თოვლის პაპა ბავშვებს თბილისში 23 დეკემბრიდან დაელოდება
საახალწლო სოფელში 23 დეკემბრიდან, 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად საბავშვო-გასართობი წარმოდგენები გაიმართება, რაც კონცერტებს, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობებსა და სხვა აქტივობებს მოიცავს.
თბილისის საახალწლო ღონისძინებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე ტრადიციული “საახალწლო სოფელი” 23 დეკემბერს გაიხსნება და 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩასაც მოიცავს. ტერიტორია საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება.
” თქვენს პატარებს აქ დახვდება თოვლის ბაბუა, რომელიც გზაშია და 23 დეკემბერს თბილისში იქნება. მინდა, მშობლებს მივმართო, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები 9 აპრილის ბაღში წამოიყვანოთ, სადაც თოვლის ბაბუის სახლი იქნება განთავსებული. ის ბავშვების ყველაზე სანუკვარ ოცნებებს, სიხარულით მოისმენს, რაც აუცილებლად ასრულდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისივე ინფორმაციით, საახალწლო სოფელში 23 დეკემბრიდან, 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად საბავშვო-გასართობი წარმოდგენები გაიმართება, რაც კონცერტებს, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობებსა და სხვა აქტივობებს მოიცავს. საახალწლო გალაკონცერტი კი, 31 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება.
„31 დეკემბერს გელოდებით ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე. ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და უკეთესი მომავლის მოლოდინით. ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სალომე ხომასურიძე