“კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს” – დიმიტრი ყიფიანი თბილისის თავი 14 დეკემბერს გახდა

სამშობლოს მიმართ უდიდესი სიყვარულით იცხოვრა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და თავისი ქვეყნის ღირსეულმა პატრიოტმა, დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც 2007 წელს, საქართველოს საპატრიარქომ, ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა.

დიმიტრი ყიფიანი

147 წლის წინ, უფრო ზუსტად კი, 1875 წლის 14 დეკემბერს, ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი, მთარგმნელი, ტფილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი, ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარე, დიმიტრი ყიფიანი, თბილისის თავად აირჩიეს. საზოგადო მოღვაწე, ამ პოზიციას 1875-1879 წლებში იკავებდა.

„არასოდეს არ ღირსებია ქალაქის გამგეობის ძალას იმდენი ხალხის ერთად ხილვა, რამდენსაც წასულს კვირას ეღირსა, როცა ქალაქის თავის არჩევანი იყო დანიშნული. 72 დეპუტატში 64 დაესწრო; ამდენივე, თუ მეტი არა, გარეშე პირებიც იქნებოდნენ. გუნდ-გუნდად შეყრილიყვნენ ქალაქის დეპუტატები და გარეშე მაყურებლები და გაცხადებით სჯიდნენ: თუ ვინ და როგორ იქნება არჩეულიო“.

გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე 1814 წლის, 14 აპრილს, გორის მახლობლად, სოფელ მერეთში დაიბადა. 7 წლის ობლის გაზრდა, საკუთარ თავზე მისმა ძმამ, ქაიხოსრომ აიღო. დიმიტრი ყიფიანმა სწავლა სასულიერო სემინარიაში დაიწყო, 1830 წელს კი, კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე, მასწავლებლად დაინიშნა. ყიფიანი მრავალმხრივი ცოდნითა და ნიჭიერებით, თავიდანვე გამოირჩეოდა. 16 წლის ჭაბუკი, გიმნაზიაში ქართულ და რუსულ ენებს, არითმეტიკასა და გეოგრაფიას ასწავლიდა.

1830-1832 წლების შეთქმულებაში მონაწილეობისათვის 20 წლის დიმიტრი ყიფიანი ვოლგოგრადში გადაასახლეს, რამაც ერთხანს ნიჭიერი ახალგაზრდის სამსახურებრივი კარიერა, საგრძნობლად შეაფერხა, თუმცა საგუბერნიო მმართველის მდივნობამდე მიღწევა, გადასახლებაშიც კი შეძლო (1835). 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე, მთავარმართებლის კანცელარიაში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ყიფიანი კავკასიის მეფისნაცვალმა 1845 წლის ოქტომბერში, თავისი კანცელარიის დირექტორად დანიშნა და კოლეგიის მრჩევლის ტიტული მიანიჭა. მომდევნო პერიოდში ის 1862 წლამდე, მეფისნაცვლის საბჭოს წევრად დაინიშნა, რაც იმ დროისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო. 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვედ მუშაობდა. 1864-1870 წლებში კი, თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და “ქართული დრამატული საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.

დიმიტრი ყიფიანმა 1845 წელს, ცოლი ნინო მოიყვანა, რომელიც სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით, პეტერბურგში იზრდებოდა. მათ 6 შვილი ეყოლათ. სამწუხაროდ, 3 ადრევე გარდაეცვალათ, ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე დარჩათ. მოგეხსენებათ, იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ყველაფერი ეროვნული იკრძალებოდა. დიმიტრი ყიფიანი კი, საკუთარი ცოდნით შეძენილ მაღალ თანამდებობებს, ყოველთვის ეროვნული საქმის გასაკეთებლად იყენებდა. ის სამშობლოს დიდი პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩეოდა.

1881 წელს, რუსეთში, იმპერატორი ალექსანდრე II მოკლეს. ამ ფაქტმა კი, საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მეფისნაცვლის მაგივრად, მთავარი დანიშნეს, რომელსაც ირგვლივ ბევრი ბოროტი ადამიანი ჰყავდა. სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ რუსი ეგზარქოსი პავლე და სემინარიის ახალი რექტორი ჩუდეცკი, რომელმაც სემინარიაში აუტანელი პირობები შექმნა და მალე ბოროტი რექტორი სემინარიის მოსწავლემ, იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა. ეგზარქოსმა კი, მკვლელი მოსწავლე და მასთან ერთად, მთელი ქართველი ერი დაწყევლა. ეს ფაქტი, ქართველი ერის შეურაცხყოფა იყო და როდესაც ამის შესახებ დიმიტრი ყიფიანმა შეიტყო, ეგზარქოსს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც წერდა:

,,ამბობენ, რომ თქვენ ის ქვეყანა დაწყევლეთ, რომელსაც უნდა უპატრონოთ. ეს ქვეყანა თქვენგან მხოლოდ სიყვარულსა და შეწყალებას ელოდებოდა. თუ ეს მართალია, შეურაცხმყოფელი შეურაცხყოფილი ქვეყნიდან, დაუყოვნებლივ იქნეს გაყვანილი“, – წერდა ყიფიანი.

დიმიტრი ყიფიანს, ეგზარქოსის გადაყენება არ აპატიეს და 1886 წლის ოქტომბერში, სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 72 წლის მოხუცი, რუსმა სამართალდამცავებმა, ვერაგულად მოკლეს.

დიმიტრი ყიფიანს საქართველოს წინაშე, დიდი ღვაწლი აქვს გაწეული. ის საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში, აქტიურად იყო ჩართული. გარდა ამისა, ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას ედგა სათავეში. იგი კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. ასევე, ბატონყმობის გაუქმების მომზადებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. მან პირველი სათავადაზნაურო ბანკის დაარსებაში, დიდი როლი ითამაშა. მისივე აქტიურობით, დრამატული საზოგადოება დაარსდა. 1879 წელს ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად, ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ჩამოაყალიბა. ყიფიანი, საზოგადოების თავმჯდომარედაც ერთხმად აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადო მოღვაწე, ბევრს აკეთებდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისთვისაც. სწორედ დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა ქართული ჟურნალი ,,ცისკარი“. ჟურნალის თემატიკა კი ისე განსაზღვრა, რომ ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველისთვის, საინტერესო ყოფილიყო. დიმიტრი ყიფიანი მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს კი არ ეხმარებოდა, ის სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ხალხზეც ზრუნავდა. პუბლიცისტის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში, საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხია დამუშავებული. პუბლიცისტი ზედმიწევნით ფლობდა უცხო ენებს. მან ქართულ ენაზე შექსპირის, მოლიერის, ბომარშეს, ჰიუგოსა და სხვათა თხზულებანი თარგმნა. მას ბევრი მოთხრობა და მეცნიერულ-პუბლიცისტური წერილები აქვს დაწერილი, რომლებიც დღესაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

დიმიტრი ყიფიანის ვერაგულმა მკვლელობამ, ქართველ ხალხში, უდიდესი მწუხარება გამოიწვია. მისი ცხედარი სამშობლოში გადმოასვენეს და მთაწმინდის მიწას მიაბარეს. ქართველმა დიადმა მწერალმა, აკაკი წერეთელმა, მას უმშვენიერესი ლექსი ,,განთიადი“ უძღვნა:

“დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა.
მდინარე ნანას უმღერის რაინდსა ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს”.

“კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს” – ამ ურყევი პრინციპითა და სამშობლოს მიმართ უდიდესი სიყვარულით იცხოვრა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და თავისი ქვეყნის ღირსეულმა პატრიოტმა, დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც 2007 წელს, საქართველოს საპატრიარქომ, ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი