ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება
მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია ხაიშის თემის მოსახლეობა, რომლებიც აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლებისა და წინაპართა საფლავების დატბორვას არ დაუშვებენ.
2023 წელს ხუდონჰესის აშენება იგეგმება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება, შესაბამისი აუქციონი კი მომავალ წელს გამოცხადდება. სახელმწიფომ ჰესი ინვესტორისგან გამოისყიდა, მორიგების თანხა 13, 250 მილიონი აშშ დოლარი იყო.
როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ხუდონჰესი საქართველოს ელექტრო სისტემისთვის და ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესია.
,,ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავზარდოთ. 2023 წლის დასაწყისიდან აუქციონს ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ საქართველომ საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია და ენერგეტიკული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირი 5.2 კვ/კმ იქნება, ხოლო წყლის მოცულობა 500 მლნ მ3, სიმძლავრე 702 მეგავატი.
ცნობისთვის, მესტიაში ხუდონჰესი ჯერ კიდევ 1985 წლიდან შენდება. მშენებლობის იდეა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა, სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა სტუდენტების, ადგილობრივებისა და ეროვნული მოძრაობის პროტესტის გამო შეჩერდა. 2007 წელს კი პროექტზე საუბარი ისევ განახლდა და კონტრაქტი ინდურ კომპანია შპს “ტრანს ელექტრიკასთან“ გაფორმდა, რასაც ისევ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კომპანიას სვანეთის 1536 ჰექტარი მიწა 1 ამერიკულ დოლარად გადაეცა.
მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია ხაიშის თემის მოსახლეობა, რომლებიც აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლებისა და წინაპართა საფლავების დატბორვას არ დაუშვებენ.
ინგა ფუტკარაძე