“ამისთვის ადამიანის დასჯა?” – რაზე მოუწევთ უარის თქმა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს

ბოლო დღეებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია იმაზე, უნდა ჩამოერთვათ თუ არა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოქალაქეობა.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფ ქართველებს არავინ აწვდის ინფორმაციას იმ კანონის შესახებ, რომ, როდესაც სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხებიან, საქართველოს მოქალაქეობას კარგავ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფი პირი, საქართველოს მოქალაქე კანონმდებლობით აღარ იქნება, თუმცა იქვე განმარტა, რომ კანონი მოხალისეებზე არ ვრცელდება.

“თუ ვიღაც მიდის საქართველოდან, ირიცხება უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, გამოდის რომ ის უკრაინის მოქალაქე ხდება”, – აცხადებს კობახიძე.

“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები უკრაინაში წასულმა მებრძოლებმა და ოპოზიციამ დაღუპული მეომრებისა და უკრაინაში მყოფი ქართული ლეგიონის დისკრედიტაციად შეაფასა, რაც მათი აზრით, რუსული დავალებაა.

“ჩვენ უკრაინაში მოხალისეებად ვიმყოფებით. როგორ ფიქრობს იურისტი მამუკა მდინარაძე, რომ ჩვენ მისი სიტყვების გამო მოქალაქეობა უნდა ჩამოგვერთვას?” – აცხადებენ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ უკრაინაში წასული მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საუბარი ივანიშვილის რეჟიმისთვის უკვე განაჩენია და გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს ივანიშვილი, ზუსტად არავინ იცის.

საინტერესოა, რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის ბერკეტი, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოქალაქეობა ჩამოართვას?

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძე აღნიშნავს, რომ უკრაინაში მყოფი ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არაკონსტიტუციური იქნება. მისივე განმარტებით, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში მართლაც არის ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (დაკარგვის) საფუძველი გახდეს. თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს ნორმა შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვეულებრივ, არასაომარ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში სამსახურის ენთუზიაზმი არ გაუჩნდეთ.

მისი შეფასებით, ეს ნორმა არ შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი დაისაჯოს, რომელიც გმირობასა და სიმამაცეს იჩენს მეგობარი ერის, უკრაინელთა მიმართ.

“ამისთვის ადამიანის დასჯა იგივეა, რომ შემთხვევითი გამვლელი დასაჯო, რომელიც ქუჩაში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლს გამოექომაგა და ყაჩაღის განეიტრალებაში მიიღო მონაწილეობა”, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი