წინასადღესასწაულო ვაჭრობის პერიოდი კიბერთაღლითებისთვის ხელსაყრელი პერიოდია
იმისათვის, რომ საზოგადოება მსგავსი შემთხვევებისგან დავიცვათ, აუცილებელია კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების გაზრდა.
წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ წინასადღესასწაულო ვაჭრობის დრო, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია კიბერთაღლითებისთვის. ამ პერიოდში, კიბერთაღლითები ბოროტად სარგებლობენ მყიდველების გაზრდილი ინტერესით და მოდუნებული ყურადღებით.
როგორც წესი, თაღლითები ყალბი ვებ-გვერდებით, მავნე ბმულებით და სხვა მსგავსი ხერხებით ცდილობენ ადამიანის პერსონალური და ფინანსური ინფორმაციის მოპოვებას, თანხის გამოძალვას და ფინანსური ზიანის მიყენებას.
კიბერთაღლითობის შემთხვევა ყველაზე ხშირად თავად მსხვერპლის გაუფრთხილებლობის მიზეზით დგება. როგორც წესი, ადამიანი კიბერთაღლითს კონფიდენციალურ – ფინანსურ ინფორმაციას თავად უზიარებს.
იმისათვის, რომ საზოგადოება მსგავსი შემთხვევებისგან დავიცვათ, აუცილებელია კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების გაზრდა. საქართველოს საბანკო ასოციაციამ დაიწყო სოციალური კამპანია, რომელსაც ორი ძირითადი გზავნილი აქვს – “ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია” და “გაფრთხილდი და გააფრთხილე!”
“ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია” ხაზს უსვამს იმას, რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ფინანსურ ინფორმაციას, ვისწავლოთ სანდო და არასანდო ბმულების, შეტყობინებების, წერილების და ზარების გარჩევა, თავი დავიცვათ ორმაგი ვერიფიკაციით. რჩევების ჩამონათვალი შესაძლოა ვრცელი იყოს, ამიტომ მთავარი რჩევა ერთია – მეტად დავინტერესედეთ კიბერუსაფრთხოების საკითხით და თავდაცვის საბაზისო წესებით.
“ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენი ფინანსების უსაფრთხოებაც ჩვენს ხელშია”, – აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
“გაფრთხილდი და გააფრთხილე” კი სოციალური კამპანიის გზავნილია. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიზიაროს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, გაფრთხილდეს და შემდგომ თავადაც გაუზიაროს ეს ინფორმაცია სხვას, გააფრთხილოს მეგობარი, კოლეგა, ახლობელი.
ლელა დევდარიანი