სააკაშვილის რეჟიმის “სისხლიანი პარასკევი” – პატიმრები საკუთარ ვენებს კბილებით იღრღნიდნენ

პატიმარს თავზე “ამერიკული ფეხბურთის” შლემს ახურავდნენ, ხელებს უკან უკრავდნენ და კარანტინის გისოსიან გალიაში ათავსებდნენ, სადაც მას ხელკეტებით უსწორდებოდნენ, თან დასცინოდნენ.

პოლიტიკოსი ლევან ჩაჩუა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ასახული.

პოლიტოლოგის შეფასებით, პირობები, რომელშიც მსჯავრდადებული სააკაშვილი იმყოფება, პატიმრისთვის საკმაო ფუფუნებაა და არა წამება, როგორც მისი მხარდამჭერები პროპაგანდირებენ.

“ესაა წამება?! ტელევიზორი არ აკლია 2 “პულტით”, რბილ მატრასზე წოლა, ტყავის სავარძელი და საჭმელ-სასმელი… თან კადრებში გარკვევით ჩანს მედპერსონალი აქეთ ჰყავს გაწამებული”, – წერს ლევან ჩაჩუა და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილ ძალადობრივ სისტემაზე საუბრობს.

პოლიტიკოსი თავის სტატუსში აღწერს იმ დაუჯერებელ და მძიმე სურათს, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში ციხეებში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

მისივე ინფორმაციით, გლდანის ციხის კარანტინის 6-ადგილიან „ფუქსებში“ რომლებიც დაახლოებით 18 კვმ. ფართის ნახევარსარდაფს წარმოადგენდა, პატიმართა რაოდენობა ხშირად 25-ს აჭარბებდა. საშინელ ნესტიან სიმყრალეს, სიბინძურესა და გაუსაძლის სიცხეს, ციხის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა ემატებოდა.

“ყველა ყოფილი პატიმარი დამეთანხმება, რომ კარანტინის განყოფილებაში შესვლისთანავე ადამიანი, ჩამწკრივებული საკნებიდან გამოსული საშინელ სუნს იგრძნობდა და ჭერსა და საკნის კარებს შორის ღრიჭოდან ჩამოსული წვეთებისაგან დაგროვილ გუბეს შენიშნავდა. კარები თითქოს ტიროდა და გამოღების შემდეგ სახეში ცხელი მყრალი ორთქლი მოგხვდებოდა. 6-ადგილიან საკანში 25 კაცი! კედლები, ჭერი და იატაკი ნესტით და ნასუნთქი მძიმე ჰაერით იყო გაჟღენთილი, პატარა რკინისგისოსიანი სარკმელი კი ისე იყო მიდუღებული, რომ ოდნავ ძლივს იღებოდა. პატიმრები სარკმელთან მორიგეობით მიდიოდნენ და სუფთა ჰაერს ხარბად ისუნთქავდნენ, თუ შეიძლება ასეთ ჰაერს სუფთა ეწოდოს, რადგან გლდანის საპყრობილის მახლობლად ქალაქის ნაგავსაყრელი მდებარეობდა, სადაც ნაგავს ყოველ ღამე წვავდნენ და ციხის ტერიტორია ნამწვავის კვამლში იძირებოდა. გაუსაძლის სიცხესა და უჰაერობას პატიმრები ხელოვნური „ვენტილაციით“ ებრძოდნენ. ამისთვის საკუთარ ტანსაცმელს ხელაწეულები ჰაერში ატრიალებდნენ. საშინელ სინესტეს გაუმართავი წყალგაყვანილობიდან ჩამონაჟონიც ემატებოდა. ოჯახის წევრები პატიმრებს ტანსაცმელს უგზავნიდნენ, მაგრამ სანაცვლოდ უკან არაფერი უბრუნდებოდათ. იქ ნაცვამი ტანსაცმელი გასარეცხადაც აღარ ვარგოდა.

“პატიმარი, რომელსაც ნერვები უმტყუნებდა, საკუთარ ვენებს კბილებით იღრღნიდა, ან გამოექანებოდა და კედელს თავით ეჯახებოდა, რომ ცოტა ხნით მაინც დაეკარგა გონება”.

ციხის საკანი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში

პატიმრებს არ ეძლეოდათ ტუალეტის ქაღალდი. თეფშებისა და კოვზების არასაკმარისი რაოდენობის გამო კი, რამდენიმე პატიმარი საერთო ჯამიდან თითებით იღებდა საკვებს. ისინი ხან უსიგარეტობით იტანჯებოდნენ და ხანაც მისი კვამლით, როცა 2-3 დღეში ერთხელ შემოწოდებულ „ასტრას“, ყველა ერთად მოუკიდებდა. პატიმრებს ყველაზე მტად ძილი ენატრებოდათ. ზოგს ფეხზე დამდგარს ჩაეძინებოდა, ზოგს – ჩამჯდარს, ზოგიც პირდაპირ ბეტონის სველ იატაკზე წვებოდა, რადგან ერთ საწოლზე საშუალოდ 4-5 კაცი მოდიოდა. საწოლი ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია იყო ზემოთ-ქვემოთ თითო საწოლით, რომლის ქვეშაგებს რკინის თხელი, ბრტყელი სალტეებისაგან შედუღებული გისოსები წარმოადგენდა. ძილს მონატრებული, სიცხისგან გათანგული ქვემოთ მძინარე პატიმარი, ვერც კი გრძნობდა ზემოთ მწოლი პატიმრისაგან ჩამოსული ოფლის წვეთები, როგორ ეცემოდა სახეზე.

იყო ხშირი შემთხვევები, როდესაც ადამიანები ასეთ ჯოჯოხეთურ ყოფას ვეღარ უძლებდნენ და ფსიქიკაშერყეულები თვითდაზიანებას მიმართავდნენ. იმის გამო, რომ ბასრი საგნის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ზოგიერთი პატიმარი, რომელსაც ნერვები უმტყუნებდა, საკუთარ ვენებს კბილებით იღრღნიდა, ან გამოექანებოდა და კედელს თავით ეჯახებოდა, რომ ცოტა ხნით მაინც დაეკარგა გონება. ასეთი შემთხვევისათვის ადმინისტრაციას “ამერიკული ფეხბურთის” შლემები ჰქონდა, რომელიც თასმებით ყელთან იკვრებოდა. პატიმარს, რომელიც თვითდაზიანებას მიმართავდა, თავზე ამ შლემს ახურავდნენ, ხელებს უკან უკრავდნენ და ასე, ხელფეხშეკრულს და თავდაბურულს კარანტინის გისოსიან გალიაში ათავსებდნენ, სადაც მას ხელკეტებით უსწორდებოდნენ და თან დაცინვით ეუბნებოდნენ, – რტყმევა თუ გინდა, შე კაცო, მაგაზე უარს როგორ გეტყვითო.

“იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ მცირეწლოვან და სულიერად ავადმყოფ, უმწეო პატიმარს ხელკეტებით აუპატიურებდნენ და ამ სისაძაგლეს ვიდეოკამერით აფიქსირებდნენ”.

შლემჩამოცმული, სუნთქვაშეკრული და ნაგვემი ადამიანი, რამდენიმე წუთში ხვეწნა-მუდარას იწყებდა, ოღონდ კი ხელ-ფეხი შემხსენით და შლემი ამხადეთ და თვითდაზიანებას აღარასოდეს გავიმეორებო. უყურადღებოდ მიგდებული კი, დაახლოებით ერთ საათში, გონებას კარგავდა და ჩუმდებოდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ცოცხლებს მკვდრების შურდათ”.

პოლიტიკოსის თქმით, ციხის ასეთი სისტემა იმისთვის იყო აწყობილი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში მყოფი ბრალდებულები (ბიზნესმენები, პოლიტიკური ოპონენტები, კრიმინალური ავტორიტეტები) სულიერად გაეტეხათ, რის შემდეგაც ისინი ბრალდებას აღიარებდნენ და პროკურატურის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ “საპროცესო გარიგებას” დასთანხმებოდნენ.

“ყოველ პარასკევს კარანტინი იშლებოდა და პატიმრები ჯურღმულებიდან ციხის ზედა სართულებზე აჰყავდათ. ამას, თითქოს, მათთვის მცირე შვება უნდა მოეტანა, მაგრამ კორპუსზე აწევის წინ პატიმრებს მორიგი სისასტიკე ელოდათ. ამ დღისთვის დეპარტამენტიდან სპეციალურად მოვლენილ პირებსა და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს პატიმრები სათითაოდ გაჰყავდათ და ე.წ. პადპისკაზე (ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება) ხელმოწერას აიძულებდნენ. ეს რეჟიმის მთავარი იდეოლოგიის – “ჩაშვების ინსტიტუტის” დამკვიდრების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოვლინება იყო. პატიმრებმა იცოდნენ “პადპისკაზე” უარის თქმა, რასაც ნიშნავდა, მაგრამ ბევრი ღირსეული ამაზე უარს მაინც აცხადებდა.

“თანამშრომლობაზე” დაყოლიებული პატიმრები უვნებლად აჰყავდათ ციხის კორპუსზე და სხვადასხვა საკნებში ანაწილებდნენ. “ურჩების” შემზარავი ყვირილისა და ცემის ხმა კი, რომელიც კედელზე მძიმე საგნის დარტყმის ხმას ჰგავდა, კარანტინის გარეთაც აღწევდა. წამებას 5-6 “მძიმეწონოსანი” ახორციელებდა. პროცესის დასრულების შემდეგ სისხლის გუბეები დგებოდა.

კარანტინის დაშლის დღეს პატიმრებმა “სისხლიანი პარასკევი” დაარქვეს. განსაცდელმა მრავალი მათგანი ღმერთთან მიიყვანა. პარასკევს მაცხოვარი ჯვარს ეცვა და კაცობრიობა ცოდვის ტყვეობისაგან გაათავისუფლა, “სისხლიან პარასკევს” წამებულ პატიმართა ლოცვამ კი, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველო სისხლიანი რეჟიმის ტირანიისაგან გაათავისუფლა”, – წერს ლევან ჩაჩუა.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი