CNN-ის სიუჟეტის ინტერპრეტაციის მცდელობა – სინამდვილეში რაზე მოგვითხრობს გავლენიანი გამოცემა (Video)
მედია სააგენტო “24”-ი სიუჟეტის რეალურ შინაარსს გთავაზობთ.
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა CNN -მა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის შინაარსმაც ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების უკმაყოფილება გამოიწვია, ზოგი კი, საქართველოს მოსახლეობისთვის სიუჟეტის შინაარსის საკუთარი ინტერპრეტაციით მიწოდებას შეეცადა.
სოციალურ ქსელში სიუჟეტის შესახებ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. ზოგიერთი მედია-საშუალება შეეცადა, CNN-ის სიუჟეტი სკანდალურად წარმოეჩინათ, რომ თითქოს გავლენიანი ამერიკული გამოცემა სააკაშვილის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და კონკრეტულად “ოლიგარქ ივანიშვილის სისასტიკეზე” მოგვითხრობს, რომ თითქოს სააკაშვილი ციხეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას იტანს, რომ ის მოწამლეს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ასეთი გამოცემები ცდილობენ საზოგადოება დაზაფრონ და ადამიანებს დაუცველობის განცდა გაუჩნდეთ. “შენ და ან შენს შვილს თუ დაუპირა სისტემამ გადავლა, ვინ ან რა დაგიცავს?” – ასეთი სათაური აქვს CNN-ის სიუჟეტს ერთ-ერთ ქართულ საიტზე.
მედია სააგენტო “24”-ი გთავაზობთ სიუჟეტის რეალურ შინაარსს.
10:50 წუთიანი სიუჟეტის მთავარი კითხვაა, მოწამლა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინმა?
“მიშველეთ ვკვდები! საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პუტინის პირადი მტერი ციხეში ავად არის”, – ეს სიუჟეტის მთავარი ქვესათაურია.
გადაცემაში მიწვეული მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი და ამერიკელი ადვოკატი მასიმო დი ანჟელო არიან.
სიუჟეტის დასაწყისში გადაცემის წამყვანი მიხეილ სააკაშვილის 1 წლის წინანდელ და ახლანდელ ფოტოს აჩვენეს და სვამს კითხვას, მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით?
ამის შემდეგ, სიუჟეტში ისმის მიხეილ სააკაშვილისა და ადვოკატ მასიმო დი ანჟელოს საუბრის აუდიო ჩანაწერი. სააკაშვილი ადვოკატს უყვება, რომ მასზე ციხესა და საავადმყოფოში გადაყვანის დროს იძალადეს. ძალადობის ვიდეო კი წაშალეს.
“დამაგდეს, მირტყამდნენ, მკბენდნენ”, – ამბობს სააკაშვილი.
ადვოკატი მასიმო დი ანჟელო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ახლა სჩადის იმას, რაც 2008 წელს საქართველოში ჩაიდინა. “ეს ხალხს დაავიწყდა”, – ამბობს ის.
მისი განცხადებით, სააკაშვილის თმის ღერისა და ფრჩხილები ანალიზის, მუცლის ღრუს კვლევისა და აღებული ნიმუშების კვლევის შედეგად, რომლებიც აშშ-ს ლაბორატორიაში გაიგზავნა, მის ორგანიზმში მძიმე მეტალების, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი გამოვლინდა.
რაც შეეხება ედუარდ სააკაშვილს, როგორც ის სიუჟეტში ამბობს, მოლოდინი აქვს, რომ კლინიკაში გადაღებული მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენების შემდეგ, საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეგავლენა გაძლიერდება. მისთვის ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ თვეების განმავლობაში მამის მძიმე მდგომარეობას უყურებდა.
სიუჟეტში საუბარია პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზე, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი უკრაინის ან ევროპული ქვეყნის კლინიკაში გადაყვანა სთხოვა.
სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერია, რომელიც პუტინს პირადად ებრძოდა. ასევე, გადაცემაში საუბარია 2003 წლის “ვარდების რევოლუციაზე” და სააკაშვილის, როგორც “ახალგაზრდა ამერიკულად მოაზროვნე ლიდერის” როლზე. შემდგომ 2012 წელზე, სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებასა და უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაზე, უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე, ოდესის გუბერნატორად მის დანიშვნაზე. ბოლოს, სიუჟეტის ავტორი მაყურებელს მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების, დაკავებისა და შიმშილობის შესახებ უყვება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ეხებოდა. პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო.