აგვისტოს ომიდან 2-თვეში უკრაინის რადამ საქართველოსგან დისტანცირება სცადა

პრაგმატული პოლიტიკა დამადლების საპასუხოდ – ინტერვიუ ამირან სალუქვაძესთან

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად სულ უფრო იძაბება ურთიერთობები კიევსა და თბილისს შორის. მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებს ახლა უკვე, საქართველოსგან უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გაგზავნის მოთხოვნა დაემატა. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდრი კასიანოვმა ქართველ ხალხს თავისი ქვეყნის დამსახურებები შეახსენა და ქართველი თავდადებული მებრძოლების უკრაინაში საომრად გაგზავნას გამართლებული და აუცილებელი უწოდა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახსოვს და მადლიერია უკრაინის, 1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ, სვანეთის მთებით წამოსული ლტოლვილების ვერტმფრენებით ევაკუაციაში დახმარებისთვის. თუმცა, ორმოში ჩავარდნილი კაცის იგავის მსგავსად, ამის ყოველ ჯერზე შეხსენება და სამაგიეროს მოთხოვნა, ალბათ, სასიამოვნო მოსასმენი არ არის. კასიანოვმა ასევე შეგვახსენა, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში უკრაინის სამხედრო-ტექნიკური დახმარებაც. რა დახმარებაზეა საუბარი და რატომ ეწირება რუსეთ-უკრაინის ომს ქართულ-უკრაინული მეგობრობა, ამის შესახებ მედია სააგენტო “24”-ს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ესაუბრა.

– საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უარყოფს ბრალდებას, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით და ამის გამო, შეშფოთებულიც არის. ვის ინტერესებშია დღეს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გართულება?

– ომის გამო საკმაოდ დაიძაბა ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, რაც არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესებში არ არის. ეს რუსეთის ერთ-ერთი ინტერესია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის “შავმა კატამ” გაირბინოს. უკრაინის მხრიდან გვესმის, არც ისე სასიამოვნო რიტორიკა იმ ფონზე, როდესაც უშუქო კიევში, მძიმე დაბომბვების ფონზე ჩვენი საელჩო იქ იმყოფება და მართლა გმირულად მუშაობენ. მგონი, ერთადერთი საელჩო დარჩა მაშინ, როდესაც კიევიდან ყველა დასავლური საელჩო გავიდა. ეს ისე, დასაფიქსირებლად.

– კიევი ითხოვს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გადაცემას, რა სახის სამხედრო დახმარება შეუძლია დღეს საქართველოს უკრაინისთვის?

– მათი მესმის, მაგრამ გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა პროცესები, როდესაც 2-3 დღეში რუსეთმა საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიკავა უკრაინის აღმოსავლეთში და კიევს ალყა სანახევროდ შემოარტყა. ამ ფონზე, ნატო მთლიანად და ნატოს წამყვანი ქვეყნები თავს იკავებდნენ დაძაბული რიტორიკისგან და დისტანცირებას ცდილობდნენ. თავიდან არ იყო განცხადებები სამხედრო დახმარებაზე. მოხალისეებთან დაკავშირებით მკაფიოდ ამბობდნენ და მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არ მიეღოთ მონაწილეობა და ა.შ. ამავე დროს, იყო რუსეთის განცხადებები, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც უკრაინას დაეხმარებოდა, განიხილებოდა, როგორც ომის მონაწილე მხარე. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი სწრაფად შეიჭრა უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში და ფაქტობრივად, შოკურ მდგომარეობაში იყო უკრაინაც და მთელი მსოფლიოც. შემდგომში, უკრაინამ მოახერხა რუსეთის შეკავება პირველ ხანებში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, თუმცა, მხოლოდ ამის გამო არა, რუსეთმა საკმაოდ სერიოზული დანაკარგები განიცადა კიევთან. ამ ფონზე რუსეთმა უკან დაიხია. შემდეგ უკვე ვიხილეთ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნატოს წევრი ქვეყნებისა და დასავლეთისგან დახმარების თანდათან გაძლიერება. რიტორიკაც თანდათან იცვლებოდა. თავიდან მძიმე ტექნიკის გადაცემაზეც იყო წინააღმდეგობები, თვითონ ნატოს წევრი ქვეყნების შიგნით, შემდგომში კი, ეს წინააღმდეგობები გადაილახა. ეს ხდებოდა ომის მიმდინარეობის ფონზე, აკვირდებოდნენ, როგორ ვითარდებოდა პროცესები. რუსეთის რეაქციებს აკვირდებოდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინას გადასცეს ტანკები, რეაქტიული არტილერია, გაკეთდა განცხადებები ჰაიმარსების თავიდან გადაცემაზე. როცა დაფიქსირდა ეს სისტემები უკრაინაში, ამ რეაქციასაც დააკვირდნენ. როცა უყურებდნენ, რომ რუსეთისგან განსაკუთრებული რეაქცია არ იყო და ბომბებს წამდაუწუმ არ ისროდა, რისი საფრთხეც არსებობდა, უკვე გაძლიერდა, როგორც ფინანსური, ისე უკრაინის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა და, ფაქტობრივად, კონვეირულ რეჟიმში დაიწყო მისთვის შეიარაღების მიწოდება.

– თქვენ საუბრობთ ნატოს წევრ ქვეყნებზე, თუმცა, მთელს ამ პროცესში გვესმის კიევის მხრიდან ნეგატიური განწყობა და განცხადებები საქართველოს მისამართით, რატომ?

– ვერ დამისახელებს ვერავინ ქვეყანას, რომელიც არ არის ნატოს წევრი და ეხმარება უკრაინას შეიარაღებითა და ტექნიკით. ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, არ გვაქვს თავზე გადაფარებული უსაფრთხოების ქოლგა, არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც ამ თვალსაზრისით აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს – ესტონეთს, ლიეტუვას და ლატვიას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებსაც ეხმარებიან. ჩვენც რომ ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა, აუცილებლად აღმოვუჩენდით სამხედრო დახმარებას. გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვართ, არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვართ საკმაოდ მოწყვლადი 2008 წლის ომის შედეგებიდან გამომდინარე. ჩვენი 2 რეგიონი არის ოკუპირებული და აქ არის საოკუპაციო ბაზები. გახსოვთ, ქართული ოპოზიციის განცხადებები, თითქოს უკრაინასთან ომის გამო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსულ ბაზებში ჯარი აღარ იდგა და გაიყვანესო. ეს აჟიოტაჟი ხომ იყო ყველა მხრიდან? ის განცხადებებიც გვახსოვს, – რუსეთს დაუმთავრდა რაკეტები და ა.შ. არ უმთავრდება, უზარმაზარი სამხედრო მრეწველობა გააჩნია, ვინც იცნობს რუსეთის რესურსს, მათ იციან, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მათი წარმოება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, რომელიც უკრაინის მეათედიც არ არის, არც ტერიტორიით და არც მოსახლეობით, რუსეთთან ბრძოლისთვის ძალა არ შესწევს.

– ერთობ უსიამოვნო მოსასმენი იყო უკრაინელი დიპლომატის მხრიდან დამადლების სიტყვები, გვახსენებენ 1993 წელს…

– გულწრფელად მადლობელი ვარ, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქე და სამხედრო პირი ამ დახმარებისთვის, მით უმეტეს, რომ გვქონდა უშუალოდ ურთიერთობები უკრაინასთან, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით. ეს დაყვედრებები რომ არ ყოფილიყო, ამაზე ჩვენ ხომ არ ვისაუბრებდით? როცა გეუბნებიან, – რომ გეხმარებოდით, ახლა თქვენ დაგვეხმარეთო, – გინდა თუ არა, გიწევს პასუხის გაცემა. 90-იან წლებში აქ უკრაინელი მოხალისეების ასეული იყო ჩამოსული, ჩვენი მოხალისეები ასობით არიან უკრაინაში. იქ, ამ ომში, 34-35 ჩვენი მოქალაქე დაიღუპა. ახლა ამ თემის გაპოლიტიზებას ცდილობენ. 90-იან წლებშიც დისტანცირდებოდა უკრაინის ხელისუფლება იმ მოხალისეებისგან, იმიტომ, რომ ისინიც ერიდებოდნენ რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას და სხვათა შორის, გონჩარენკოები და ვიღაცები რომ გამოდიან, იმ წლებიდან მოყოლებული, ბოლომდე უკრაინის რუსეთ-ბელორუსის კავშირში მიერთების მომხრეები იყვნენ. დღეს გამოვიდნენ და მორალს გვიკითხავენ. მაშინ, პირიქით, ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და გეორგიევსკის ლენტებით დარბოდნენ, ეს არის სიმართლე. ჩვენ იმ მოხალისეების მადლობელი ვართ და ამას აღვიქვამდით, როგორც მთელი უკრაინისა და მთელი უკრაინელი ერის დახმარებას.

– დღეს ქართველი მოხალისეები რომ იბრძვიან უკრაინული მიწის დასაცავად, ამას უკრაინის ხელისუფლება არ აღიქვამს, როგორც ქართველი ხალხის დახმარებას?

– ქართველი ხალხისგან იღებენ, ხელისუფლებისგან – არა. მათ სურთ, ხელისუფლებამ ოფიციალურად დააფიქსიროს, რომ მოხალისეებს არ უშვებს. დღემდე ჩვენ არ გაგვიგია ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერა მოხალისეებთან დაკავშირებით. არ გაკეთებულა არც ერთი განცხადება, რომ ამ მოხალისეების უკან ოფიციალურად დგანან ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობები. იმიტომ, რომ არავის სურს, მხარედ დაფიქსირება. ტექნიკის მიწოდება სხვა არის, ეს ყოველთვის ხდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც კი კონფლიქტები ყოფილა – ვიეტნამში, არაბულ ქვეყნებში, ყოველთვის ყველგან ერთ მხარეს იყო აშშ, მეორე მხარეს – რუსეთი. ისინი ყოველთვის ომობდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლაც, ნატოში არავის სურს მხარედ დაფიქსირდეს ამ კონფლიქტში და შევიდეს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში, თუმცა ძალიან სერიოზული სამზადისი მიდის.

– რა სამზადისს გულისხმობთ?

– ვითარება ძალიან დაძაბულია. ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერება მიდის რუსეთის აგრესიის შემდეგ. ვის აქვს 100%-იანი გარანტია, რომ რუსეთი არ შეიჭრება ბალტიის ქვეყნებში, ან პოლონეთში. ერთი მხრივ, მესმის, რომ რუსეთს ამის პოტენციალი ბირთვული იარაღის გარეშე არ გააჩნია და გამორიცხულია, მაგრამ ყველა საუბრობს მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე, ბირთვული დაპირისპირების საშიშროებაზე. ამის სამზადისი მიდის. ჯარებს იმიტომ ინახავენ სახელმწიფოები, რომ მზადყოფნაში იყვნენ. ასეთი დაძაბულობის დროს მიდის გაძლიერება, როგორც სამხედრო დანაყოფების, ისე ზოგადი დაჯგუფებების. ეს სიმძიმის ცენტრი გადმოწეულია უკვე ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან

– საქართველო სად არის ამ დროს?

– ჯარი ყოველთვის უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში. იმიტომ ინახავს მას მოსახლეობა, რომ მუდმივ მზადყოფნაში იყოს. აუცილებლად არის დასაცავი სტაბილურობა, რადგან არსებობს სხვადასხვა ინდიკატორი, რომლებსაც აკვირდებიან. ეჭვი არ მეპარება, ამ ყველაფერს ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები აანალიზებენ.

– ბოლო დღეებში აქტუალური თემა იყო უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა. არსებულ დაძაბულ ვითარებაში, რას ემსახურება ასეთი თემების წინა პლანზე წამოწევა?

– აქაც მავნებლობას და სპეკულაციას აქვს ადგილი. უკრაინაში იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დღემდე უკრაინაში ფაქტი არ არსებობს იმის, რომ რომელიმე მოხალისე არის უკრაინის მოქალაქე. ასევე მიანიშნა, რომ ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ამ მებრძოლებმა უკრაინის მოქალაქეობის სურვილი გამოთქვეს, რათა ჩაირიცხონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. კანონი ითვალისწინებს, რომ თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ავტომატურად იმ ადამიანს მოქალაქეობა ჩამოერთმევა, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. ყველამ იცოდა, რომ ის იყო გარკვეულ თანამდებობაზე; რომ უკრაინის კანონმდებლობით უკრაინის მოქალაქე უნდა ყოფილიყო, თუმცა, სხვა ცვლილებებიც შეიტანეს კანონში და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ამერიკელები და სხვები იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე. ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ, სანამ სააკაშვილმა თავად არ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. სააკაშვილმა ეს პასპორტი დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ აღიდგინა უკრაინის მოქალაქეობა. ამაზე მიანიშნა მდინარაძემ. მას არ უთქვამს, რომ ჩვენ ჩამოვართმევთ მოქალაქეობასო. უბრალოდ, ფაქტი დააფიქსირა – ნუ იზამთ ისე, რომ ჩვენ მოგვიწიოს კანონის გაუქმებაო. ხალხს არ უყვარს ინფორმაციის ორიგინალში გადამოწმება. საზოგადოების ერთი ნაწილი უყურებს ოპოზიციის ტელეარხებს, მეორე ნაწილი – სახელისუფლებო ტელევიზიებს. როცა ოპოზიციურ არხზე, რაღაც ინფორმაცია ვრცელდება, არ ამოწმებენ ამას სხვა წყაროებში და პირდაპირ იჯერებენ. ზუსტად ის ინფორმაციები გავიდა, თითქოს მებრძოლებს დაემუქრნენ. ვინმეს ჩამოართვეს მოქალაქეობა? არა, იმიტომ, რომ ეს აღიქვეს, როგორც გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ პროვოცირებული აქტი. აიღებს ვიღაც ტელეფონს, დაურეკავს მებრძოლებს, – თქვენ დაგემუქრნენ, რომ მოქალაქეობას ჩამოგართმევენო! – რა განცხადებას გააკეთებდნენ? მეც რომ ვიყო, იმავეს ვიტყოდი, რა თქმა უნდა. ამის პროვოცირება ხდება. რომც ყოფილიყო ასეთი რამ, არ უნდა მიაწოდო ასეთი ინფორმაცია ბრძოლის ველზე მყოფ ადამიანს და არ უნდა გააღიზიანო, თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივა. მაგრამ ამათ გული არ შესტკივათ, ამაშია საქმე. არ ვიცი, ნებისმიერი ნეიტრალური ადამიანი, ასე მოიქცეოდა.

– უკრაინა ჩვენგან შეიარაღების მიწოდებას ითხოვს, კიდევ, – 2008 წელს დაგეხმარეთო. რა სახის დახმარება მივიღეთ მაშინ უკრაინისგან, შეგიძლიათ გვითხრათ?

– 2008 წლის ომის დღეებში აბსოლუტურად არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ომის წინა წლებში უკრაინისგან რამდენიმე ასეული აშშ დოლარის ტექნიკა გვაქვს შეძენილი. ერთი ვაზნა არ არის ნაჩუქარი, ჩვენ უკრაინასთან გვქონდა ჩვეულებრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. მეტსაც გეტყვით, ომის შემდეგ 2 თვეში, უკრაინის რადამ შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც გამოიძია საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საკითხი და საკმაოდ მძიმე შედეგები დადო მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. იგულისხმება უკრაინის ხელისუფლება, რომ ამ თანამშრომლობამ და საქართველოსთვის იარაღის მიყიდვამ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას მიაყენა დიდი ზარალიო. უკრაინა იყო იარაღის ექსპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი ქვეყანა მთელს მსოფლიოში, ჩვენ ვიყავით იმპორტიორი. კიდევ ერთი ნიუანსი, რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ პრეტენზია წაუყენა უკრაინას, – საქართველო ეომებოდა რუსეთს უკრაინიდან შეძენილი იარაღითო. მაშინ ოფიციალურმა კიევმა ამ საკითხისგან დისტანცირება სცადა. იუარეს, სანამ რუსეთმა საქართველოდან გატაცებული ტექნიკა არ ჩაიტანა მოსკოვში და არ გამოფინა. ფაქტის წინაშე დააყენა კიევი და მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა უკრაინის მთავარმა ექსპორტიორმა კომპანიამ, რომ უკრაინა ახორციელებს იარაღის ექსპორტს 80-მდე ქვეყანაში. ჩვენ არასდროს ჩაგვიდია გულში წყენა და ვთანამშრომლობდით უკრაინასთან. იმედია, უკრაინა დადგება ფეხზე და გააგრძელებს ამ ურთიერთობებს.

– მოვლენების როგორ განვითარებას ხედავთ არსებული ვითარების გათვალისწინებით?

– რუსეთი დღეს, უკვე საუბრობს იმაზე, რომ ეომება არა უკრაინას, არამედ ნატოს და უკრაინას ერთად. ეს რიტორიკაა დღეს რუსეთის მედიასივრცეში. ჩვენ რომ ამაში ჩავერთოთ, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ვერავინ დაგვიცავს. ნატოს წევრებს იცავს მე-4 და მე-5 მუხლები, ჩვენ არაფერი გვიცავს, ერთადერთი შეიძლება დაგვეხმარონ, როგორც უკრაინას ეხმარებიან იარაღით. რუსეთს მოუწევს იქ გამოყოფილი ძალებიდან მეათედის გამოყოფა ჩვენს წინააღმდეგ, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენთან იგივე ჯოჯოხეთი დატრიალდეს, რაც ტრიალებს უკრაინის მიწაზე. უკრაინა რუსეთის აგრესიასთან პირისპირ აღმოჩნდა. იარაღის მიწოდებას ხომ ბედავენ უკრაინისთვის, მიეღოთ ნატოში. ჩვენი შეიარაღება და ტექნიკა, რაც ჩვენ გაგვაჩნია არის გამჭვირვალე. გაეროში წარდგენილია და იცის ყველამ. ძალიან კარგად იციან, რა რაოდენობის ტექნიკა გაგვაჩნია

– რამდენი დღე გვეყოფა საკუთარი რესურსი რუსეთთან საომრად?

– უკრაინა იყო იარაღის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი ქვეყანა ომამდე. დაახლოებით 2-3 თვეში უკრაინას გამოელია თავისი მარაგები. მეტი წილი დღეს არის ბრძოლის ველზე ის იარაღი და ტექნიკა, რომელიც მიაწოდა დასავლეთმა და დღემდე აწვდიან. ჩვენ სად გვაქვს მისაწოდებელი ტექნიკა, რომც ვიყოთ ნატოში? მეორე მხრივ, ომი რომ დავიწყოთ, რით უნდა ვებრძოლოთ? მე მსურს საქართველომ და უკრაინამ შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, გავგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთებს. ეს არის, რაც შეგვიძლია. ჩვენს მებრძოლებს სათანადო პატივს მივაგებთ, როგორც გარდაცვლილებს, ისე ცოცხლებს, მაგრამ ოფიციალურად სახელმწიფო ამის მხარდამჭერი ვერ იქნება. ვინც გარდაიცვალა და ჩამოასვენეს აქ, მათთან სამძიმარზე იყვნენ ჩვენი ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენლები. რომ არ ყოფილიყო ეს რიტორიკა, ქართველი ხალხი გაცილებით მეტს გააკეთებდა უკრაინისთვის.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი