მოქანავე ლოდი, ქვაყუნტია, მიწაძიგძიგას ტბა, მოდინახე – იმერეთის ძეგლები და ლეგენდები ერთ წიგნში

“აფხაზეთში ჩასვლის შესაძლებლობა რომ გვექნება, შესაძლოა იმერეთის ძეგლებმა პოპულარულობაც კი დაკარგონ” – ინტერვიუ გიორგი დვალაშვილთან

გიორგი დვალაშვილი

გეომორფოლოგ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის ავტორობით წიგნი “იმერეთის 100 ძეგლი” გამოიცა. წიგნი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით. ის გიდებისთვის, ადგილობრივი და უცხოეთიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის ერთგვარი გზამკვლევიც არის.

წიგნში გაერთიანებულია იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის კურორტები, მუზეუმები, ბუნების საინტერესო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რუკები, ობიექტების ადგილმდებარეობა, მდებარეობა ზღვის დონიდან, გრძედები, განედები, მისასვლელი გზები, დაშორება თბილისიდან, მოკლე ცნობარები, ლეგენდები და თქმულებები.

როგორ დაიბადა იმერეთის 100 ძეგლის ერთ წიგნში თავმოყრის იდეა, რა წინააღმდეგობებსა და საინტერესო ფაქტებს გადააწყდა საკვლევ მასალაზე მუშაობისას, ასევე, საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი ძეგლების შესახებ მედია სააგენტო “24” -ს გიორგი დვალაშვილი ესაუბრა.

 

https://24media.ge/wp-content/uploads/ცუცხვათის-მღვიმე.jpg

ცუცხვათის მღვიმე

 

-გვიამბეთ თქვენი წიგნის შესახებ. რა პრინციპით შეირჩა იმერეთის რეგიონი და კონკრეტული ძეგლები?

-წიგნი გამომცემლობა “კლიოს” მიერ განხორციელებული პროექტების – “საქართველოს 100 კურორტი”, “საქართველოს 100 მუზეუმი”, “საქართველოს 100 ბუნების საოცრება” – გაგრძელებაა. მუნიციპალიტეტებში ძეგლების რაოდენობა ტერიტორიისა და დასახლებული პუნქტების მიხედვით შეირჩა. ზოგ მუნიციპალიტეტში 6 ძეგლია, ზოგან – 10. თანაბრად რომ შეგვერჩია, მსოფლიო მნიშვნელობის ზოგიერთი ობიექტი წიგნში ვერ მოხვდებოდა.

 

-რომელ ძეგლს გამოარჩევდით?

-ქუთაისში გამორჩეულია მუხრანის ტყე, სადაც 2 მაისობის დღესასწაული ტარდება. ეს ერთ-ერთი უნიკალური ტყის კორომია და ბევრი ამ ტყეს საფიჩხიის ტერიტორიის სახელით იცნობს. ქუთაისში არის უნიკალური ბოტანიკური ბაღიც. ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს იაზონის მღვიმეს, მაგრამ ის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. მდინარე წყალწითელას ბევრი ადამიანი სტუმრობს, მაგრამ ამ მღვიმის შესახებ, ინფორმაცია არ აქვთ. მაგალითად, გიდებმა პირველად გაიგეს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი და მოწამეთა ეკუთვნის ტყიბულს და არა ქუთაისს.

 

ხახიეთის ტბა

 

საინტერესოა, რომ იმერეთის 100 ძეგლიდან, ერთი ობიექტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. კონკრეტულად, 1991 წელს მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ხახიეთის ტბა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძალიან ცოტა ვიზიტორმა თუ იცის, ისეთი საინტერესო ადგილები, როგორიცაა ბუჯას ხეობა, ბუჯას ციხე და ბუჯას ეკლესია. ერთ-ერთ ძეგლს საგელათოს ტერიტორია ჰქვია, რომელიც ისტორიული საქარავნე გზაა შორაპნიდან გელათამდე.

აღსანიშნავია, რომ თერჯოლაში, მდინარე ძუსის ხეობაში, ევრაზიაში ერთადერთი, 60 მილიონი წლის წინანდელი ნიანგის ნაფეხურია. სამწუხაროდ, ეს ადგილი დაცული არ არის, რადგან წყალმა შეიძლება ჩარეცხოს ან კიდევ ვიზიტორს ფეხი დაუცურდეს და 8 მეტრის სიღრმის მდინარეში გადავარდეს.

 

ნიანგის ნაფეხური

 

უნიკალური აღმოჩენა იყო ხონის მუნიციპალიტეტში დიდღვაბუნას ტბა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივებმა თუ იციან. ტბასთან ახლოს სოფელი ხიჩია, სადაც პომპეუსის (რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. რედ.) მიერ აშენებული ხიდის ფრაგმენტებია შემორჩენილი, თუმცა მეფის რუსეთის დროს, ამ ხიდის გარკვეული ნაწილი, დაანგრიეს.

წიგნში ტყიბულიდან შესულია მსოფლიოში ყველაზე მაღალსართულიანი ცუცხვათის მღვიმე. აღსანიშნავია, კურორტი სამტრედია. თუმცა იქ არსებული წყლის უზარმაზარ ნაწილს სათბურებისთვის იყენებენ და ყოველდღიურად დიდი ოდენობით, უნიკალური წყლის მარაგი იკარგება.

 

– წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ აქ ლეგენდების შესახებაც გვიყვებით, რამდენიმე ლეგენდაზე რომ გვიამბოთ.

– ბაღდათში არის ჩემთვის ფავორიტი ადგილი ქვასაყდარა. როგორც ჩანს, აქ 20 საუკუნის წინ, ანდრია პირველწოდებულის მიერ ქვის საყდარი აიგო.

ასევე, ბუნების საოცრებაა ჭიათურის მოქანავე ლოდი, ადგილობრივები “ქვა ყუნტიას” ეძახიან, რადგან ქვა მოძრაობს ანუ ყუნტაობს. იქვეა მიწაძიგძიგას ტბა, მოსახლეობის თქმით, აქ მიწა ძიგძიგებს ხოლმე.

საინტერესოა მოდინახეს ციხე, რომელსაც სიყვარულთან დაკავშირებული ლეგენდა აქვს. პაპუნა წერეთელმა, როდესაც დააპირა ცოლის შერთვა, სასიმამრომ უთხრა, შვილს ვერ გამოგაყოლებ ციხე არ გაქვსო. წერეთელმა უპასუხა, ვეცდები ციხე-სიმაგრე ავაშენო და როდესაც ააგო, შეუთვალა სიმამრს, – მოდი ნახე მაქვს თუ არა ციხეო.

 

ყვასაყდარა

 

– მთელი ამ მასალის მოგროვება შრომატევადი საქმეა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თუ გეხმარებოდნენ?

– თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ბევრჯერ ვცადეთ, თუმცა ორმხრივი თანამშრომლობა არ შემდგარა. აქტიურად ვთანამშრომლობთ ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან, რომელთან ერთადაც იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი მოვიარეთ. სამწუხაროდ, ადგილზე სახარბიელო სიტუაცია არ დაგვხვდა. ზოგ მუნიციპალიტეტსა და მერიაში შეხვედრები ვერ შედგა. მერები არ დაინტერესდნენ ჩვენთან თანამშრომლობით, 5%-ითაც ვერ გამართლდა ჩვენი მოლოდინი. განსაკუთრებით სოფლის რწმუნებულებზე უნდა ვთქვათ, რომ წიგნის წარდგენის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, რწმუნებულები შეხვედრას ტოვებდნენ. 10 წუთის შემდეგ 10 ადამიანი გადიოდა, 20 წუთის შემდეგ 20 ადამიანი. ბოლოს 3-4 კაცი თუ დარჩებოდა.

ქუთაისში არც გიდებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა აქტიურობა იყო მაღალი. მეუბნებიან, იმდენი ინფორმაცია გვაქვს მუნიციპალიტეტებზე, რაღა უნდა გააკეთოთო. ეს ინფორმაცია, რაც ერთად თავმოყრილი წიგნში გვაქვს, ვერსად ვნახე და თუ არის სადმე, ღრმად შემონახული თაროზე, არ ვიცი.

პრობლემაა მედიაში გაშუქების თვალსაზრისითაც. ტელევიზიები ასეთი თემებით აღარ ინტერესდებიან, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

ქვაყუნტია

 

-სამომავლოდ თუ აპირებთ მსგავსი პროექტის საქართველოს სხვა რეგიონში განხორციელებას?

-ჯგუფთან ერთად 3 მუნიციპალიტეტი – გურჯაანი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო, შევისწავლე. ყველაფერი წიგნებად გამოვეცით და არც ამ ნაშრომების მიმართ იყო ინტერესი. ამ წიგნებს წარდგენის დროს საჩუქრად სკოლებს, მერიის თანამშრომლებს გადავცემდით, მაგრამ ისინი ჩვენთან წარდგენაზეც კი არ მოვიდნენ. ამიტომ, ამ პრეისტორიის შემდეგ, წიგნის გამოცემისგან თავს ვიკავებთ.

მაგალითად, დედოფლისწყაროზე რაც გამოვეცით, დარჩა ისე სამახსოვროდ. კახეთის 100 ძეგლიდან 80 ძეგლი თავისი ფოტოებით უკვე მზად არის, მაგრამ იმერეთზე გამოცემული წიგნის მიმართ ინტერესიდან და რეალიზაციიდან გამომდინარე, ოპტიმიზმის საფუძველი და იმედი არ მაქვს, რომ ნაშრომი სხვა მუნიციპალიტეტების შესახებაც გამოვცე.

 

https://24media.ge/wp-content/uploads/ლაკბეს-წყალსაცავიი.jpg

ლაკბეს წყალსაცავი

 

– კახეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ძეგლის შესახებ გვიამბეთ.

– კახეთში, გურჯაანში 32 სოფელი და 550 ძეგლია. მაგალითად, ლაკბეს წყალსაცავი ტურისტულად უნიკალური ადგილია. ლაგოდეხში, სოფელ ვარდისუბანში, გერმანელების მიერ აშენებული ეკლესიაა.

გამორჩეულია დედოფლისწყარო, სადაც ყველაზე მეტი სახნავ-სათესი სავარგული მოდის ერთ ადამიანზე. კახეთის ინტერესი შეიძლება იმერეთს აღემატებოდეს. თუმცა, როდესაც იშრომებ, ხარჯს გასწევ და იმედგაცრუებას დაინახავ, ძალიან ძნელია.

მზად გვაქვს წიგნი აჭარაზე, ქართლის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაზე.

ასევე, აფხაზეთზე ძალიან ბევრი მასალაა დაგროვილი. ჩემი ყველა ნაშრომი – ბუნების საოცრებები, კულტურული ძეგლები – აფხაზეთით დავიწყე. სტუდენტებთან ლექციებსაც, სწორედ აფხაზეთიდან ვიწყებ. ტურისტული კომპანიები აფხაზეთში არსებულ ტურებზე ინფორმაციას არ აქვეყნებენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ ნახონ აფხაზეთის კულტურული ობიექტი, ის სიმდიდრე, რაც გვაქვს, ხომ უნდა წარმოაჩინონ? სამინისტროებსაც არ აქვთ აფხაზეთზე ინფორმაციები.

 

https://24media.ge/wp-content/uploads/რიწის-ტბა.jpg

რიწის ტბა

 

აფხაზეთის შემთხვევაში ერთადერთი შემაფერხებელი, ფოტო ილუსტრაციების პრობლემაა, თორემ ტექსტურად 100 ძეგლს დავამუშავებ. აფხაზეთში 8400 კვ.მ-ზე ისეთი ბუნების საოცრებებია, რომ შეიძლება საქართველოს მთელ ტერიტორიას აღემატებოდეს. სწორედ აქ არის ყველაზე ღრმა მღვიმე კრუბერი, ყველაზე მოკლე მდინარე რეპრუა, ყველაზე ღრმა რიწის ტბა, მიწაში ყველაზე ღრმად არსებული ყინულის მასა. აფხაზეთში ჩასვლის შესაძლებლობა რომ გვექნება, შესაძლოა იმერეთის ძეგლებმა პოპულარულობაც კი დაკარგონ.

 

https://24media.ge/wp-content/uploads/რეპრუა.jpg

რეპრუა

 

ესაუბრა ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი