რას გვირჩევს ODIHR-ი და ვენეციის კომისია საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად  

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ვენეციის კომისიის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი მოსაზრების პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

დოკუმენტის არაოფიციალურ თარგმანში, ODIHR-ი და ვენეციის კომისია გამოხატავენ იმ სამ ძირითად ელემენტს, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობაში წარმატებული ცვლილება უნდა ემყარებოდეს. მათი თქმით, კანონმდებლობის სწორ ცვლილებას განაპირობებს: 1) ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინარე რეკომენდაციებს; 2) კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ; 3) პოლიტიკური ნება ამგვარი კანონმდებლობის კეთილსინდისიერად და სრულად განსახორციელებლად.

„კონკრეტულად, ODIHR-ი და ვენეციის კომისია ხაზს უსვამენ, რომ კონსულტაციების ღია და გამჭვირვალე პროცესი და ამგვარი კანონმდებლობის მომზადება, ზრდის რწმენას და ნდობას მიღებული კანონმდებლობისა და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია და ODIHR-ი ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოებრივი ნდობის წინაპირობას და იგულისხმება, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური  ელემენტები, უნდა შეიცვალოს შემდეგ არჩევნებამდე საკმაო დროით ადრე. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ODIHR-ის წინარე საარჩევნო ანგარიშებსა და ODIHR/ვენეციის კომისიის ერთობლივ მოსაზრებებში, რომლებიც ეხება საქართველოში არჩევნებსა და საარჩევნო კანონმდებლობას, მეორდება რეკომენდაცია, რათა ჩატარდეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი, სისტემური ანალიზი ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის განხორციელებით, რათა ეს კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ეუთო-ს ვალდებულებებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკას.

მოცემული ცვლილებები ნაწილობრივ ცდილობს ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა არ ეფუძნება საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს და შეეხება მხოლოდ შერჩეულ საკითხებს. ეს იყო და კვლავაც შესაძლოა, იყოს ყოვლისმომცველი რეფორმის საშუალება, რომელიც საქართველოს კონტექსტში ხელს შეუწყობდა საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმდინარე მცდელობებს, საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი გადახედვის საჭიროების აღმოფხვრის გზით.

ეს ერთობლივი მოსაზრება მიესალმება დადებით ცვლილებებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობის გაძლიერების წინარე რეკომენდაციებს. ამ ცვლილებებს შორისაა შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის, ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად, დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში.

მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას და ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას.

ზოგადად, ვენეციის კომისია და ODIHR-ი იძლევიან რეკომენდაციას, განხორციელდეს რეკომენდაციები, მოცემული მათ ბოლო მოსაზრებებში, ისევე როგორც ODIHR-ისა და საპარლამენტო ასამბლეის არჩევნებზე სადამკვირვებლო ანგარიშები. ის საარჩევნო საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით არაა შესული ცვლილებების პროექტში, შეეხება, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო ოლქების დელიმიტაციას, შემზღუდავ ბინადრობის ცენზის მოთხოვნებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო კანდიდატებისათვის და სხვა არასათანადო კრიტერიუმებს ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშვებადობაზე, დამატებით ასპექტებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან მიმართებით, დებულებებს ოფიციალური თანამდებობის ბოროტად გამოყენების თაობაზე საარჩევნო კამპანიების მიზნებისათვის, მაღალი ზღვარი საარჩევნო შემოწირულობებისათვის, რაც გავლენას ახდენს თანასწორი საარჩევნო გარემოს არსებობაზე, შემდგომი რეგულირება და ზედამხედველობა საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე, მედიაკამპანიების რეგულირების შემდგომი დახვეწა, ჩარჩოს გაძლიერება საარჩევნო დავების მოსაგვარებლად ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველსაყოფად, ხმების გადათვლა და გაუქმება და ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისათვის მიმართული ზომები.

შესაბამისად, ვენეციის კომისია და ODIHR-ი იმეორებენ თავიანთ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით. ამავდროულად, ხაზგასმულია, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას არსებული კანონმდებლობის კეთილსინდისიერად განხორციელების, წესების ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების მეშვეობით. ეს ნაწილობრივ დამოკიდებულია ყველა აქტორის პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია სრულად დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია მოსაზრებების პროექტში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებულ კანონპროექტებში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, ODIHR-ი და ვენეციის კომისია ადგენენ შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შემდგომ გაუმჯობესებას:

ა. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების ფორმირებისას რეკრუტირებისა და შერჩევის პროცესის უფრო მეტად გაძლიერება შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების, ასევე შერჩევის პროცესის გამჭირვალობის გაუმჯობესების გზით;

ბ. ქალაქის მერობისა და მუნიციპალური საბჭოების კანდიდატებისთვის ბინადრობის კრიტერიუმის შემდგომი შემცირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

გ. ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის რეგულირების ჩარჩოს დაფუძნება, რომელიც შეესაბამება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას, გასაგებია რიგითი მკითხველისთვის და საკმაო ხნით ადრე მოიცავს ნებისმიერი ახალი ელექტრონული საშუალების გამოყენების გეგმას, ამომრჩევლის ეფექტიანი განათლებითა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ტრენინგების ჩატარებით, ასევე იმ ყველა მექანიზმის შექმნითა და განხორციელებით, რომლებიც უზრუნველყოფს სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას;

დ. გადათვლის ჩატარების მკაფიო და ყოვლისმომცველი კრიტერიუმების დადგენა.

„დამატებით, ODIHR-ი და ვენეციის კომისია იძლევიან შემდეგ რეკომენდაციებს:

ე. საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის არსებითად ღია, კონკურენტული და მიღწევებზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ასახავს კანონმდებლობაში მოცემულ ძირითად პრინციპებსა და გარანტიებს;

ვ. პარტიის მიერ დანიშნული წევრებისთვის სტანდარტიზებული ტრენინგსერტიფიცირების მოთხოვნების გაფართოება და სერტიფიკატების ვადის გასვლის დადგენა იმისათვის, რომ შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ უახლესი ინფორმაციის შესახებ ტრენინგები;

ზ. სამართლებრივი კრიტერიუმების განმარტება იმაზე, თუ რომელ საარჩევნო უბნებზე იქნება გამოყენებული ელექტრონული საშუალებები;

თ. სულ ცოტა, გარდამავალი პერიოდისთვის მაინც, ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნება იმ უბნებისთვის, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული საშუალებები, როგორც რეგულარული უბნები, ან სულ ცოტა, მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა ამ უბნებისთვის. დროულად მოხდეს ამომრჩევლების ინფორმირება, თუ ხდება უბნების შერწყმა ან ამომრჩევლების გადაწერა ახალ საარჩევნო ლოკაციებზე;

ი. კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებისთვის, კონვენციური საშუალებების (ისეთის, როგორიც არის საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის გამოყენება და იმ ამომრჩევლის მარკირება, რომელმაც ბიულეტენი გამოიყენა) შენარჩუნების უზრუნველყოფა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება ელექტრონული საშუალებები; და კანონში მკაფიოდ მითითება, რომ ელექტრონულ და ხელით დათვლას შორის განსხვავებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელით დათვლას. მკაფიოდ განმარტება, რომ ტერმინი „ელექტრონული კენჭისყრა და დათვლა“, რომელიც კანონპროექტშია გამოყენებული, ეხება იმ სპეციალურ ქაღალდის ბიულეტენებს, რომლებიც სკანირდება და ითვლება ელექტრონულად და არა ელექტრონული კენჭისყრის მანქანების გამოყენებას;

კ. ყველა რელევანტური უწყების ძალისხმევის კონსოლიდირება შეზღუდული გადაადგილების მქონე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ადგილების ადაპტირების მიმართულებით, და უზრუნველყოფა, რომ ადაპტირებული საარჩევნო შენობები ახლოს არის იმ ადგილებთან, რომლებიც ჯერ არ არის ადაპტირებული;

ლ. განხილულ იქნეს შეზღუდვების გაფართოება, სულ ცოტა, ბოლო ორი არჩევნებისთვის პარტიასთან აფილირებულ დამკვირვებლებზე;

მ. უფრო სრულყოფილი და სისტემატური რეგულაციის შემოღება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის წინა ერთობლივ მოსაზრებებში გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად;

ნ. საარჩევნო კოდექსის 77(2) მუხლის ქვეშ საჩივრებისა და აპელაციების წარდგენისა და განხილვის ვადების მეტად გაფართოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ეს და დამატებითი რეკომენდაციები მოცემულია ამ ერთობლივი მოსაზრების ტექსტში.

რამდენადაც საქართველო მუშაობს, რათა წინ წასწიოს ევროკავშირში საკუთარი გაწევრიანების განაცხადი, ODIHR-ი და ვენეციის კომისია მოუწოდებენ ხელისუფლებას, რათა გამოიყენონ ეს, როგორც მოტივაცია დემოკრატიული პროცესის შემდგომი გამყარებისათვის. ყველა სახელმწიფომ უნდა აღიქვას დემოკრატია, როგორც დინამიური პროცესი, რომელიც საჭიროებს მუდმივ დიალოგს, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას და ხელს უწყობს თანამშრომლობის სულისკვეთებას ყველა მონაწილე მხარეს შორის საერთო კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პროექტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვენეციის კომისია და ODIHR-ი გამოთქვამენ მზაობას, დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მის შემდგომ სრულყოფაში.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი