კულტურული მემკვიდრეობა განაჩენის მოლოდინში – არასწორი რესტავრაციის დამანგრეველი შედეგი

როცა ავთენტურობა ირღვევა, შემდეგ უკვე შესაძლებელია ძეგლის სტატუსიც კი გაუუქმონ, გააჩნია კერძო ინტერესს და გავლენას, ვის სადამდე მიუწვდება ხელი.

კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების ხელშესახები და არამატერიალური მემკვიდრეობაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცოდნას, რწმენას, მხატვრულ გამოხატულებებს, ტრადიციებს, ღირებულებებს, ადგილებსა და საგნებს აერთიანებს. აღნიშნული მემკვიდრეობა, როგორც წესი, თაობიდან თაობას გადაეცემა და განსაკუთრებულ მოვლასა და გაფრთხილებას საჭიროებს, თუმცა, როდესაც მას ისტორიული ღირებულების დაკარგვისა და განადგურების საფრთხე ემუქრება, დღის წესრიგში მისი მოდიფიცირებისა და ხელახალი ფუნქციის შეძენის საკითხი დგება.

საქართველოში უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის არქონის, ან სხვა მიზეზის გამო, ყველასგან დავიწყებული, განადგურების პირასაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მსოფლიო პრაქტიკა, კულტურული მემკვიდრეობის კომერციალიზაციაზე და მისთვის ხელახალი სიცოცხლის მინიჭებაზე, ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნულზე აზრი ორად იყოფა.

მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებაზე, მედია სააგენტო “24” მეცნიერ ზურაბ ბრაგვაძეს ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში, როგორც დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაში, უამრავი ციხე-გალავანი და მიტოვებული ნაგებობები არსებობს, რომლებიც ნადგურდება, მათთვის ხელახალი ფუნქციის მინიჭება, რომელთაც სახელმწიფო მაღალი ფინანსების საჭიროების გამო, კარგად ვერ პატრონობს, კარგი იქნება. თუმცა, მეცნიერის თქმით, ამას შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი და კარგად გააზრებული პროექტი სჭირდება, რათა კულტურული მემკვიდრეობის ავთენტურობა არ შეიბღალოს.

ზურაბ ბრაგვაძის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ციხე-სიმაგრეა, რომელიც უპატრონობით ინგრევა, სახელმწიფო მონიტორინგის ფარგლებში კი, აღნიშნული ნაგებობები შეიძლება გადაკეთდეს და იქ მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ან სხვა საჯარო სივრცე მოეწყოს – საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის, გამომუშავებული თანხა კი ძეგლსა და მის გარშემო ტერიტორიის შესწავლას მოხმარდეს.

მეცნიერი, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ როდესაც ციხესიმაგრეებს კერძო მფლობელობაში ან გრძელვადიანი იჯარით გადასცემენ, ის სრულიად ახალ სიცოცხლეს და ფუნქციას იძენს, რაც ტურისტებისთვისაც მიმზიდველია, რადგან, როგორც წესი, როდესაც ადამიანი სხვა ქვეყანას სტუმრობს, ისეთ ადგილებს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც უძველესი ისტორიის მატარებელია. არქეოლოგი შესაძლო გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საჭიროა კომპეტენტური პირების მიერ, რისკების წინასწარი შეფასება, რათა ისეთი ნაგებობები შეირჩეს, რომელსაც სამომავლოდ, საფრთხე არ დაემუქრება.

 

ზურაბ ბრაგვაძე

“პოლონეთში არის ციხესიმაგრე, რომელიც ჯვაროსნების დროინდელი ნაგებობაა. დღეს იქ არის სასტუმრო, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და ეს სასტუმრო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქალაქის ბიბლიოთეკასა და მუზეუმსაც ინახავს”, – აცხადებს ზურაბ ბრაგვაძე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, კულტურის კომიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მათ მიერ თემატური მოკვლევის შედეგად საქართველოში 3088 საფორტიფიკაციო ნაგებობა შეირჩა, რომელთა უმრავლესობაც განადგურების პირასაა.

რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს ჩანაფიქრი, ინვესტორის ბიზნესინტერესები ყოველთვის ვერ მოვა თანხვედრაში ძეგლის კულტურულ ფასეულობასთან, ამდენად, რეალურია საფრთხე, რომ კერძო ინვესტორმა ისტორიული ნაგებობა საკუთარ სურვილებსა და კომფორტს მოარგოს. როგორც, მაგალითად, შატო მუხრანის სასახლის შემთხვევაში მოხდა. კერძო ინვესტორის მიერ აღდგენილი სასახლის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოითქვა. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო მასალა გავრცელდა, სადაც სასახლის ძველი და ახლებური იერსახე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ეს არ არის ისტორიული სამართლიანობა და ახლა შატო მუხრანის სულ სხვა შენობაა.

“ფანჯრები სულ სხვა ფორმისაა და შელესილ-გადაღებილია ფასადი. ერკერიც სულ სხვანაირია. სართულიც დააშენეს, როგორც ვხვდები. ერთი მხრივ, კარგია, რომ სასახლეს ფუნქცია დაუბრუნდა, მაგრამ თავდაპირველი იერსახე, ეს არ არის, ცოტა უგემოვნოცაა”, – წერენ მოქალაქეები.

არქიტექტორი მარიკა სანაია ივანე მუხრანბატონის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორია. მისი აზრით, საქართველომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომაში კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაღალია.

მარიკა სანაიას ინფორმაციით, პროექტის თავდაპირველი ავტორების იდეა იყო სასახლის ძველი იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებით აღდგენა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში პროექტი იცვლებოდა.

 

 

 “ჩვენი იდეა იყო თეთრი აგურის აღდგენა, ძალიან მნიშვნელოვანი ფასადის დეტალების – დიდი ხის დარაბების აღდგენა, რაც, საუბედუროდ, არ გაკეთდა. მინიმუმ, ცოტა მეტი განსჯის და კონსულტაციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება. ასეთი თვითნებობა დაუშვებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. 2005 წლიდან იყო ჩვენი კომპანია ჩართული ამ პროექტში. სასახლე იყო საშინელ მდგომარეობაში. პროექტი ითვალისწინებდა ახალი ღვინის ქარხნის მშენებლობას და არსებული ისტორიული სასახლის და მიწისქვეშა მარნების რეკონსტრუქცია – რესტავრაციას. სასახლე უნდა აღდგენილიყო მაქსიმალურად ავთენტური სახით, რაც სამწუხაროდ, არ გაკეთდა”, – განუცხადა მარიკა სანაიამ “24”-ს.

არქიტექტორის თქმით, მათ ძალიან დიდი შრომა ჩადეს ივანე მუხრანბატონის სასახლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაში. ღვინის ქარხანა, რომელიც კომუნისტების დროს ტლანქად დაადგეს მიწისქვეშა მარნებს, მთლიანად აიღეს, სასახლიდან მოშორებით ააშენეს და აღადგინეს მიწისქვეშა მარნები. მას შემდეგ, რაც გარე ფასადზე მუშაობა დაამთავრეს, დამკვეთმა სამუშაოების გაგრძელების უფლება მათ კომპანიას (“არქიტექტს.ჯი”) აღარ მისცა და საქართველოში ფრანგი სპეციალისტი ჩამოიყვანა.

“მოხატული ჭერის და დარაბების უგულებელყოფა მოხდა ექსტერიერში და ინტერიერში. ამის დაშვება არ შეიძლებოდა, პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსგან. მერე მოიწვიეს ფრანგი არქიტექტორი, რომელმაც დამკვეთთან ერთად თავის გემოზე გააკეთა და არანაირი ავთენტური სახე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, არ შეუნარჩუნა. სად არის ამ დროს ჩვენი კონტროლი? როცა ოფისის შეკიდულ ჭერს აკეთებ, საოფისე განათებით, ეს ყოვლად მიუღებელია, როგორც მინიმუმ ცოტა მეტი განსჯის საგანი უნდა ყოფილიყო. დღეს შატო მუხრანი სულ სხვა რამეა. გამოგონილია ყველაფერი”, – ამბობს არქიტექტორი.

 

 

კითხვაზე, რამდენად სწორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში სასტუმროს მოწყობა რესპონდენტს პასუხი არ აქვს, როგორც ამბობს, შეიძლება სწორიც იყოს. მას, ამ შემთხვევაში პრეტენზია, შატო მუხრანის ახალი ფუნქციით დატვირთვაზე მეტად, ნაგებობის ვიზუალთან დაკავშირებით აქვს. მისი შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სრულიად არაავთენტური სახით აღადგინეს.

“მუხრან ბატონს თავიდანვე ჰქონდა საცხოვრებელი ოთახები, სამეჯლისო დარბაზები, რომელიც ახლა საკონფერენციო დარბაზია, ყველაზე მეტად მაინც სასტუმროს მიესადაგებოდა, უბრალოდ, ავთენტური სახით უნდა აღდგენილიყო”, – აცხადებს მარიკა სანაია.

კოლეგის მიმართ სოლიდარულია არქიტექტორი მერაბ გუჯაბიძე. როგორც მან მედია სააგენტო “24”-ს განუცხადა, ის რაც შატო მუხრანის შემთხვევაში მოხდა, არის ქართველი სპეციალისტების არდაფასება და იმ ფაქტის დადასტურება, რომ ფულის კეთების სურვილს მივყავართ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულიად სახეცვლილება.

“დამკვეთების 90 %-ს ტანჯავს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ ვართ ქართველები და არ ვართ, ამ შემთხვევაში, მაგალითად, ფრანგები. სამწუხაროდ, როცა ღმერთი გახდა ფული, იქ უკვე ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი ზედმეტია. მთავარია მოგება ნახონ. რა თქმა უნდა, აქ პასუხისმგებლობა ეკისრება კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს. მერიის მაგალითზე ვიტყვი და ასეა ყველგან, მერიის არქიტექტორის სამსახურში 99 % იურისტი ან არქიტექტურის სტუდენტია, შესაბამისად, როცა კვალიფიკაცია შესაფერისი არ აქვთ, ხდება ასეთი დანაშაულებრივი შეცდომები”, – აცხადებს მერაბ გუჯაბიძე.

საფორტიფიკაციო ნაგებობების – ციხესიმაგრეების, კოშკებისა და გალავნების კერძო კომპანიებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას, კატეგორიულად არც მერაბ გუჯაბიძე ეწინააღმდეგება, თუმცა მიაჩნია, რომ ყველაფერი კანონის დაცვით უნდა განხორციელდეს.

მძიმე შედეგი სახეზეა. რეაბილიტაციის შემდეგ საერთოდ, შერჩა კი რამე კულტურული მემკვიდრეობის მსგავსი ივანე მუხრანბატონის სასახლეს? ერთია – ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობა და პროგრესი, მეორე კი, ქვეყნის და ერის იდენტობის გამომხატველი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვა-შენარჩუნება.

“პროგრესის მოწინააღმდეგე არავინ არის, მაგრამ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ, რა უნდა გაკეთდეს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ბიზნესის განვითარების წინააღმდეგ არავინ მიდის, მაგრამ თუკი ძეგლია, მაშინ, როგორ შეიძლება ჩარევა და რამის შეცვლა? ხანდახან არის, რომ ძეგლში ფანჯრის ჩარჩოს დეკორის შეცვლაც კი დაუშვებელია. უნდა გაანალიზდეს, რატომ არის ეს ძეგლი? შენი ცვლილებით, რა შეიძლება მოხდეს? ყველაფერი ანალიზის საფუძველზე და სპეციალისტების ჩართვით უნდა განხორციელდეს”, -განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს არქიტექტორმა მერაბ გუჯაბიძემ.

სწორი არქიტექტურული ჩარევით შესაძლებელია, ძეგლის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა, რაც სამწუხაროდ, უკვე იშვიათად ხდება. როცა ავთენტურობა ირღვევა, შემდეგ უკვე შესაძლებელია ძეგლის სტატუსიც კი გაუუქმონ, გააჩნია კერძო ინტერესს და გავლენას, ვის სადამდე მიუწვდება ხელი.

აქვე შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იმის გამო ამოიღო, რომ ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულება დაკარგა.

ბაგრატი და გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. ორივე ძეგლი 2010 წელს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიყვანეს. თუმცა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე, რომელიც 2017 წელს კრაკოვში გაიმართა, საზღვრების მოდიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ გელათი დარჩა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ხოლო ბაგრატი აღარ.

 

თაკო ბოკუჩავა
ელენე ვადაჭკორია