“მაოხრებელი გზირი” ქართულ პოლიტიკაში – “სააკაშვილისგან მეორე ნავალნი არ გამოვა”
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი გამართეს და სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის და მისი მკურნალობის თემა დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება, რაც სააკაშვილის დედის – გიული ალასანიას მიერ დაქირავებული პიარკამპანიის დამსახურებაა. ეს უკანასკნელი კი, თავის დროზე, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბუშის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა.
ამ პიარკამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი გამართეს და სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.
“ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს”, – განაცხადა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე ედუარდ სააკაშვილმა.
მისი თქმით, სულ უფრო და უფრო სუსტად არის ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული და მოუსვენარი.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს და სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. მისი პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა. არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უიმედოა, როდესაც ბრიუსელში და სტრასბურგში ჩავდივარ ვხედავ მზარდ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, აღიარებენ, რომ სიტუაცია, როგორიც დღეს არის მამაჩემთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა ევროდეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ექსპრეზიდენტის შვილთან ერთად ბრიფინგს ესწრებოდა გიული ალასანია და სააკაშვილის ყოფილი მეუღლე სანდრა რულოვსი. აგრეთვე, ევროპარლამენტარები – ანა ფოტიგა და მარიამ ლექსმანი. ფოტიგამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მოაგვარონ მესამე პრეზიდენტის საქმე. რაც შეეხება მარიამ ლექსმანს, მისი თქმით, თუ სისტემა მიხეილ სააკაშვილს ციხეში მოკლავს, რთული იქნება ვთქვათ, რომ ქვეყანა ასრულებს პირობებს.
“მარტო სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევა იქნება საკმარისი, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ, არ დასრულდეს წარმატებულად”, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას ძალიან ახლოდან აკვირდება”, – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების მიერ “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ კომენტარში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
“სააკაშვილის ჯანმრთელობის და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტიზის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში, რომელსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის გარემოცვასთან დაახლოებული ევროპელი პარლამენტარები აქტიურად ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამედიცინო მომსახურებაზე პრობლემები აქვს და მას ადგილზე სათანადოდ ვერ მკურნალობენ. ეს ყველაფერი კი იმ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სადაც მარიამ ჯიშკარიანმა, „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, კლინიკა „ვივამედში“ მყოფ ექსპრეზიდენტთან მიმართებით ჩაწერა ორი ფაქტი – წამება და მოწამვლა. თითქოს დაპატიმრების შემდგომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანილი სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა წამების ტოლფას მდგომარეობას (წამებად გამოიკვეთა სააკაშვილის მიმართ ციხეში პატიმრების მხრიდან გინება), ხოლო უკვე სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ მოთავსების შემდეგ, ექსპერტი მის მოწამვლას ვარაუდობს.
რამდენად სანდოა ეს დასკვნა, ამას დრო და შესაბამისი მაღალკვალიფიციური, ობიექტური ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, ფაქტია, რომ იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა და შესაბამისად, ქვეყნის გარეთ მყოფი ექსპრეზიდენტის ლობისტი ევროპარლამენტარებიც ნდობას არა სახელმწიფოს და მის მკურნალ ექიმებს, არამედ იმ ექსპერტიზის დასკვნას უცხადებენ, რომელიც არცთუ მაღალკვალიფიციური ექსპერტის – მარიამ ჯიშკარიანის და ომბუდსმენის ნდობით აღჭურვილი ადამიანების მხრიდან დაიწერა, ცოტა არ იყოს უხერხულია.
ბუნებრივია, ყველას თავისი აზრი აქვს და შესაბამისად, უფლებაც – ნდობა მათთვის სასურველ პროფესიონალს გამოუცხადოს, მაგრამ, როცა საქმე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს ეხება და ხელისუფლების წარმომადგენლები მისი მხრიდან სიმულიანტობაზე მიანიშნებენ, ალბათ, უპრიანი იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო დასკვნის დადება და განცხადებების შესაბამისად გაკეთებაც.
როგორც სახელისუფლო გუნდში აცხადებენ, მცდელობის მიუხედავად სააკაშვილისგან მეორე ნავალნი არ გამოვა და ექსპრეზიდენტის დღევანდელ მდგომარეობას, საქართველოში შემოპარვამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ კუჭის ოპერაციას უკავშირებენ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილმა კუჭი დაიპატარავა, შესაბამისად, ის განსაკუთრებულ კვებაზეა. ის იკვებება შერჩევით, მისი სურვილისამებრ. ის, რომ სააკაშვილის მხრიდან ამგვარი კვება შიმშილობის 60 დღედ შეფასდა, ყველასთვის ცნობილია, ისევე, როგორც ელექტრო სიგარეტის მოხმარება, რაც ახალი სპეკულაციის საგანი გახდა.
საზოგადოებისთვის სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან ცნობილი გახდა, რომ მის ფრჩხილებში დარიშხანის და ვერცხლისწყლის კვალი აღმოჩნდა. გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ სააკაშვილი ელექტრო სიგარეტს მოიხმარს, – ვინ ურჩია, არ ვიციო.
ელექტრო სიგარეტი ორგანიზმში თავის კვალს ტოვებს, მით უმეტეს, დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში. ექსპრეზიდენტი კი, როგორც ამბობენ, საკაოდ ინტენსიურად ეწევა. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ მას ელექტრო სიგარეტის მოხმარება შეუზღუდა. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება მკურნალმა ექიმმა მიიღო.
სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილის წონაში კლება კუჭის ვარიატიულ ოპერაციას არ უკავშირდება.
“არც „ვივამედი“ უკავშირებს და არც ის ექიმ-ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს გამოკვლევები, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული, მათ დეტალურად აქვთ ასახული თავიანთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში”, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, ილია ლომაიამ.
სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 დეკემბერს გაიმართება. მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომლის თანახმადაც, მესამე პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთოს. პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან და ექსპრეზიდენტს თავად ექნება მათი მოსმენის საშუალება, თუკი სასამართლოში მონაწილეობის სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიუხედავად განკარგულების გაცემისა, ახლა ნებართვის გაცემას კლინიკა „ვივამედისგან“ ელოდებიან. მანამდე დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებსა და გამოხმაურებებთან დაკავშირებით კომენტარებს მმართველ გუნდში აკეთებენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სააკაშვილი მედიკოსების მაღალი ყურადღებით სარგებლობს, ყველა სახის მკურნალობა უტარდება, რასაც საჭიროებს და მზად არის ხელისუფლება მკურნალობის პროცესში ყველა ის უცხოელი ექიმი ჩართოს, შესაბამისი აპარატურით, ვისაც სააკაშვილის ოჯახი მოიწვევს.
სააკაშვილის ხმაურიან თემას, მისი ოჯახის წევრების მხრიდან იმის მტკიცებას, რომ მესამე პრეზიდენტი კვდება, ძალიან ცოტა დრო დარჩა და უმძიმეს მდგომარეობაშია, დაემთხვა სწორედ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის, ნორა კვიციანის გარდაცვალება. ნონა კვიციანმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღიკვეცა და დედა ქეთევანი გახდა, რეჟიმის პირობებში ციხის კედლებში 7 წელზე მეტი გაატარა, მაგრამ მისი მხრიდან ერთხელაც არ ყოფილა წუწუნი, რომ ციხის პირობებს ვერ ეგუებოდა.
სწორედ ამან და სხვა არაერთმა სისასტიკემ გაუჩინა ადამიანებს განცდა, რომ სააკაშვილი თავისი საქციელით არა მხოლოდ თავისუფლებაზე, პრეზიდენტის რანგში, არამედ ციხის და საავადმყოფოს კედლებშიც, ისე იქცევა, როგორც ცნობილი იგავ-არაკის, “მაოხრებელი გზირის” მთავარი პერსონაჟი. საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ მას დღესაც უდიდესი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის ყველა იმ ქმედებით, რასაც პატიმრობისას სჩადის და რა განცხადებებსაც მისი მომხრეები ქვეყნის გარეთ აკეთებენ.
აგრეთვე, მნიშვნელოვანი თემა, რომელიც საქართველოში სააკაშვილის პატიმრობა-მკურნალობის პარალელურად ვითარდება, არის ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდა დაპირისპირება და შიდაპარტიული არჩევნები, რომელიც უახლოეს ერთ თვეში ჩატარდება. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის სურვილი კიდევ ერთმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა გამოთქვა, რომელმაც პარტია და დეპუტატის მანდატი ცოტა ხნის წინ დატოვა, ანუ მას შემდეგ, რაც “ენმ”-ს ახალი თავმჯდომარის არჩევნების საკითხი დადგა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” სრული ქაოსია, რაც დადებითად აისახება ქვეყანაში სტაბილურობაზე.
მისივე თქმით, საოცრებაა, როდესაც ადამიანმა, ნონა მამულაშვილის სახით, რომელმაც “ენმ”-ს რიგები ცოტა ხნის დატოვა, ახლა ამავე პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის.
“სრული ქაოსია, რაც კარგია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია. რაც მეტი განხეთქილება, ქაოსი იქნება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში. საინტერესოც არ არის, ამ პოლიტიკურ პარტიაში რა ხდება. საინტერესოა ერთადერთი ის, რომ ეს პარტია თანდათან სუსტდება, ამას უყურებს საზოგადოება და ეს არის კარგი, რომ ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა ისაუბრონ ჯანდაცვის ექსპერტებმა, სამართლებრივი შეფასება გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა თუ ნებისმიერმა სხვა ადამიანმა, თუნდაც ევროპარლამენტარი იყოს. “ოცნების” ლიდერებისთვის ასევე მიუღებელია სააკაშვილის საკითხის საქართველოს ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირება.
გიორგი გლოველი