კახური დიალექტით შენელებული მთავარი სათქმელი – 27 დეკემბერს გიორგი ლეონიძე დაიბადა

ლეონიძის პოეზიამ მკითხველი სრულიად ახალ, ხელშეუხებელ, შეუცვლელ და თავგადასავლებით სავსე მხატვრულ სამყაროს აზიარა. მისმა შემოქმედებამ კი, საქართველოს ლიტერატურის ისტორიის ფურცლებზე, წარუშლელი ადგილი დაიმკვიდრა.

გიორგი ლეონიძე მეგობრებთან

“ვარ ბარბაროსი, ვარ ხაზარი, ვარ სარაცინი,
რომის კედლებთან ურაგანი და დინამიტი.
ცხელ რუსუდანის მესრისება მე სარეცელი,
დაუბრუნებელ სივრცეების მახრჩობს ამინდი”.

მწერალთა სახლის კიბეზე ყოველთვის ხმაურით ადიოდა. მისალმების ნიშნად ქუდს იხდიდა, თავს დაბლა ხრიდა და როხროხა, ბოხი ხმით გამარჯობას ყველა ამვლელ-ჩამვლელს ეუბნებოდა. კიბის თავთან შეკრებილი პოეტების დანახვისას, შედგებოდა, გულიანად გაიღიმებდა და ხუმრობით, ომახიანად შესძახებდა: “მოვედი პოეზიის მარშალი. გენერლებო, სმენა!”

ამგვარ იერარქიას, პოეტები არც უარყოფდნენ. ხალხი საყვარელ პოეტს, მხოლოდ სახელით მოიხსენებდა. მის ლექსებს კი, ზეპირად სწავლობდა. თავად პოეტი, სახლში, წიგნების ერთ-ერთ თაროზე, სახელდახელოდ ინახავდა მიხეილ ჯავახიშვილის ნაჩუქარ წიგნს, წარწერით: “გიორგი ლეონიძეს, ქართულ მიწაში ყელამდე ჩაფლულ პოეტს”.

“შემგრძობელი, მატარებელი დედაენის არსის. თვითონ ენერგიის გამოვლინება იყო გიორგი ლეონიძე. იმასაც თავისი ეშხი ჰქონდა, როცა კახური დიალექტით, თითქოს სანელებლებით შეანელებდა სათქმელს”, – აღნიშნავდა ენათმეცნიერი თამაზ კვაჭანტირაძე.

პატარძეული… ჩემი სოფელი, ბავშვობის კერა – პატარძეული, ჩემი აკვანი წნორის ტოტისა იქა ყოფილა გადარწეული. ქართული გენია, 1899 წლის 27 დეკემბერს, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარძეულში დაიბადა.

მწერლის მამა, ნიკო ლეონიძე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი გახლდათ. მას დამთავრებული ჰქონდა გორის სემინარია და სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. პოეტის დედა, სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა.

ნიკო ლეონიძის ოჯახში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები იკრიბებოდნენ. სწორედ ასეთ გარემოცვაში გაიზარდა გიორგი ლეონიძეც, რომელსაც სამშობლოსა და ლიტერატურის დიდი სიყვარული, ამ ადამიანებისგან გამოჰყვა. გარდა ამისა, მის მომავალზე გავლენა, მამის დანატოვარმა, მდიდარმა ბიბლიოთეკამაც იქონია.

მწერალს მამა 2 წლის ასაკში გარდაეცვალა, 5 და-ძმის აღზრდა კი, მისმა დედამ იტვირთა. პოეტი ლექსებს, ბავშვობიდან წერდა. ლექსის დასაწერად, პირველად ხელში კალამი ჯერ კიდევ 7 წლისამ აიღო, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, რამდენიმე დღის შემდეგ.

ეს შემთხვევითი დამთხვევა არ ყოფილა. დიდი ქართველი მწერლის სიკვდილის დღეებში, პატარა გოგლა დედამ პატარძეულიდან, სასწავლებლად თბილისში წამოიყვანა. ბავშვი დააბინავა, თვითონ კი, ილიას პანაშვიდზე წავიდა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში იმართებოდა. შინ დაბრუნებულმა დედამ, ბავშვს პანაშვიდის დეტალები უამბო, მათ შორის ის ფაქტიც, თუ როგორ ეფინა ნატყვიარებ შუბლზე მუხის ფოთოლი მიცვალებულ პოეტს. ეს დღე, გოგლას მეხსიერებაში, სამუდამოდ დაილექა და პირველი ლექსის მაგვარი სტრიქონებიც ილიას მიუძღვნა. “მუხის ფოთოლი” – ასე უწოდა საკუთარ ნამუშევარს.

“განგმირულ ილია ჭავჭავაძეს, სიონში რომ ესვენა, ნატყვიარ შუბლზე მუხის ფოთოლი ეფარა”.

მისი პირველი ლექსი ”მცხეთა” 1911 წელს, გაზეთ ‘სინათლეში” გამოქვეყნდა. 1912 წლიდან, ლეონიძის ლექსები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, ხშირად იკავებდა საპატიო ადგილებს. თუმცა, პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად, 1915 წელს ასახელებდა.

ახლა ცოტა გიორგი ლეონიძის ღრმა ბიოგრაფიულ შტრიხებშიც გამოგზაურებთ. 1907 წელს, მწერალი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. სწორედ ამ პერიოდში, მან თანამოაზრეებთან ერთად, ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს, სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1918 წელს დაასრულა. 1911 წლიდან კი, მისი პირველი ლექსები და წერილები,უკვე პრესაში გამოჩნდა. საზოგადო მოღვაწე, ხელნაწერ ჟურნალებს “გვირგვინსა” და “ფანდურს” რედაქტორობდა, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა.

1916 წელს, გიორგი ლეონიძემ ლიტერატურული ალმანახი “საფირონი” დააარსა. 1922-1923 წლებში იგი “ცისფერყანწელთა” ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ “ბახტრიონს” რედაქტორობდა. პოეტს ღრმა პატრიოტიზმის მქონე სულიერი სამყარო ჰქონდა. სწორედ მისმა ამგვარმა განწყობილებამ, ქართველ კლასიკოსთა ძლიერ ზეგავლენასთან ერთად, ესთეტიზმს ჩამოაშორა. ლეონიძე თვითმყოფადი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელმა ლირიკულმა შედევრებმა, იმთავითვე განჭვრიტა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

მისი ასეთი სიღრმისეული ნამუშევრებია: ”ნინოწმინდის ღამე”, ”სიმღერა პირველი თოვლისა”, 1926; “მყვირალობა”, “ყივჩაღის პაემანი”, “ყივჩაღის ღამე”, 1928; “ოლე”, 1931 და კიდევ ბევრი.

სწორედ გიორგი ლეონიძის მოთხრობების წიგნმა “ნატვრის ხემ”, 1976 წელს, რეჟისორ თენგიზ აბულაძეს, იმავე სახელწოდების ფილმი გადაღება შთააგონა. გოგლა “ცისფერყანწელების” არცერთ შეკრებას არ აკლდებოდა, რომლებიც ლიტერატურულ საუბრებს, როგორც ვიცით, ძირითადად, ფუნიკულიორზე მართავდნენ. ლეონიძე ტიციანსა და პაოლოს, ახლად დაწერილ ლექსებს უკითხავდა.

გიორგი ლეონიძე ლიტერატურათმცოდნეობაშიც მოღვაწეობდა და თან, საკმაოდ ნაყოფიერად. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის, ქართულ-რუსული, ქართულ-უკრაინული ლიტერატურის ურთიერთობათა მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი, რომელიც ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობას სიცოცხლის ბოლომდე ადგენდა და უბის წიგნაკში ინიშნავდა. მსგავსი სიტყვები, მის შემოქმედებაშიც უხვად გვხვდება, რაც პოეტის ნაშრომებს, განსაკუთრებულს ხდის.

მწერალი საქართველოს სსრ მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. 30-იან წლებში მისი ინიციატივით მთაწმინდის მწერალთა მუზეუმიც დაარსდა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სსრ სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. ამჟამად ეს მუზეუმი, ლეონიძის სახელობისაა. 20 წლის განმავლობაში, ამ მუზეუმის დირექტორად, თავად მუშაობდა. მისი ინიციატივით შეიძინა საგურამომ ი. ჭავჭავაძის მუზეუმი.

1922 წელს გიორგი ლეონიძემ წარჩინებული აზნაურის ქალიშვილზე, ეფემია გედევანიშვილზე იქორწინა. მწერალს, საყვარელი ქალისთვის ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მოუწია. “ფეფიკო”, როგორც მას მოფერებით ეძახდნენ, გოგლას სიძის და იყო. ის საკუთარი დის ოჯახში, სოფელ გოროვანში, ხშირად ხვდებოდა. ნათესაური კავშირის გამო კი, ეფემიამ გოგლას ცოლობაზე უარი არაერთხელ უთხრა. საბოლოოდ, მწერალმა მის გამო, კათალიკოსისგან ქორწინების ნებართვა მოიპოვა. ამან ეფემიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წყვილმა თბილისში იქორწინა. ქორწილი კი, რესტორან “ქიმერიონში”, რომელიც “ცისფერყანწელების” საყვარელი ადგილი გახლდათ, სწორედ მათ გადაუხადეს.

1946 წელს ლეონიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. 1959 წელს კი, საქართველოს სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა. 1951-1954 წლებში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახდა. 1959 წლიდან სიკვდილამდე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს დამსახურებულ პოეტს სახელმწიფო პრემია სამჯერ მიენიჭა. გიორგი ლეონიძე მშობლიურმა მიწამ 1966 წელს მიიბარა. პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. 1969 წელს, გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, მას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.

 

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი