მამაკაცს, რომელმაც კირთაძეს კვერცხები ესროლა, 3 წლით პატიმრობა ემუქრება (Video)
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ჩვენ მიერ უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს.
2022 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. 127-ის მიმდებარედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდეგაც ი.ს.-მ გიორგი კირთაძის მიმართულებით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში ხელი გაარტყა. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ანზორ გურულმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს გუშინ თავს დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.
ლელა დევდარიანი