ევროპა მწვანე ენერგიას საქართველოდან მიიღებს – ისტორიული მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ევროკავშირთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელი დააკავშირებს. პროექტის იდეა და ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის. ოთხმხრივ მემორანდუმს ხელი ბუქარესტში მოეწერა.

აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გაფორმდა. შედეგად – ევროპა მწვანე ენერგიას სწორედ საქართველოს გავლით მიიღებს. საქართველო კი, როგორც ენერგიის იმპორტს, ასევე ექსპორტს განახორციელებს.

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 500 კვტ წყალქვეშა კაბელი აზერბაიჯანს უნგრეთთან, საქართველოსა და რუმინეთის გავლით, დააკავშირებს. გარდა ელექტროკაბელისა, საქართველოსა და რუმინეთს შორის ზღვაში, ტელე-კომუნიკაციას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელიც ჩაიდება.

კაბელის სიგრძე 1195 კილომეტრია, აქედან 95 კილომეტრი სახმელეთოა, ხოლო 1100 კილომეტრი – წყალქვეშა. ელექტროენერგიის სიმძლავრე 1000 მეგავატია. პროექტი ექსპლუატაციაში 2029 წელს ჩაეშვება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ელექტროკაბელის მშენებლობის შედეგად, საქართველო ენერგო ჰაბი გახდება.

“ელექტროკაბელის მშენებლობის შედეგად, საქართველო ენერგო ჰაბი გახდება. ეს შეთანხმება, ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს სამხრეთ კავკასიაში, კიდევ უფრო მეტად დაახლოებით. განახლებადი ენერგიის მისაღებად, ჩვენ უფრო ძლიერი ელექტროენერგიის ურთიერთკავშირი გვჭირდება, სწორედ ამიტომ არის შავი ზღვის ელექტრო კაბელი რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ასეთი მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა რუსულ საწვავზე უარი თქვა და ენერგიის დივერსიფიკაციის პროცესი დაიწყო. პროექტის შედეგად კი, ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა გაჩნდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის.

ფაქტზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

“ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, აღნიშნულ პროექტს საქართველოსთვის უდიდესი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამასთან, ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

ისტორიული მემორანდუმის მნიშვნელობა საქართველოს გეოპოლიტიკური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა მედია სააგენტო “24”-თან შეაფასა.

მურმან მარგველაშვილი

მისი თქმით, პროექტი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირს, მათ შორის, სავაჭრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მიმართულებებით.

ენერგეტიკოსის თქმით, პროექტი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. იტალიელები შავი ზღვის ფსკერს 2023 წლის ბოლომდე შეისწავლიან და დაადგენენ შესაბამის პარამეტრებს, მაგალითად, სადენის სიმძლავრეს, ის თუ რამდენ ენერგიას გაატარებს, როგორ დაფინანსდება, რამდენი იქნება საქართველოს, აზერბაიჯანის წილები და ა.შ.

იმისათვის, რომ საქართველომ პროექტიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და ენერგია გაყიდოს, მურმან მარგველაშვილის მოსაზრებით, აუცილებელია, ქვეყანამ ჰიდროენერგეტიკა, ქარისა და მზის ენერგია განავითაროს. ამასთან, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციიდან ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, საჭიროა საერთაშორისო მოლაპარაკებების სწორად წარმართვა. ამის მაგალითს, მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველი – ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი წარმოადგენს.

“შესაძლებელია, ისეთი ჰაბი გავხდეთ, რომ არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ სხვადასხვა ქვეყანას დავუკავშირდეთ. არის შანსი იმისა, რომ ევროკავშირთან დამაკავშირებელი ვაჭრობის ცენტრი ვიყოთ. ელექტრო სადენის დატვირთვა გაიზარდოს და მას სხვადასხვა ქვეყანა და ექსპორტიორები მიებას”, – ამბობს მარგველაშვილი.

მისი თქმით, თუ საქართველო სტრატეგიული ინფრასტრუქტურით დაუკავშირდება ევროკავშირს, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიები გაიზრდება. ამიტომ, ენერგეტიკოსის შეფასებით, საქართველომ

მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადოს იმისათვის, რომ პროცესის არა პასიური, არამედ აქტიური მონაწილე გახდეს, რომელიც თავის ინტერესებს დაიცავს.

“24”-ის კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა საქართველოსგან ევროკავშირმა მწვანე ენერგია საბაზროზე დაბალ ფასად წაიღოს, მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ პროექტი წინასწარ არის დასათვლელი და ყველა პირობაა შესამუშავებელი, მათ შორის, საქართველოს ენერგიის გადამცემი ქსელისა და გენერაციის ხაზების განვითარება, რასაც სერიოზული ინვესტიციების განხორციელება სჭირდება.

“რატომ უნდა მივაწოდოთ საბაზროზე დაბალ ფასად? სწორედ მანდ არის სამუშაო, რომ ჩვენ ევროკავშირის თანაბარი პარტნიორი ვიყოთ, თანაბრად მივაწოდოთ ჩვენი და ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე, დამატებითი სარგებელი მივიღოთ”, – ამბობს მურმან მარგველაშვილი.

ევროკომისიის შეფასებით, შავი ზღვის ელექტრო კაბელი შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია, რომელიც საქართველოსა და მის ევროპულ ბედს დიდ სარგებელს მოუტანს. ამასთან, პროექტი საქართველოს ევროკავშირის შიდა ელექტროენერგიის ბაზართან დააკავშირებს.

გარიგება ახალი შესაძლებლობაა ევროპელი კომპანიების ფრანგული Nexans-ისა და იტალიური Prysmian-ისთვის. იტალიურმა კომპანია Prysmian-მა ნოემბერში განაცხადა, რომ წყალქვეშა კაბელისთვის 2025 წელს, ახალ 240 მილიონი ევროს ღირებულების გემს ააშენებს.

შედეგად, კაბელს უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული და გეოპოლიტიკური დატვირთვა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიენიჭა. ამასთან, ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

 

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი