Heritage – მადერები და თბილისის გერმანული მემკვიდრეობა

პირველი გერმანელები საქართველოში 2 საუკუნის წინ, 1817 წელს ჩამოვიდნენ და თავიანთ დასახლებები შექმნეს.

მიხაილოვის პროსპექტი. სასტუმრო “მადერა”

გერმანელების მიგრაცია მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან და რელიგიურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. 1818 წელს, თბილისის შემოგარენში სოფელ კუკიის სიახლოვეს ნოი-ტიფლისი დაარსდა და იქ გერმანელი ოსტატ-ხელოსნები დაასახლეს. 1824 წელს ნოი-ტიფლისი, კუკია და ჩუღურეთი თბილისს შეუერთდა და კოლონია მტკვრის მარცხენა სანაპიროს პარალელურად, სწორხაზოვნად დაიგეგმა. მის მთავარ ქუჩას დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვის სახელი ეწოდა (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი).

 

დღეს, ნოი-ტიფლისის ყოფილ ქუჩებზე გერმანელთა ავთენტური არქიტექტურა თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ შემორჩენილია საინტერესო შენობები და ამ შენობებთან დაკავშირებული ისტორიები.

ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების თანამშრომელი ნინო გედენიძე მედია სააგენტო “24”-ს თბილისში, ​სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Heritage-სა და მადერების შესახებ უამბობს. ამ გვარის წარმომადგენლები გერმანელ კოლონისტთა პირველ თაობას ეკუთვნოდნენ და თავდაპირველად კასრებს ამზადებდნენ, მოგვიანებით კი ლუდის წარმოება დაიწყეს.

“თავიდან მეგონა, რომ სასტუმროს სახელი ძველთბილისური იერის შენარჩუნებას უკავშირდებოდა. შეიძლება ასეც არის, აუცილებლად გავარკვევ, მაგრამ ეს სახელი ამ პატარა ქუჩასაც მოუხდებოდა”, – ამბობს ნინო გედენიძე.

ქუჩის ისტორიამ ისე ჩაითრია და სხვადასხვა ამბების იმდენი გორგლის წვერს გამოჰკრა თითი, რომ…

“აღარც ვიცი საიდან დავიწყო. თავიდან, პირობითად, თავიდან ვიწყებ. ქუჩის თავში დღესაც დგას გამორჩეული შენობა, არა მხოლოდ თეთრი შეფერილობის, არამედ არქიტექტორული თვალსაზრისითაც გამორჩეული. №2 , ის სახლია სადაც მადერები ცხოვრობდნენ, ამავე ქუჩაზე მდებარე კიდევ ერთი სახლი ეკუთვნოდათ მადერებს. თუმცა, ვფიქრობ რომ მხოლოდ მათი კუთვნილი სახლების სიმრავლით არ უნდა განპირობებული ქუჩისთვის მადერის სახელის მიკუთვნება.

ამ გვარის წარმომადგენლები გერმანელ კოლონისტთა პირველ თაობას ეკუთვნოდნენ და თავდაპირველად კასრების კეთებით იყვნენ დაკავებულები. კასრები, ხის სამუშაოები. მოგვიანებით კი ლუდის წარმოება , შავი ლუდის გემო სწორედ მადერების წყალობით გაიგეს თბილისელებმა. სავარაუდოდ, თავდაპირველად სწორედ ამ ქუჩაზე ხდებოდა ლუდის კუსტარულად წარმოება. უკვე მოგვიანებით იყო ქარხანაც და სასტუმროც.

ალბათ, საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რომ კავკასიაში პირველი ასოთჩამომსხმელი სახელოსნოს დაარსება ჰენრიხ მადერას უკავშირდება. ჰენრიხ მადერას შვილიშვილი გახლავთ ვიქტორ მადერა, რომელმაც სსრკ-ში მცხოვრები გერმანელების (და არა მხოლოდ) მთელი სიმძიმე და ტკივილი საკუთარ თავზე გამოცადა და რომელმაც, რატომღაც მივიწყებული მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა. ვიქტორ მადერაზე და მის მემკვიდრეობაზე სასაუბროდ დაგიბრუნდებით, შეხვედრამდე”, – გვწერს ნინო გედენიძე.

 

შორენა ღავთაძე