ევროპარლამენტარები მიშას სურათებით, როგორც საბჭოთა დროს ლენინის – შანტაჟი თუ გარიგების მცდელობა

“ევროპარლამენტარები დგანან მიშას სურათებით, როგორც ლენინის სურათებით იდგნენ საბჭოთა დროს. შოკისმომგვრელი იყო ამის ნახვა” – ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან

რა ინტერესები ამოძრავებთ ევროპარლამენტარებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რა დათმობაზე არ უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“, რატომ აღმოჩნდა მოსამართლეთა ნაწილი თვითცენზურის რეჟიმში და რა ტიპის კვლევის აუცილებლობა იკვეთება სააკაშვილის კადრებიდან? – საზოგადოებისთვის საინტერესო ამ და სხვა საკითხებზე მედია სააგენტო “24”-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა.

– თქვენთვის, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტისთვის, რა აჩვენა სააკაშვილის კადრებმა, რომელსაც თავად პოლიტიკური პორნოგრაფია უწოდა?

– სააკაშვილის გამონათქვამზე შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი. ის ასე ფიქრობს და მე თავს უფლებას ვერ მივცემ, რაიმე ფორმით მისი გამონათქვამი შევაფასო ან გავაკრიტიკო. რაც შეეხება კადრებს, ჩემთვის ეს კადრები ძალიან მძიმე იყო. მიშას თავისებურებები და მისი იმპულსურობა, ყველამ ვიცით. ბევრი რამ ჰქონდათ ჩემთვის ნათქვამი. მაგრამ, რაც ჩემი თვალით არ მინახავს, იმას არც ვავრცელებ და არც ვიმეორებ. რაღაცები მესმოდა მის თავისებურ ქცევებზე. თუმცა, რაც ვნახე, ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო. სერიოზულად დავითრგუნე, ადამიანურად კი არა, პროფესიულად. როცა საქმეს დავინახავ, როგორც ექსპერტი, ვცდილობ, ასეთ დროს, არანაირი ემოცია არ ჩავდო – არც შებრალება, არც თანაგრძნობა, რადგან ეს საქმეს უშლის. პროფესიულად მე, მაგალითად, ასეთ სირთულეს არ ველოდი. ის მოძრაობები, მისი ეს შეტევა, რაც ვნახეთ, ძალიან მძიმე სანახავი იყო. სტრესულ სიტუაციაში ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. მიშა სხვა ფსიქოტიპია. სხვა ფსიქოტიპი სხვანაირად რეაგირებს. თორემ, ციხე არავის მოსწონს და ყველას უჭირს. ადაპტაციური სტრესი ყველასთვის არის. მაგრამ დავინახე, რომ მისთვის ეს ძალიან რთული იყო. ამას თავისი მიზეზი აქვს. ციხეში ყოფნა ბევრ პატიმარს უჭირს, ამის გამო არავინ, არსად გაუთავისუფლებიათ. თვეებია შინაგანად მქონდა განცდა, რომ ადამიანს თითქოს არ ვმკურნალობთ ისე, როგორც საჭიროა.

– რას გულისხმობთ?

– მიმართულების აღრევას. 6 თვე კეთდებოდა ექსპერტიზა. სახალხო დამცველის კომისია იყო და ამბობდნენ, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები არიან ჩართულიო. საბოლოო ჯამში, კონკრეტული კატეგორიული დასკვნები არ დაიდო. არც ერთი, არც მეორე მხრიდან. დაიდო მხოლოდ ვარაუდები სახალხო დამცველის კომისიამ თქვა, რომ ბევრ რაღაცაში ვერ ვსვამთ დიაგნოზსო და ამიტომ, მისი უცხოეთში გადაყვანა არის საჭირო. მეორე დასკვნაში – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ პატიმრობასთან შეუთავსებელია, ოღონდ, რატომ – არგუმენტაცია არ იყო. წამებაზე იყო საუბარი და ვარაუდი, მოწამვლაზე. წამებას, პენიტენციურ სისტემაში დღეს ადგილი რომ არ აქვს, ეს ძალიან კარგად ვიცი. ამაში არავინ შემედავოს. არავის ჰქონია, დამოუკიდებელ ექსპერტებში იმდენი შეხება, რამდენიც მე და ალეკო გეჯაძეს გვაქვს. წამების ფაქტები ძალიან ბევრი მქონდა ადრე, შევარდნაძის დროსაც – ცემა და სხეულის დაზიანებები, დაკავებისას, თვითონ სისტემაში. სააკაშვილის დროს, სანამ უფლება მქონდა მუშაობის, მანამდე – ბევრი იყო. მაგრამ ახლა კატეგორიულად, დარწმუნებით ვიტყვი, რომ ეს აღარ ხდება. ამიტომ, წამებაზე ერთ წუთით არ მიფიქრია. მაგრამ მოწამვლაზე გახვიდე მხოლოდ ვარაუდის დონეზე, რომ ამან შეიძლება მოწამლა, ასე არ იწერება დასკვნაში. მოწამვლა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა მოწამვლა სიკვდილს არ იწვევს. „შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი“ – ეს ძალიან ხმამაღალი სიტყვებია. ამას სხვანაირი დასაბუთება ჭირდება. მე კი არ ვამბობ, რომ არა-მეთქი, უბრალოდ, დასაბუთება უნდა სხვანაირი. პროფესიულად გული მწყდება, ორმა კომისიამ იმუშავა და კატეგორიული დასკვნა ვერცერთმა დადო. დავუშვათ, ის ეპიზოდი წამებად მიაჩნიათ, მაგრამ დიაგნოზი? – ის, რაც ჩვენ კადრებში ვნახეთ, ამაზე საუბარი არ ყოფილა.

მაია ნიკოლეიშვილი

– სწორად მოიქცა სააკაშვილის ოჯახი, როცა უცხოეთიდან ჯერ ფსიქოლოგი, შემდეგ კი ფსიქიატრი მოიწვია?

– მერე, კატეგორიული რა თქვეს და რა დაწერეს? ის პრესრელიზი მე მაქვს. კი, ეს სწორი იყო. ოჯახმა მეტი იცოდა, ამ ტიპის შეტევების, იმპულსურობის, უმისამართო აგრესიის, არამოტივირებული აგრესიის შესახებ. ეს გენერალიზებული აგრესიაა. ალბათ, ოჯახმა იცოდა ამის შესახებ და ამიტომ მოიწვია. პოლიტიკურ მიზანშეწონილობას თუ ჰქონდა ადგილი, რომ ეს არ დაიწერა, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ. მე ამან გამაოგნა. ამდენი ექიმი ტრიალებდა და ის, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, ამის შესახებ საუბარი საერთოდ არ იყო. თუნდაც ის ნაკაწრები, რომელიც ვნახეთ. ამას თავის შეფასება აქვს ერთიანობაში და ამაზე საუბარი არ იყო. მერე ადვოკატისგან იყო ნათქვამი, ბუბა კიკაბიძე იყო მისული სააკაშვილის სანახავად და თითქოს შეაყოვნესო, არ შეუშვესო. მიშამ კარებს ხელები და ფეხები იმდენი ურტყა, რომ დაისისხლიანაო. ეს უკვე ექიმისთვის ბევრ რამეზე მეტყველებს. მეტი ინფორმაცია არ მქონდა. უბრალოდ, ამით ვამბობდი, ხომ არ არის ის, რომ აქ გარკვეული პრობლემებია არა სომატური ანუ ორგანული ხასიათის, არამედ ან ფსიქოლოგიური ან ფსიქიკური და უცებ ვნახულობ ასეთ მიშას. ამიტომ გავოგნდი, რატომ არცერთმა არ თქვა, რომ ადამიანს აქვს ასეთი ტიპის, ასეთი მდგომარეობა. მას სულ სხვანაირი ტიპის მკურნალობა უნდა. „ვივამედში“ კი არა, მას უნდა სხვანაირი მკურნალობა. დაზუსტება იმის, რომ ეს ფსიქოლოგის პაციენტია, ფსიქოლოგი პრეპარატებით არ მკურნალობს, თუ უკვე ის მდგომარეობაა ფსიქოლოგიური, როდესაც იგივე პრობლემას, უკვე ფსიქიატრი უნდა ჩაუდგეს თავისი პრეპარატებით. აი, ეს დავინახე და ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. თვითონ ის ფაქტი, რომ კადრები გასაჯაროვდა, ძალიან არასასიამოვნოა. მე მგონი, არცერთ ჩვენგანს არ სიამოვნებს ამის ნახვა, რასაც თვითონ, მთავარმა მოქმედმა პირმა, პორნოგრაფია უწოდა. ძალიან მძიმეა ეს კადრები და ვისურვებდი, ასეთი კადრები არასოდეს ყოფილიყოს, გასაჯაროებული. მაგრამ, მეორე მხრივ, შევხედოთ – ევროპარლამენტარები დგანან მიშას სურათებით, როგორც ადრე ლენინის სურათებით იდგნენ ხოლმე. შოკისმომგვრელი იყო ამ პარლამენტარების ნახვა – დამწკრივებულები, რომ იდგნენ მიშას სურათებით. აქ დარტყმა მიდიოდა, ერთი მხრივ ადამიანის გათავისუფლებაზე, ოღონდ კანონის გვერდის ავლით. სასამართლოს წინ, იმ ეტაპზე, როცა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტი ქვეყანაში სასამართლოზე ზემოქმედებად ითვლება და მეორე მხრივ – ეს საქართველოზე დარტყმა იყო. როდესაც ამბობ, რომ პენიტენციურ სისტემაში წამებაა, არადა ასეთი სუფთა პენიტენციური სისტემა წამებისგან არასოდეს ყოფილა.

– თან ყოფილ პრეზიდენტზეა საუბარი და მის წამებაზე. ეს ხომ, სერიოზული ბრალდებაა?

– თან იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ყოფილი პრეზიდენტი უდანაშაულოა, არა. ჰუმანიტარული სამართლიდან გამომდინარე, უნდა გაათავისუფლოთ, უნდა!.. აქ უკვე საქართველოს იმიჯზე იყო დარტყმა. ევროპარლამენტიდან, ფაქტობრივად, შანტაჟი წამოვიდა: – სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდება, ევროკავშირის წევრობას ვერ ეღირსებით! ასევე კატეგორიულად, დებიძინიზაცია თუ არ მოხდა ანუ ყველაზე დიდი ქველმოქმედის საქართველოდან, გავლენები თუ არ შემცირდა, არ ვიცი, როგორ უნდა შემცირდეს ან რა გავლენებზეა საუბარი, თუ ეს არ მოხდა, ევროკავშირის წევრები ვერ გახდებითო, ანუ წავიდა ვაჭრობა ორი პერსონით: ერთი – რომელიც საქართველოში ასოცირდება წამებასთან, საკონცენტრაციო ბანაკების შექმნასთან, ადამიანის ღირსების აყრასთან, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის სულიერ ნგრევასთან; და მეორე – რომელიც ასოცირდება, ყველაზე დიდ ქველმოქმედებასთან, საქართველოსთვის უანგაროდ გაკეთებულ ქველმოქმედებასთან და ამავე დროს, არის რეჟიმისგან გამათავისუფლებელი ანუ სრული ანტიპოდი. გეუბნებიან, ის, ვინც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის რეჟიმისგან გამათავისუფლებელია, წავიდესო და ის, ვინც რეჟიმი შექმნა, რომელიც თქვენ გაწამებდათ, გაათავისუფლეთო. ეს, ავტომატურად, ნიშნავს, რომ ის მოვა სათავეში. უკრაინელების გამონათქვამები გვახსოვს, რომ საქართველო ჩაერთვება ომში და დაინგრევა, დაიქცევა. ამის მერე, საერთოდ, სიმართლე სად არის. გამაოგნებელია, რასაც საქართველოს მიმართ ვხედავთ.

– სააკაშვილის უფლებები კადრების გასაჯაროებით, დაირღვა?

– საკითხს ასე დავაყენებდი – არის მიშას უფლებები და არის საქართველო. საქართველოს იმიჯი, ხვალინდელი დღე და საქართველოს მოსახლეობის 80%-ის მომავალი. რატომ გავაკეთე ეს ბმა? – რა უფრო მნიშვნელოვანია, მიშას უფლებები თუ საქართველოს მოსახლეობის 80%-ის უფლებები მშვიდობაზე, ხვალინდელ დღეზე და განვითარებაზე. რა თქმა უნდა, 80%-ის უფლებები უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, დილემა სწორედ ესაა. რომელია სწორი. შეიძლება ცალკე აღებული განიხილო, მისი უფლებები ამით დაირღვა, მისი პირადი სივრცე, ხელშეუხებლობა, მაგრამ როდესაც ამ ადამიანის გამო ამ 47%-ის უფლებებს, მშვიდობიან ცხოვრებას – სიცოცხლის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, როდესაც ადამიანი არის პენიტენციურ სისტემაში, იქ პირადი ცხოვრება ეზღუდება. ის ვერასოდეს განიხილება ისე, როგორც გარეთ მყოფი. გამორიცხულია. იმიტომაც არის სასჯელის აღსრულების დაწესებულება. იქ პირად ცხოვრებას შეზღუდვები აქვს. პირველი – თავისუფლების უფლება არის შეზღუდული და მთელ რიგ უფლებებში შეზღუდულია ის ადამიანი. წარმოიდგინე, მისი უფლება და ადამიანების, რომლებსაც თავისუფლებაც აქვს, გადაადგილების უფლებაც, არანაირი სასჯელი არ ადევთ, სიცოცხლის უფლება აქვთ და თავის ქვეყანაში ცხოვრების უფლება. ჩვენ არ გვინდა ლტოლვილებად ვიქცეთ. ჩვენ მშვიდობიან საქართველოში და ჩვენ მიწაზე გვინდა ცხოვრება. როცა ეს ორი ერთმანეთს ეჯახება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, კადრების გამოქვეყნების სასარგებლოდ თუ ეს საქართველოსთვის და ქვეყნისთვის არის საჭირო, რა თქმა უნდა, მაშინ ერთი ადამიანის ინტერესებს და უფლებებს ასობით-ათასის ინტერესები, უფლებები გადაწონის.

– რატომ ცდილობენ ევროპარლამენტის დეპუტატები აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლის ჩარჩოებიდან გავიდეს და კანონგარეშე იმოქმედოს?

-დღევანდელი ევროპარლამენტი, ვფიქრობ, საკმაოდ დისკრედიტებულია. მისი ის ნაწილი, ვისაც ლობისტები ჰქვია. ადრე თუ ლობიზმი ჩვენ წარმოგვედგინა, ნორმალურ მოვლენად, დღეს ვნახეთ, მექრთამეობის, ადრე „სახალხო პარტიას“ ჰქონდა ასეთი პრეცედენტები. დღეს კაილი – აგერ რამხელა სკანდალია ატეხილი. ჩვენ ისედაც ხომ ვხედავთ, რომ კუბილიუსები და ფოტიგები, მომაგრებულები არიან იმისთვის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაკბინონ, პირდაპირი მნიშვნელობით. ამ ფონზე, მათი ლობიზმი, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პროტექციონიზმი, უსამართლო აბსოლუტურად. არ მინდა კანდიდატის სტატუსის არმიღებას შევეხო. ეს არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება, რაც იქ ნორმად არის მიჩნეული და ბუნებრივია, რაღაც გარკვეული დაინტერესება – მექრთამეობა, კორუფცია, ჩემი აზრით, აქ დევს. სხვა მიზეზი ამას არ აქვს. მით უმეტეს, ვიცით გარკვეული პირების ქორწილების გადახდები, საჩუქრები ა ა.შ. რაც ოფიციალურად არის მითითებული. ამაზე, უბრალოდ, არ ვლაპარაკობთ. ხომ გეუბნებით, ეს პირველ რიგში, უსამართლობაა. მეორე – დაინტერესება არის მათი და სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების სახე, ევროდემოკრატის, ალბათ, ყველაზე უფრო უარესია, რაც კი ოდესმე ყოფილა მათ ისტორიაში და ყველაზე უსამართლო და ყველაზე დაინტერესებული, ალბათ, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე.

– სააკაშვილის ქცევაში სიმულაციის ნიშნები აშკარაა?

– ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი. მე, როგორც ექსპერტმა, ჯობია, ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შევიკავო. როდესაც ამ კითხვას ჩვენ ვპასუხობთ და ეს სასამართლო მედიცინაა, ძალიან ბევრი რამ უნდა შეისწავლო. პირველ რიგში, ფსიქიატრებმა უნდა გაიგონ, სომატურია ეს დაავადება ანუ ნევროლოგიურია, ნამდვილად აქვს მას კუნთების ატროფია, ნამდვილად აქვს ნერვკუნთოვანი გადაცემის შეფერხება, პათოლოგია თუ არა. თუ ორგანული არ არის, მერე უნდა ნახო მისი ფსიქიკური მდგომარეობა. არის ცნობილი ფაქტები, როდესაც ადამიანს აქვს სრულიად ჯანმრთელი კუნთოვანი სისტემა და შეიძლება დამბლის გამოვლინება იყოს. ეს არ იყოს სიმულაცია, არამედ იყოს ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე. თუ ეს ორივე პასუხი გექნება, მერე შეიძლება ითქვას, ეს არის სიმულაცია ანუ არარსებულის მოგონება, თუ აგრავაცია – არსებულის დამძიმება. ამ დიფერენცირებას სჭირდება სერიოზული მუშაობა და მასალები. მაგრამ აქამდე ეს გამოკვეთილი არ ყოფილა. ამაზე ყველა გაჩუმდა. მიკვირს, ამდენი ექიმი მუშაობდა და როგორ არ რცხვენიათ ახლა ამას რომ უყურებენ და მათ ამის შესახებ, ან არ იცოდნენ, თუ არ იცოდნენ, ე.ი. არასაკმარისი კვლევა ჩაუტარებიათ და დასკვნა ისე გაუციათ, ან იცოდნენ და დამალეს.

– ამიტომ პოლიტიკური ხაზი ჩადეს დასკვნაში.

– მაგრამ საქმე რაშია – განსხვავებით სხვა სპეციალობის ადამიანებისგან, ჩვენ ექსპერტებს, გვაქვს სხვა ტვირთი. ადვოკატი შეიძლება არ ეთანხმებოდეს თავის დაცვის ქვეშ მყოფს, მაგრამ ვალდებულია გაითვალისწინოს მისი ხაზი. მაგრამ ექსპერტი, შეიძლება ძალიან არ მოგწონდეს ადამიანი, მაგრამ ექიმი ხარ, პირველ რიგში და მტერიც რომ იყოს, ემოციები გვერდზე უნდა გადადო და ობიექტურად იმუშაო. ყველა დასკვნაზე, რომელსაც გავცემთ, ხელს ვაწერთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და რაც მთავარია, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლზე. ჩვენ გაფრთხილებული ვართ, რომ არ უნდა გავცეთ ყალბი დასკვნა და ცრუ ჩვენება არ უნდა მივცეთ. მოსამართლე გაფრთხილებს, – თუ ყალბი დასკვნა გაეცი ან ცრუ ჩვენებას მისცემ, მაშინ ციხეში წახვალ.

– სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მოითხოვა სააკაშვილის ციხეში დაბრუნება. ეს მისთვის ფატალური იქნება და სახელმწიფოს მხრიდან კი დიდი შეცდომა?

– ეს მისთვის, რა თქმა უნდა, მძიმე იქნება. როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ვამბობ, ჯობს ჩატარდეს ფსიქიატრიული სტაციონარული ექსპერტიზა. სააკაშვილთან იყვნენ ფსიქიატრები და ჩაუტარდა ამბულატორიული ექსპერტიზა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქიატრი და ფსიქოლოგი შედიან პაციენტთან, გაესაუბრებიან მას, მედ პერსონალს ვინც მას უყურებს, მისი ოჯახის წვერებს და ა.შ. ეს არის ამბულატორიული, ასე ვთქვათ, საუბარი და რაზეც ის გესაუბრება, კი გადაამოწმებ გარემოცვაში, ახლობლებში, ოჯახის წევრებთან, მედპერსონალთან. ეს აუცილებელია. მაგრამ სტაციონარული არის ის, რომ გადაჰყავთ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე, სადაც არის სპეციალური დაწესებულება, უზრუნველყოფილია დაცვაც და ყველაფერი. აკვირდებიან დღე-ღამის განმავლობაში, 24 საათი. აი, ეს უკვე სხვა დასკვნაა. შეიძლება შეხვედრისას ადამიანმა თავი მოთოკოს, ხელში აიყვანოს, მაგრამ, როგორც კი სტრესორი შემოდის, სხვაგვარად იქცევა. აქაც, ვხედავთ, ქალბატონი შედის და უცებ არამოტივირებული, უმიზეზო აგრესიაა. როდესაც სტაციონარული ექსპერტიზა ტარდება, იქ ეს ჩანს. ამბულატორიულში, რომელიც მას ჩაუტარდა, არ ჩანდა. სააკაშვილის სტაციონარული ექსპერტიზა აუცილებელია, რომ გამოჩნდეს სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე. მე არა ვარ ფსიქიატრი ექსპერტი და ვერ გავალ მათ კომპეტენციაში. კი, როგორც ფსიქოლოგის გარკვეული ცენზის მქონე პირმა ვიცი, რაღაც საკითხები, ვხვდები, მაგრამ თავს უფლებას არ მივცემ, რომ გავიდე სასამართლო სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციიდან. ამიტომ ეს უნდა გადაწყვიტონ ექსპერტმა ფსიქიატრებმა. ეს არ ჩატარებულა, ისევე, როგორც არც სიმულაცია-აგრავაციაზე არ ჩატარებულა.

– კადრების გავრცელება ხომ არ არის გარკვეული მაპროვოცირებელი, რომ დასავლეთის ზემოქმედების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას ან სასჯელი გადაუვადოს?

– ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. ღმერთმა ნუ ქნას. ციხეებში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. რამდენიმე ექსპერტიზა მაქვს, რომლებშიც ბევრად მეტი ჯანმრთელობის პრობლემებია, ვერც შევადარებ, ისეთი მძიმე მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, მოსამართლეები ცოტა თვითცენზურას იყენებენ. ის, რომელიც გადავადებას ნამდვილად დაექვემდებარებოდა, ახლა სამწუხაროდ, ნამდვილად თავს იკავებენ სააკაშვილის გამო. ამ პატიმართან მიმართებაში. მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები ზარალდებიან სააკაშვილის გამო. ეს არის მოსამართლეების თვითცენზურა, ჩემი აზრით. ეს დაუშვებელია. თუ ასეთი პრეცედენტი იქნა დაშვებული, მაშინ ჩვენ სახელმწიფო აღარ ვყოფილვართ. ძალიან ცუდი ქვეყანა ვყოფილვართ იმიტომ, რომ სხვა უამრავი პატიმარია, ვინც ჯერ კიდევ იქ არის, და საკმაოდ მძიმე ავადმყოფია. მაშინ აბსოლუტურად დავარღვევთ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ადამიანებისას, თანასწორობას და ა.შ. ეს დიდი უსამართლობა იქნება. ეს კი, არა მხოლოდ პატიმრების, გარეთ მყოფების დიდ გულგატეხილობას გამოიწვევს. და რაც მთავარია, სახელმწიფოზე დარტყმის შანტაჟის გამო, ხელისუფლება ამაზე თუ წავიდა, მისი ავტორიტეტი დაეცემა. შეიძლება ითქვას ასე – მშვიდობის სანაცვლოდ, გავუშვათ, მაგრამ თუ ერთხელ დათმობ, მერე მშვიდობასაც ამოგიტრიალებენ და ყველაფერსაც ამოგიტრიალებენ, ბევრ რამეს დაგათმობინებენ. ეს ხელისუფლებამ არ უნდა გააკეთოს. ამ წუთას მიშაზე არ ვლაპარაკობ. შანტაჟზე არ უნდა წამოეგოს ქვეყანა, შანტაჟის მსხვერპლი არ უნდა გავხდეთ.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი