საქართველოში პირველად სახელობითი დაცული ტერიტორია გაიხსნება

პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის დაარსება, ქვეყნის გარემოს დაცვაში ქართველი გეოგრაფისა და მეცნიერის ნუგზარ ზაზანაშვილის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილის დაფასებას ემსახურება.

საქართველოში, პოეტისა და გარემოს დამცველის, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის, სამუხის დაცული ტერიტორია შეიქმნება, რომელიც მრავალმხრივი გამოყენების 13 273 ჰექტარს ფართობს მოიცავს.

იდეა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით განხორციელდება.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის დაარსება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებაში, განვითარებაში და ზოგადად, ქვეყნის გარემოს დაცვაში ქართველი გეოგრაფისა და მეცნიერის ნუგზარ ზაზანაშვილის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილის დაფასებას ემსახურება.

ასევე ქვეყანაში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით პირველი VI კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსების ძირითად მიზანს საქართველოში რეინტროდუცირებული ქურციკის პოპულაციის აღდგენა, დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს.

“სამუხის ველი მოიცავს ზურმუხტის ქსელის სამუხის ტერიტორიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან საბინადრო გარემოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. აღნიშნულ ადგილზე დაცული ტერიტორიის დაარსება ხელს შეუწყობს ადგილობრივ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერებას, საკვანძო სახეობის დაცვას, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას და თუში მეცხვარეების ტრადიციების შენარჩუნებას”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2022 წლის 16 ნოემბერს პარლამენტის მიერ მიღებული “ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

პოეტი, გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი 64 წლის ასაკში, 2021 წელს გარდაიცვალა. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, რომელსაც ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა. 80-იანი წლებიდან ჩაბმული იყო ეკოლოგიურ მოძრაობაში. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა / ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება.

ზაზანაშვილი ​ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, 90-იანი წლებიდან თანამშრომლობდა. იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. არის მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი