ზუგდიდი-წალენჯიხის გზის “შავ ზონად” ქცეული მონაკვეთი მერიისგან უყურადღებოდ არის მიტოვებული

გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მოსახლეობამ მერიას არაერთხელ მიმართა.

ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ე.წ. შავ ზონად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სათანადო განათების სისტემის არარსებობის გამო, გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მოსახლეობამ მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება დღემდე არავის მოუხდენია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რამდენიმე დღის წინ ისევ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერიის ბალანსზე მყოფ ავტომობილს მართავდა, რა დროსაც ორ ცხენს დაეჯახა. მომხდარის შედეგად მერის მოადგილე და ავტომობილში მასთან ერთად მყოფი პირი არ დაშავებულან. მომხდარმა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა ის პრობლემა, რაც გზის ამ მონაკვეთზე უკვე არა ერთი წელია არსებობს.

თავად ბურდული აცხადებს, რომ მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად კი გზის გაუნათებელ მონაკვეთს ასახელებს.

მომხდარს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ეს ადგილი სრულიად უკონტროლოა. წლების განმავლობაში გზის ამ მონაკვეთზე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან რამდენიმე მსხვერპლით დასრულდა. მოსახლეობის თქმით, საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ გზაზე ღამის განათების, არამედ ჯებირების არარსებობაც. აქ გადაადგილება დღის ნებისმიერ მონაკვეთში საშიშია.

როგორც მედია “24”-ს წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ განუცხადა, ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე განათებების ბოძები არ არის დამონტაჟებული, რაც ღამით ხილვადობას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის. იქიდან გამომდინარე, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა ღამით საქონელს გარეთ უშვებს, პირუტყვის გადაადგილება ვერ კონტროლდება და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი.

“ორი ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე. იმის გამო, რომ ამ ადგილას განათების ბოძები არ არის დამონტაჟებული, იქმნება გარკვეული საფრთხე, რასაც ემატება ის, რომ იქ მცხოვრებლები საღამოს საქონელს უშვებენ და გზაზე მათი დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ ნამდვილად ძალიან სერიოზული სამუშაოა განსახორციელებელი ამ მიმართულებით”, – ამბობს თამარ ბელქანია.

წალენჯიხის მერის მოადგილის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მუდმივად კონტროლირებადი შესაბამისი განათების სისტემის დამონტაჟება იგეგმება. თუმცა ზუსტად როდის მოგვარდება ზუგდიდი-წალენჯიხის საავტომობილო გზაზე წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, მერიაში ვერ გვეუბნებიან.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი