თაფლით დამტკბარი ასკილის ჩაის გემო – “ნამცეცებად გაბნეული” რეზო ინანიშვილის სიკეთე

“მინიატიურული ინტერვიუ ჩავწეროთ… წაკითხვა არ დაეზარებათ…” – პირობა დამიდო, კარი გამიღო თუ არა…
1991 წელია, გაზაფხული… ვიცოდი უკვე ძალიან ცუდად იყო. ინტერვიუს თითქმის არ თანხმდებოდა. ჩემმა მეგობარმა მწერალმა მიშუამავლა და უარი არ უთქვამს.

რევაზ ინანიშვილი სკოლის მოსწავლეებს ავტოგრაფს აძლევს

ჟურნალისტი მაია ფურცელაძე გენიალურ მწერალ რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებულ მოგონებას გვიზიარებს:

“მივედი თუ არა, მეუღლეს – ქალბატონ როზას მიაძახა – მოვიდა ჩვენი გოგო, ნახე როგორი მწვანეთვალება ყოფილა… შენ წადი, საქმეს მიხედე, ჩვენ ვისაუბრებთო… ქალბატონი როზა რომ გავიდა, ცოტა ხანს დუმდა… მერე მომიბრუნდა – „მწვანე კი არა, ამას იცი რა ფერი ჰქვია?“ არ ვიცი-მეთქი, გამეცინა… „სიტყვას ვეძებდი, მაგას ისრიმისფერი ჰქვია, იცი შენა, რა არის ისრიმი?“ კი, მკვახე ყურძენი… „დიდოსტატში“ მამამზე ერისთავს ჰქონდა ისრიმისფერი თვალები-მეთქი… „რა ნიჭიერები ვართ კახელები, ყოჩაღ ქალოო“… ისე მითხრა, ორივეს გაგვეცინა!

შემდეგ წამოდგა – მოიცა, ჯერ არ ჩართო ეგ შენი დიქტოფონი… ასკილის ჩაი უნდა დაგალევინო, ხომ გიყვარსო… მიყვარს-მეთქი და მოვუყევი „ბოტკინი“ რომ შემეყარა მერვე კლასში, როგორ მასმევდნენ დღეში 1 ლიტრ ასკილის ჩაის… ეგრე არა, თაფლით უნდა დაგეტკბო და ნახავდი, როგორ გეგემრიელებოდაო… დამიტკბო და თვითონაც დატკბა… მინიატიურული ინტერვიუსი რა მოგახსენოთ, 1 საათი ვისაუბრეთ. გზადაგზა იღლებოდა, ნერვიულობდა, ბრაზობდა… 1991 წელი იდგა. უმძიმესი წელი საქართველოსთვის. არ მინდა, რეზოს ასკილის ჩაის სიტკბო იმ წლების მოგონებებით გავამწარო…

შუა ინტერვიუს დროს – გამორთე დიქტოფონიო, მითხრა… სამზარეულოში ვისხედით… წამოდგა, სკამი კარადასთან მიაჩოჩა, საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა და მანიშნა – ჩუმად იყავიო… მერე ტაბურეტზე ავიდა, კარადის კარი გამოაღო, რაღაც შეხვეული სწრაფად გახსნა და… 4 ცალი შოკოლადის კანფეტი დავინახე… ნიშნისმოგებით გადმომხედა თუ არა, კარის ხმა გავიგონეთ… ქალბატონი როზა ისე სწრაფად შემოვიდა, რეზომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო… ჰოდა, დახვდა სურათი – ბატონი რეზო ტაბურეტზე დგას კანფეტებით ხელში, დაბნეული ბავშვივით იყურება… მე კიდე ვკვდები სიცილით… დაგვტუქსა… ოთხივე კანფეტი მე მომაწოდა და გავიდა… დღემდე არ მავიწყდება რეზოს თვალები როცა დამშვიდობებისას ჩავეხუტე და ჯიბეში ორი ცალი კანფეტი ოსტატურად ჩავუცურე – „ჩვენი საიდუმლო კარგად შეინახეთ… ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვა დიდხანს უნდა შეძლოთ-მეთქი“, – ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე…

20 დეკემბერს დაიბადა… 26-ში გარდაიცვალა ჩუმად, უხმაუროდ… დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა… 31 დეკემბერს დავკრძალეთ დიდუბის პანთეონში… თბილისში ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და სიცოცხლე აღარ მინდოდა… თუმცა იმ წუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ინტერვიუში რომ მითხრა – „საკმარისია აქეთ-იქით მიმოხედვა შეძლო და უამრავ რამეს დაინახავ ისეთს, რომელთა გულისთვის მაინც უნდა დარჩე ქვეყანაზე…“

ჰოდა, აღმოვაჩინე, რომ დღემდე მომყვება თაფლით დამტკბარი ასკილის ჩაისა და ჩემთვის მოპარული შოკოლადის კანფეტის გემო… ალბათ, ესაა, რეზოს ამოკენკილი სიკეთის საიდუმლო, რომლის ნაწილი წაიღო და ნაწილი დამიტოვა მხოლოდ იმიტომ, რომ გავავრცელო!”


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი