მსოფლიოს სენსაციური აღმოჩენა დადასტურებულია – “საქართველოში პირველებმა დავწურეთ ღვინო”

ვაზს ოდითგანვე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის, ის სიცოცხლის, ნაყოფიერების სიმბოლოა. ვაზის დეკორატიული ელემენტები ფართოდ აისახა საქართველოს ტაძართა ფასადებზე.

ჩვენს ქვეყანას ღვინის კულტურასთან რვა ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს. ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, საერთაშორისო ლიტერატურაში ცნობილმა მწერალმა, ჰიუ ჯონსმა თავის წიგნში “ღვინის ისტორია” გამოთქვა, რომელიც 1989 წელს გამოიცა. მოგვიანებით იგივე ვარაუდი ღვინის ისტორიის აღიარებულმა მკვლევარმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პატრიკ მაკგოვერნმაც გამოთქვა, რომელმაც 1998 წელს საქართველოში იმოგზაურა.

2003 წელს კი გამოსცა წიგნი “უძველესი ღვინო”, სადაც კავკასია ღვინის სავარაუდო სამშობლოდაა მოხსენიებული. ეს ვარაუდები ძირითადად ემყარებოდა არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ყურძნის წიპწების კვლევას, თუმცა სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მათ არ აღიარებდა, რადგან ვერ ხერხდებოდა მათი აბსოლუტური დათარიღება.

თუმცა, 2017 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო. ეს მას შემდეგ, რაც ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მეცნიერებმა შეისწავლეს “გადაჭრილი გორას” ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. ქიმიური ანალიზის შედეგად, თიხის ჭურჭელზე ღვინისთვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების არსებობა დადასტურდა. კერამიკული მასალის კედლებზე ღვინის მჟავის წყარო მხოლოდ ღვინო ან ყურძნის წვენი შეიძლება ყოფილიყო. ამ აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ პირველი კულტურული ვაზი, არამედ ღვინის პირველი ნაშთებიც გვხვდება.

მედია სააგენტო “24” საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერს ელისო ყვავაძეს დაუკავშირდა. სწორედ მისი მონაწილეობით, პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში მარნეულის რაიონში “გადაჭრილი გორის” და “შულავერის გორის” მიდამოებში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული.

“ეს მსოფლიოში სენსაციური აღმოჩენაა, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოში პირველებმა მოვაშინაურეთ ვაზი და პირველებმა დავწურეთ ღვინო. მანამდე მეცნიერებაში სულ სხვა აზრი არსებობდა. ცნობილია, რომ ღვინის სამშობლო ირანი უნდა ყოფილიყო. ირანში პირველი ღვინის კვალი ჭურჭელში აღმოაჩინეს, რომელიც 7 200 წლით თარიღდება. ჩვენთან კი ღვინის ჭურჭელი 8 000 წლით. კვლევები ამერიკაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში ჩატარდა”, – აცხადებს ელისო ყვავაძე.

რას მოიცავს კვლევა და როგორ დადგინდა, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის სამშობლოა?

“მე და ნანა გათხრებში 2007 წელს ჩავერთეთ. ეს იყო საველე სამუშაოები, სადაც მასალა ჭურჭლიდან და კულტურული ფენებიდან ავიღეთ. უკვე, 2008 წელს კვალი ვნახეთ ჭურჭელზე, სადაც კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები აღმოჩნდა, ის იყო კარგი დაცულობის და პირველად ეტაპზე დადგინდა, რომ იქ იყო ღვინო. ამის შემდეგ, კვლევა გრძელდებოდა თითქმის ყოველ წელს და 2010 წელს საქართველოში ღვინის კონგრესზე ჩვენი კვლევები წარვადგინეთ. მერე და მერე ჩვენ უფრო მეტი არგუმენტი მივიღეთ, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის სამშობლო”, – ამბობს მეცნიერი.

ჭურჭელში ვაზის მტვრის მარცვლების გარდა იპოვეს ვაზის სახამებელი, ქინქლას ნაშთები, ეს კიდევ უფრო მეტად მძლავრი არგუმენტია, იმის დასამტკიცებლად, რომ ვაზის კულტურა იმ მიდამოებში ფართოდ იყო გავრცელებული. რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღვინოში. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი, საჭირო იყო ქიმიური კვლევაც და სწორედ ამიტომ ნიმუშები ამერიკაში გაიგზავნა. საბოლოოდ, ამერიკაში ბეჭედი დაესვა, დადასტურდა, რომ ჭურჭელში ნამდვილად იყო ღვინო.

“ეს კვლევა ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ნაშრომების ჟურნალში გამოქვეყნდა, სადაც მხოლოდ დიდი მასშტაბის აღმოჩენები იბეჭდება. მსოფლიოში უკვე გავრცელდა ეს ამბავი, რომ ჩვენ ვიყავით პირველები ვინც მოვაშინაურეთ ვაზი და პირველებმაც დავწურეთ ღვინო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში გამოდის ჟურნალი “არქეოლოგია” სადაც, აღინიშნა რომ 2017 წლის აღმოჩენა შევიდა მსოფლიოს ათ საუკუნო აღმოჩენაში”, – განუცხადა “24”-ს ეროვნული მუზეუმის მეცნიერმა, ელისო ყვავაძემ.

აღსანიშნავია, ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ეს მეთოდი, მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია.

სპეციალისტთა განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინოს ქვევრში უძველესი დროიდან დღემდე ყოველთვის აყენებდნენ. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI ათასწლეულის დასაწყისს. დღეს, არსებული ქართული ქვევრის ფორმა ძვ. წ. III – II ათასწლეულში ჩამოყალიბდა, დაახლოებით ძვ. წ. 30 -დან 25 -ე საუკუნემდე. ამ პერიოდამდე ძირითადად პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლით 1.5 ან 1 მეტრს არ აღემატებოდა, ჰქონდა ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი. დღეისთვის კი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კვერცხისებრი ფორმის ქვევრები.

საქართველოში 500 – ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იზრდება, რომელთაგანაც საუკეთესო ხარისხის ღვინო მზადდება. ქართული ღვინის განსაკუთრებულად გამორჩეული სახეობებია: საფერავი, რქაწითელი, ქინძმარაული, ციცქა-ცოლიკაური, ხვანჭკარა, ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და სხვა.

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინის და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

ელენე ვადაჭკორია


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი