“აქლემის გრიპი” – ახალი ვირუსი მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის არ არსებობს.
ბოლო დღეებია, საზოგადოებაში ისმის კითხვა, დგას თუ არა მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე? კატარში, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ,,აქლემის გრიპის” (იგივე MERS) რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
აქლემის გრიპი დაუდასტურდათ ფრანგ ფეხბურთელებსა და ბრიტანეთში დაბრუნებულ 3 ადამიანს. ამას ემატება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება მოსალოდნელი მეორე პანდემიის შესახებ.
“ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას, რომ უფრო მომზადებულად გავუმკლავდეთ მეორე პანდემიას, რომელიც აუცილებლად იქნება” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, ახალი ვირუსი შეშფოთებისა და შემთხვევათა მატების საბაბს იძლევა. მათივე ცნობით, ვირუსი ძალიან ჰგავს კოვიდ 19-ს, თუმცა ,,აქლემის გრიპი” უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით გამოირჩევა.
დაავადების მთავრი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ცხელება, ხველა, ქოშინი, პნევმონია, დიარეა, ღებინება, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი. სიმპტომები ინფიცირებულთან კონტაქტიდან 5-6 დღის შემდეგ ვლინდება. ვირუსის გადადება ან ინფიცირებულთან ან აქლემთან კონტაქტის გზით ხდება. ასევე ერთ-ერთი რისკი დაუმუშავებელი აქლემის ხორცისა და რძის მიღებაა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად ვირუსის 2600-ზე მეტი ლაბორატორიული შემთხვევაა აღწერილი, ხოლო 935 ადამიანი გარდაიცვალა.
,,აქლემის გრიპის” პირველი შემთხვევა 2012 წელს საუდის არაბეთში დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების წყაროდ აქლემები ითვლებიან. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის არ არსებობს. ექსპერტები საზოგადოებას ჰიგიენის ნორმების დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ინგა ფუტკარაძე