მსოფლიოს მოსახლეობის 10 % დაინფიცირდება – ბრუნდება თუ არა COVID პანდემია

რამ გამოიწვია მორიგი კოვიდ აფეთქება ჩინეთში?

ჩინეთში კრემატორიუმები 24 საათის რეჟიმში მუშაობს. ჯანდაცვის ექსპერტები 1.6 მილიონი ადამიანის სიკვდილს ელოდებიან, ხოლო აპრილში, მათი განცხადებით, 300 000 ადამიანი დაიღუპება. დეკემბერში, მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებდნენ, ჩინეთის მთავრობამ ნულოვანი კოვიდ პოლიტიკა შეარბილა.

“ინფექციები მკვეთრად მატულობს, საავადმყოფოები გადატვირთულია, პეკინსა და დიდ ქალაქებში სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება”, – აცხადებენ ექსპერტები.

ეპიდემიოლოგ ერიკ ფეიგლ-დინგის შეფასებით, მომდევნო 90 დღეში უფრო მეტი ადამიანი, კერძოდ, ჩინეთის მოსახლეობის 60% და მსოფლიოს – 10 % დაინფიცირდება.

მისი თქმით, დღევანდელი სცენარი ძალიან ჰგავს 2020 წელს, როდესაც საავადმყოფოში პაციენტები იატაკზე ერთმანეთის გვერდით იწვნენ, კრემატორიუმები კი ცხედრებით სავსე იყო.

ოფიციალური სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული „კოვიდ 19“-ით უცნობია. დასავლეთში ეჭვობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს.

რამ გამოიწვია მორიგი კოვიდ აფეთქება ჩინეთში?

ექსპერტების შეფასებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობას სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმუნიტეტის დაბალი დონე აქვს.

“ჩინეთის მთავრობა ტრაბახობდა, რომ “კოვიდ 19″- ის წინააღმდეგ გამარჯვება ნულოვანი კოვიდ პოლიტიკით მოიპოვა, თუმცა სურათი ომიკრონის შემდეგ, 2021 წელს შეიცვალა”, – განაცხადა სინოლოგმა გერმანიიდან.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიამ ვაქცინაციის წამახალისებელი გაძლიერებული კამპანია დაიწყო, განსაკუთრებით ხანდაზმულებისა და რისკის ქვეშ მყოფი სხვა პირებისთვის. თუმცა, მრავალი ექსპერტი ჩინურ ვაქცინებს , “სინოვაკსა” და “სინოფარმს”, “ფაიზერსა” და “მოდერნასთან” შედარებით, არაეფექტიანად აფასებს. ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტების შიშის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ვირუსმა შეიძლება განვითარებად ქვეყნებამდეც მიაღწიოს.

“კოვიდ-19” საგანგაშო ტემპებით ვრცელდება იაპონიაშიც, სადაც პანდემიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 415 ადამიანი იმსხვერპლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო “როიტერი” ქვეყნის ჯანდაცვაზე დაყრდნობით იუწყება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იაპონიაში ვირუსის 216 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთი კვირით წინანსდელ მაჩვენებელზე 4%- ით მაღალია.

სააგენტოს ცნობით, ბოლო ერთი კვირაა, ქვეყანაში “კოვიდ 19”-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს, ეპიდემიოლოგი და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჩინეთში “კოვიდ 19”-ის შემთხვევების სწრაფი ზრდა რისკებს საქართველოსთვისაც ზრდის, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოში კოვიდ ინფიცირებულთა შემთხვევა 150-200-ს არ აღემატება.

ინგა ფუტკარაძე