ტრუსების ამარა ყინვაში, სიკვდილისთვის განწირული – ეპიზოდი მერაბ კოსტავას პატიმრობიდან

“მთელი ღამე ხტუნვაში გავატარე. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს “გასატანად” მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ”

მერაბ კოსტავა

საქართველოს ეროვნული გმირი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი მერაბ კოსტავა საბჭოთა ხელისუფლების ციხეში პირველად 17 წლის ასაკში მოხვდა. მისი მძიმე და ეკლიანი გზა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ფაქტობრივად სკოლის მერხიდან დაიწყო. 1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: – “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”.

ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია “გორგასლიანი” წევრები დაიჭირეს, მათ შორის იყო მერაბ კოსტავაც.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც “ხულიგანს” და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს.

ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს:

“პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარე. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს “გასატანად” მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: “პრივეტ, ბრატცი!”

ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი — 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავას ციხეში შიმშილობის 90-ე დღე ჰქონდა, როდესაც მისი ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. სასჯელს კარცერში იხდიდა. შიმშილისგან დაუძლურებულ – დაოსებული გამოიყვანეს მერაბი და შვილის სიკვდილი მიახალეს. მერე კი ისევ კარცერში დააბრუნეს.

 

მერაბ კოსტავა პატიმრობისას

 

ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, პირველი წერილი მეუღლეს მისწერა:

“გამარჯობა, რუსუდან…
გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც. ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი. ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს. უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს. იმედი მაქვს შენ ამ ძალებს იპოვნი. ვარ იგივე მდგომარეობაში.. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით. შევხვდებით კი ოდესმე?! გკოცნი, მერაბი…”

მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში, 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ალბათ, ესეც ერთგვარი სიმბოლო იყო, რადგან მთელი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას მიუძღვნა. სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ყოველთვის გამორჩეული და წარჩინებული მოსწავლე იყო. ამ სკოლაში გაიცნო ზვიად გამსახურდია და აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის.

შორენა ღავთაძე