათიას” ხელმძღვანელის სიტყვიერი განცხადების გარდა არავითარი ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს დასკვნა, დაავადებისა, რომელიც აცილების ან სასჯელის გადავადებისთვის გამოდგება. სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა თვითონ ამ ორგანიზაციის – “ემპათიას” და მისი ხელმძღვანელის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და კვალიფიკაცია.

მას მერე, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს სააკაშვილის განთავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართა, მასმედიის საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა კვალიფიციური და მიუკერძოებელი ექსპერტის პოზიცია, რომ “ემპათიას” ხელმძღვანელის სიტყვებს არ ამყარებს ოფიციალური დასკვნა.

საინტერესოა, დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში აქამდე თუ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც მსჯავრდადებული სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში გადაუყვანიათ და მსგავს ზომას ითვალისწინებს თუ არა ქართული კანონმდებლობა?

როგორც ნანა კაკაბაძემ “24”-თან საუბრისას განმარტა, ასეთი ფაქტი დღემდე არ ყოფილა.

 

მისივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, “ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით”, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა სააკაშვილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მას 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში აუკრძალა საქართველოში ოფიციალურ თანამდებობაზე მუშაობა.

ექსპრეზიდენტი გასამართლებულა აგრეთვე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეში გამოჩენილი “ძალადობისა და მოვალეობის ბოროტად გამოყენების” ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, სანდრო გვირგვლიანის საქმეშიც მსგავსი ბრალდებით სამწლიანი პატიმრობა გამოუტანა.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, რომელიც წლების განმავლობაში ჰოლანდიაში ცხოვრობდა, ბრალი ედება ასევე 2007 წელს ოპოზიციური აქციების დარბევაში, ტელეკომპანია “იმედის” დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაყადაღებაში, კორუფციაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე დააკავეს.

პატიმარ ექსპრეზიდენტის შესახებ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს მმართველი პარტიიდან გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულს ლობისტური მუშაობის შედეგი უწოდა. მისი თქმით, შეკვეთილი სტატიების მიზანია, საქმე გაცდეს სამართლებრივ და სამედიცინო ჩარჩოებს და პოლიტიკურ საკითხად იქცეს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე სამართლებრივ სივრცეში დარჩეს. რაც შეეხება სამედიცინო საკითხებს, მნიშვნელოვანია ექიმების მოსაზრება და არა პოლიტიკური შინაარსის სტატიები.

“ვნახეთ ლობისტურ ჯგუფთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც საჯაროც კი არის, შესაბამისად, ვნახეთ ლობისტური მუშაობის შედეგი, ეს არის შეკვეთილი სტატიები. ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სრული გახსნილობა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფაზე. რატომ აქვს მისჯილი სასჯელი იმ ორ საქმეზე? სტრასბურგის სასამართლომაც ზუსტად იგივე თქვა, რაც თქვა საქართველოს სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე. მთავარი ახლა არის ერთი რამ, ყველა დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ, პიარ-საკონსულტაციო კომპანია “გლობალ პოინთთან”, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.

ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კი განმარტავს, რომ “გლობალ პოინთთან” თანამშრომლობს, რათა პიარკომპანიით პარტნიორებს სააკაშვილთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა ორგანიზაციამ, “გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალმა” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.

ბერძნული პრესა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ციხეში მოწამვლასთან დაკავშირებით შემდეგი სათაურებით:

“კრემლის შხამი ქართულ ციხეებში! მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს”; “სააკაშვილის სიკვდილის რისკის გაზრდა გარდაუვალია სათანადო მკურნალობის გარეშე, რომელიც ან არ არის საქართველოში ან უბრალოდ ზემდგომები უარზე არიან”; “საქართველო: მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში “მოწამლეს”; “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სიკვდილს ებრძვის – ის ციხეში მოწამლეს”;

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი