საქართველოში წყალქვეშა ნავით შემოვიდა, ფული და იარაღი შემოიტანა – ვინ იყო “თეთრი გიორგის” ლიდერი
1878 წლის 23 დეკემბერს მიხაკო წერეთელი დაიბადა
„ერის საზოგადო არსებობა, მისი სოციალური ორგანიზმობა და არა მექანიზმობა, აი, რა არის ერთობა, მისი ცნებისა. ერის ინდივიდუალობა, საკუთარი სოციალობა, საკუთარი ენა, ლიტერატურა, სამართალი, პოლიტიკა, სარწმუნოება, რომელსაც, მიუხედავად სხვა ერის სარწმუნოებათა მსგავსებისა, იმ სოციალური წრის ელფერი ადევს, სადაც იგი დამკვიდრებულა. განსაკუთრებული სოციალური ელფერი თვითოეული ეროვნული ინდივიდისა, თვითშეგნება ეროვნული ორგანიზმისა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავის დაცვისთვის ბრძოლაში გამოიხატება – აი, რა ჰქმის ერის ინდივიდუალობას“.
1878 წლის 23 დეკემბერს ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ცხრუკვეთში, ქართველი მეცნიერი, პუბლიცისტი, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი მიხაკო წერეთელი დაიბადა.
“ჩემთვის პირადად, მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია, ისეთი მრავალმხრივი, საოცარი პიროვნების ღვაწლის მოხსენიების გარეშე, როგორიც მიხაკო წერეთელი იყო, წარმოუდგენელია. იშვიათია ასეთი მრავალპლანიანი ადამიანი, ამდენი ნიჭით დაჯილდოებული. ამასთანავე, ის ძალიან სახელოვანი საგვარეულოდან იყო”, – აღნიშნავდა ისტორიკოსი, პროფესორი გოჩა საითიძე.
პუბლიცისტი იმერეთის მეფე სოლომონ I-ის კარის მოძღვრის, სვიმონ წერეთლისა და იმერეთის მეფე დავით II-ის ასულის, ატატო ბაგრატიონის პირდაპირი შთამომავალი იყო. ამ ოჯახმა, საქართველოს არაერთი მამულიშვილი მისცა, მათ შორის – ექიმი ვასილ წერეთელი (მიხაკოს ძმა), ისტორიკოსი ალექსანდრე წერეთელი და იურისტი ნიკოლოზ (ნიკუშა) წერეთელი.
“ალბათ, შეუძლებელია ისაუბრო მიხაკო წერეთელზე და არ თქვა იმაზე, რა იყო ის გარემო და როგორი იყო ის ოჯახი, სადაც ის დაიბადა. რა ტრადიციები ჰქონდა ამ ოჯახს და როგორი არისტოკრატიზმი სუფევდა მის გარშემო. ეს იყო წერეთლების დიდ საგვარეულოში დაბადებული ადამიანი. მოძღვრიშვილ-წერეთლების და მეორე მხრივ, ბაგრატიონების შთამომავალი. ადამიანი, რომლის ოჯახშიც მწიგნობრობა, ქართული ისტორიის, ქართული სიძველეებისადმი კრძალვა და პატივი, იყო ისეთ რანგში აყვანილი, რაც განსაზღვრავდა, როგორც მთლიანად საქართველოს, ასევე, საკუთრივ დასავლეთ საქართველოს და იმერეთის კულტურულ კლიმატს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს იყო ოჯახი, სადაც იზრდებოდნენ კალიგრაფები; ეს იყო ოჯახი, სადაც იზრდებოდნენ შესანიშნავი დასტაქრები, ექიმები; ეს იყო ოჯახი, სადაც ვახუშტი ბატონიშვილის სამართალს წერდნენ და იყო ოჯახი, რომელსაც ჰქონდა იმ დროისათვის ყველაზე ბრწყინვალე ბიბლიოთეკა, რომელშიც მე-16, მე-17, მე-18 საუკუნის ქართული ლიტერატურა ინახებოდა. მაგრამ, აგრეთვე იყო ფასდაუდებელი ფოლიანტები – მე-11,მე-12-მე-13 საუკუნის ხელნაწერები და მათ შორის, რა თქმა უნდა, “ვეფხისტყაოსანი”. სწორედ “ვეფხისტყაოსანი” იყო განმსაზღვრელი იმ ზნეობრივი თუ კულტურული მიმართულებების, რომელიც ამ ოჯახის ლიბოს ასაზრდოებდა“, – იხსენებდა ფილოლოგი ნუგზარ წიკლაური.
მიხეილ წერეთელმა, 1998 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. იმავე წელს კიევის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა 1899 წელს, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, კიევის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. შემდეგ, ქართველი მეცნიერი სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1912 წელს კი, გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პროფესიული განათლება, ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრას ეფუძნებოდა. აღსანიშნავია, რომ მიხაკო წერეთელი, გარკვეული დროის განმავლობაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, ლექციებსაც კითხულობდა.
1900-1907 წლებში წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ასევე, აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ მოძრაობაში. ამასთან ერთად, ნაყოფიერად მოღვაწეობდა პუბლიცისტიკაში. ემიგრაციაში იგი აგრძელებდა აქტიურ სამეცნიერო და პოლიტიკურ მოღვაწეობას, იკვლევდა სამყაროს უძველეს ენებსა და კულტურებს, რათა მიეგნო ქართული მოდგმის უშორესი ფესვებისათვის, დაედგინა ქართველთა წარმომავლობაც და ქართული კულტურის თავისებურებანიც. ქართულ და უცხოურ პრესაში, ფსევდონიმებით “Baton” და “მ. სანგალა” წერილებს აქვეყნებდა.
1907 წელს მ. წერეთელი სამშობლოს დაუბრუნდა. ამ დროს, ის უკვე ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. იმავე წლის 30 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძე მოკლეს. 1907 წლის 2 სექტემბერს, გაზეთ “ისარში”, მიხაკო წერეთლის ცნობილი წერილი “კაცია ადამიანი?!” გამოქვეყნდა. ილიას დაკრძალვაზე კი მან ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც იმავე წლის დამლევს, მემორიალურ კრებულში „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება”, სტატიის სახით გამოქვეყნდა. საქართველოში წერეთელი „სახალხო გაზეთში“ მოღვაწეობდა.
თბილისში, 1910 წელს, წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა „ერი და კაცობრიობა“ გამოიცა, რომელიც პირველი ქართული სოციოლოგიური მონოგრაფია იყო. 1910 წელს სამწუხარო ფაქტი მოხდა – წერეთელი კავკასიიდან 5 წლით გაასახლეს. იმავე წელს კი, მეამბოხე სულის მქონე მეცნიერი, ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე, სიტყვით გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 1914 წელს, მიხეილ წერეთელმა, ასირიოლოგიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. უნივერსიტეტმა კი, მისი სადისერტაციო ნაშრომი, იმავე წელს, წიგნად გამოსცა. 1912 წელს, მან თავისი ცნობილი გამოკვლევა – “სუმერული და ქართული” გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით ინგლისურ და ფრანგულ ენებზეც გამოიცა. იმავე წელს კი, მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ, ფრანგულ ენაზე გამოვიდა. 1913-1916 წლებში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სახაზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში, პუბლიცისტის ნაშრომი “სუმერელები და ქართველები” გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მიხეილი, აღნიშნული საზოგადოების ნამდვილ წევრადაც აირჩიეს.
1913 წელს ხელისუფლების ნებართვით დროებით დაბრუნდა საქართველოში. პირველი მსოფლიო ომის დროს კი, მეცნიერი გერმანიაში მოღვაწეობდა და ის გერმანიის მოქმედი ორგანიზაციის – „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. ის გერმანიის მეშვეობით, საქართველოს გათავისუფლებას ცდილობდა. ომის პერიოდში, ის საქართველოში წყალქვეშა ნავით ჩამოვიდა, იარაღი და ფული ჩამოიტანა. მას ადგილზე, იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ნოე ჟორდანია შეხვდა. 1917 წელს შვეიცარიაში დოკუმენტი „საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებანი“ გამოსცა.
1918-1919 წლებში, ის გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი იყო. 1919-1920 წლებში, მიხეილ წერეთელი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. 1921 წლის თებერვალ-მარტში კი, სამწუხაროდ, საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მიერ, ოკუპირებული ქვეყანა გახდა. ამის გამო, მიხეილი იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო, სამუდამოდ დაეტოვებინა.
1922-1945 წლებში, ის ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ კი, ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი გახლდათ. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში კი, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ, წერეთლის მიერ ნათარგმნი „გილგამეშიანი” და მონოგრაფიული გამოკვლევა „ხეთის ქვეყანა” გამოსცა.
1933 წელს ბერლინში, სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების „სიბრძნე სიცრუისას”, მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი გამოიცა.
აღსანიშნავია, რომ წერეთელი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგში. 1963 წელს, პარიზში, “ვეფხისტყაოსნის” მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი გამოიცა. 1975 წელს კი, პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი “ქართული სამოკავშირეო კომიტეტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. იგი ქართული პატრიოტული ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგიც გახლდათ.
1945 წელს, ამ დიდი და სახელოვანი მოღვაწის ცხოვრებაში, უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ბრმა შემთხვევამ მისი ერთადერთი ვაჟი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, ოთარ წერეთელი იმსხვერპლა.
სწორედ 1945 წლიდან, მიხაკო წერეთელი მიუნხენში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მას ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორობაც შესთავაზეს, თუმცა, უკვე იმ დროისთვის, მეტ ინტერესს პოლიტიკური პრობლემების მიმართ იჩენდა და ამ სამსახურზე, უარი თქვა. მიხეილ წერეთელი ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი იყო. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში სამეცნიერო ჟურნალი “ბედი ქართლისა” დაარსდა, რომელშიც მისი არაერთი საყურადღებო წერილია გამოქვეყნებული. გარდა ამისა, მისი სტატიები ლონდონში, ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალ Georgica-ს ფურცლებზე იბეჭდებოდა. წერეთლის ნაშრომები, პროფესორ ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით, პარიზში გამოცემულ ჟურნალ “კავკასიონში” არის გამოქვეყნებული.
დიდებული ქართველი, მიხეილ მიხაკო წერეთელი, 1965 წლის 2 მარტს, 87 წლის ასაკში, გერმანიაში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი ნეშტი, საყვარელი სამშობლოს მიწამ ვერ მიიბარა. პუბლიცისტი საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული. 2012 წელს, ვასილ და მიხეილ წერეთლების სახელი, ქალაქ ჭიათურის ერთ-ერთ ქუჩას დაერქვა. 2013 წელს კი, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მიხეილ წერეთელი, სამშობლოს დიდი პატრიოტი იყო. მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ამაში ეჭვი არავის შეეპარება. სადაც არ უნდა ყოფილიყო ეს ზემო იმერელი კაცი, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, სამშობლოს დახმარებას ცდილობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან არაერთი ქართული ხელოვნების ნიმუში გააცნო მსოფლიო კულტურას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, დღემდე დიდ ისტორიულ საგანძურს წარმოადგენს.
სალომე ხომასურიძე