“პოლიტიკური პორნოგრაფია” ქართულ პოლიტიკაში – სააკაშვილს სიმულიანტობა არ გაუვა

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი და რამდენად კანონს მიღმაა ხელისუფლების ქმედებები „ვივამედიში“ მოთავსებული მსჯავრდადებულის მიმართ? – ეს კითხვები აქტიურად ისმის მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ბინადარი, შემდეგ კი სამოქალაქო კლინიკის პაციენტი გახდა.

ნაციონალები და მათი ლობისტები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, პოლიტიკურ წრეებსა თუ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, აქტიურად საუბრობენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებასა და სავარაუდო მოწამვლაზე. ამ უკანასკნელზე დაზუსტებული ინფორმაცია, ანუ სამედიცინო დასკვნა, არ არსებობს. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომელიც „ემპათიის“ ექიმებმა და ექსპერტებმა დააფიქსირეს.

როგორც უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, სააკაშვილის მოწამვლაზე ნაციონალებმა და ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიამ, ვარაუდი გამოთქვა სააკაშვილის მოწამვლაზე და შეეცადა მომავლის კვალი რუსეთთან, პუტინის ინტერესებთან დაეკავშირებინა.

მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს, როგორც იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლება, ისე ამ ინფორმაციის არ სჯერათ, იმ ექსპერტებს და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს დღეს ყველაზე მეტად სწორედ საქართველოს ხელისუფლება უფრთხილდება. მიზეზი მარტივია – სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სააკაშვილისთვის პატიმრობის უზრუნველყოფა, ისეთ პირობებში, სადაც არა მხოლოდ მისი უფლებები იქნება დაცული, არამედ სათანადო მკურნალობასაც მიიღებს.

სხვათა შორის, სააკაშვილის უფლებების დაცვა და მისი სათანადო მკურნალობა რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადებითაც შეახსენა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებამ, ოპოზიციურ სპექტრში უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე მისი კადრების გავრცელება დანაშაულია და ამაზე ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. ამ შინაარსის განცხადება ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა და მიუთითა, რომ საჩივარს სარჩელს აუცილებლად შეიტანდნენ ვიდეო კადრების სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ სააკაშვილთან შეუთანხმებლად გავრცელების გამო, რითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც უნდა დაინტერესდეს.

ამ განცხადებების პარალელურად პარლამენტის “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე დეპუტატმა შიმშილობის აქცია წამოიწყო, მოთხოვნით – “უზრუნველყონ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა”.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია კადრების გავრცელებამ, თუმცა მიაჩნიათ, რომ იქიდან გამომდინარე, რადგან სააკაშვილის წამების და მოწამვლის ფაქტით ექსპრეზიდენტის ოჯახი და მისი უცხოელი ლობისტები აქტიურად აპელირებდნენ, ჯობდა კადრების გასაჯაროება და ამით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება.

„ახლა ვეღარ იტყვიან, რომ სააკაშვილის არის ნაწამები“, – ამბობს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი.

კადრების საჯაროდ გავრცელების შემდგომ ექსპრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

„მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საავადმყოფოდან გამოსულმა მესამე პრეზიდენტის დედამ.

ალასანიასთვის, სავარაუდოდ, ბევრად მნიშვნელოვანი ევროპარლამენტის რეზოლუციაა, ვიდრე სააკაშვილის რეალური მდგომარეობა და კადრების გავრცელება, რადგან ძირითადი აქცენტი მედიასთან სწორედ რეზოლუციაზე გააკეთა.

“გავრცელებული კადრები, როგორც შევამჩნიე, ძალიან აქტუალურია. თვითონ მას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათა შორის, ერთ-ერთ კადრში მეც ვარ, ვიღაც თავისმომჭრელებმა კადრში თავი მომაჭრეს, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის, პენიტენციური სამსახურის უფროსის და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანა.

ხაჭაპურიძის თქმით, ის ითხოვს უფლებამოსილება შეუჩერდეს სამივე მათგანს, რადგან არ გამორიცხავს მათ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაში მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული.

ამასთანავე, ადვოკატმა საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგაც, ვინც ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, „რომლებიც ცალსახად, სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად უნდა ჩაითვალოს“.

ასე რომ, ექსპრეზიდენტის ადვოკატი სააკაშვილის კადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„დაყენებული არის 4 მოთხოვნა. ერთი აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის კადრების უკანონო-ჩაწერა-გავრცელებაზე, რადგან არის ეჭვი, რომ ხმაც იწერება, რისი უფლებაც არ აქვთ. ამას გარდა, მოვითხოვეთ აღიძრას სს საქმე იმ დეპუტატების და პოლიტიკოსების მიმართ, ვინც განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს სასამართლოზე ზემოქმედებად“, – განაცხადა მედიასთან შალვა ხაჭაპურიძემ.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტებში კითხვებს არა კადრების გასაჯაროება, არამედ სააკაშვილის ქცევა და მის მიერ ხელების დაკაწვრა იწვევს. აგრეთვე აგრესია, რომელსაც ექსპრეზიდენტი საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ იჩენს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მისი ფსიქიკური გამოკვლევა სტაციონარში უნდა განხორციელდეს და არა ისე, გასაუბრებით, როგორც ეს ნობელიანტმა უცხოელმა ფსიქიატრმა გააკეთა.

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი