პატიმარ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანის მოთხოვნით დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს

იუსტიციის მინისტრმა მათ ძალით ვაჟკაცები და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხი უწოდა.

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები – დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე, აბდულა ისლაიმოვა და თემურ ჯანაშია, მეორე დღეა პარლამენტში შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა – “მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება”.

როგორც აცხადებენ, შიმშილობას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰუმანიტარული მიზნით, სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.

დღეს მოშიმშილე დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოინახულა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

მოშიმშილეები აცხადებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მზად არიან საპარლამენტო მანდატიც დატოვონ. თუმცა, ამ საკითხზე პარტია ორად არის გაყოფილი.

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის, აცხადებს, რომ 2-3 დეპუტატის მხრიდან მანდატის დატოვება, “ქართულ ოცნებას” ზიანს ვერ მოუტანს. ამიტომ, უმჯობესია, პარლამენტი “ენმ”-ის ფრაქციამ სრულად დატოვოს.

ხმაური იყო დღეს პარლამენტში, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და ბანერები მიიტანეს, წარწერით – “ნუ კლავთ!”.

იუსტიციის მინისტრმა კი მათ ძალით ვაჟკაცები და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხი უწოდა.

“დასხედით, ხუთიანიც ვერ მიიღეთ, ხომ ხედავთ, ორიანს ვერ ცდებით. მინდა ქართველ ხალხს ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო. თუ კი 2012 წლამდე ,,წამების ფესტივალი” იმართებოდა, ახლა სპორტის ფესტივალი იმართება“, – მიმართა რატი ბრეგაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს.

მას შემდეგ, რაც მსჯავრდადებული სააკაშვილის ოჯახმა დაჟინებით მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ,,ვივა მედში” მკურნალობის კადრები გაესაჯაროებინათ, მიღებული შედეგით კმაყოფილნი ვერ დარჩნენ. ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტი ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა საზოგადოებამ პატიმრის სიმულიანტობის ფაქტები იხილა.

“ენმ”-ისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერების თქმით ბრეგაძის უწყებამ ვიდეო მასალა დაამონტაჟა და ექს-პრეზიდენტი თავს გაცილებით ცუდად გრძნობს.

ამას ემატება 15 დეკემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც. ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ,,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ევროპული ფასეულობა არ არის”. ისინი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობასაც ითხოვენ.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი