ვისი ან რისია კაბელი, რომელიც პოლიტკოვსკაიას ქუჩის ტროტუართან არის ჩამოვარდნილი

გარე განათების ბოძთან, რამდენიმე დღეა კაბელია ჩამოვარდნილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილობრივების თქმით, კაბელში დენი გადის.

თბილისში, ნიუტონის სკოლის მიმდებარედ, პოლიტკოვსკაიას ქუჩის ტროტუარზე, გარე განათების ბოძთან უკვე რამდენიმე დღეა კაბელია ჩამოვარდნილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილობრივების თქმით, კაბელში დენი გადის.

ფაქტის ამსახველ ფოტოს ქუჩის მცხოვრებლები სოციალურ ქსელში საკუთარ კომენტარებთან ერთად აქვეყნებენ:

“გამთენიისას ძაღლი ქუჩაში მყავდა გამოყვანილი, სინათლის ბოძთან რომ მივიდა ძაღლმა კანკალი დაიწყო და დაეცა, მივარდი მეც უნდა ამეყვანა და დენმა დამარტყა. მოვიდეს ვინმე მოგვაქციონ ყურადღება”.

“პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დენის კაბელის პრობლემა მარტივად გადაიჭრა, მოვიდნენ და ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ეს ნიუტონის სკოლასთან ჩასავლელი გზაა, რომელსაც ყოველდღე უამრავი ბავშვი გადის, მათ შორის ჩემი შვილიც. ჩემმა შვილმა უკვე იცის, რომ არ უნდა შეეხოს შადრევანს, ქარის დროს მოერიდოს გაჩერებაზე დგომას, შუქნიშანთან ახლოს გავლას, სკოლასთან დადარაჯებულ უცხო ადამიანების მანქანით გასეირნების შემოთავაზებებს, ხეებს, ბალახებს და ჰერსაც თუ გამოიზოგავს ფილტვები გამონაბოლქვისგან რომ არ აევსოს და სისხლი ტყვიით, უკეთესი იქნება”.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სინათლის ბოძი ამჟამად ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ვის ეკისრება ამ კაბელზე პასუხისმგებლობა, ვის ევალება მისი მოწესრიგება, ამის გარკვევას მედია სააგენტო “24” მთელი დღის განმავლობაში ცდილობს. პირველად ენერგო კომპანია “თელასს“ დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ და დაადგინეს, რომ არც ბოძი და არც კაბელი მათ სამსახურს არ ეკუთვნის.

“შევამოწმეთ აღნიშნული ფაქტი. ადგილზე იყვნენ თელასის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები. ეს ბოძი და კაბელი ეკუთვნის არა “თელასს”, არამედ თბილისის მერიის გარე განათების სამსახურს”, – განაცხადეს “თელასში”.

ამის შემდეგ “24” ვაკის რაიონის გამგეობას და თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ გარე განათების ბოძი და კაბელი შემოწმდა და ის სრულიად უსაფრთხოა გამვლელებისთვის. მათი ინფორმაციით, ოპტიკური სადენი კომპანია “სილქნეთს“ ეკუთვნის.

“ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე “თბილსერვის ჯგუფისა“ და კომპანია “თელასის“ წარმომადგენლები მივიდნენ შესამოწმებლად. მათ მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სადენი სრულიად უსაფრთხოა და საშიშროებას მოქალაქეებისთვის არ წარმოადგენს”, – განუცხადეს “24“-ს თბილისის მერიაში.

მათივე თქმით, ინფორმაცია მუნიციპალურ ინსპექციას გადაეცა, რათა სადენები მოწესრიგდეს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში კომპანია “სილქნეთი“ დაჯარიმდება.

ამის შემდეგ მედია სააგენტო “24” სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტს” დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა კომპანიაში მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ფაქტზე მყისიერი რეაგირება მხოლოდ “24”-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინეს, მოგვიანებით კი შეგვატყობინეს, რომ დენის კაბელი არც მათი არ არის.

“ადგილზე შესაბამისი ჯგუფები გავგზავნეთ, შეამოწმეს და დენის კაბელი “სილქნეტის” არ აღმოჩნდა”, – განაცხადეს კომპანიაში.

საბოლოოდ, კითხვაზე თუ ვისია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული განათების ბოძი და კაბელი, პასუხი არავის აქვს. მომხდარზე პასუხისმგებლობას, არც თბილისის მერია, არც “თელასი“ და არც “სილქნეტი“ არ იღებს.

 

ინგა ფუტკარაძე


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი