“სააკაშვილის პატიმრობა ევროპული ფასეულობა არ არის” – ბრიუსელში საქართველოზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტარებმა კვლავ მოითხოვეს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაყვანა და ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს. დებატები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას შეეხო. დღეს კი ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს.
რა ძირითად თემებზე ისაუბრეს ევროპარლამენტარებმა?
განხილვის მთავარი თემა საქართველოს შიდა პოლიტიკა და პოლარიზაცია იყო. ევროპარლამენტარებმა კვლავ მოითხოვეს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაყვანა და ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
საუბარი შეეხო ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებულ ინტერესებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე ერთ ოლიგარქს კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის მანკიერ პრაქტიკას და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებს.
“ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული პოლიტიკური ბრალდებები უნდა გაუქმდეს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ”, – ამბობს ლექსმანი.
მსგავსი პოზიცია აქვა ლიეტუველ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს. მისი განცხადებით, ხალხის წამება პუტინის პოლიტიკაა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ევროპული ფასეულობა არ არის.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ქართველი ხალხის”, – ამბობს იუკნევიჩიენე.
ემოციური გამოსვლა ჰქონდა ვიოლა ფონ კრამონს. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო, ახლა დატყვევებულია.
“ის, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, სირცხვილი და ტყუილია. 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა, დღეს კი ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო”, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
დისკუსიები გაიმართა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც.
ანგარიშის მომხსენებლის, სვენ მიკსერის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეა, რაც პოლიტიკურ ელიტას უნდა აძლევდეს საშუალებას პოლარიზაცია დაძლიონ და საერთო მიზნის მისაღწევად იბრძოლონ.
მისი თქმით, ტოქსიკური პოლიტიკური ელიტა არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას აზიანებს.
“აუცილებელია სასამართლო რეფორმის განხორციელება, კორუფციის აღმოფხვრა, მედია თავისუფლება, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, უმცირესობების უფლებების დაცვა”, – ამბობს სვენ მიკსერი.
მან შეშფოთება გამოთქვა მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის რიტორიკაზე, რომელიც ევროკავშირს საქართველოს ომში ჩათრევას აბრალებს.
“საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. ევროკავშირი ნიშნავს მშვიდობას”, – აცხადებს ესტონელი პოლიტიკოსი.
ქართველ პოლიტიკოსებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, განსხვავებების გვერდით გადადებას სთხოვს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.
“საქართველოს ადგილი ევროპაშია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია”, – აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
ინგა ფუტკარაძე