“გაწყვიტეს ძაფი, რომლითაც ომის შემდეგ, კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა იყოს შესაძლებელი”

ინტერვიუ: ლადო პაპავასთან

ლადო პაპავა

2022 წელი საქართველოსთვის რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო. საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მიუხედავად ქვეყანამ შეძლო სარისკო, მაგრამ პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. წლის ბოლოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტი დააანონსა. იმის მიუხედავად, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რიგითი ადამიანები მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობენ. ამას ემატება საქართველო-უკრაინას შორის დაძაბული რიტორიკა. 2022 წლის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მედია სააგენტო “24”-თან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ შეაჯამა.

– მიმდინარე წელი, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, იყო ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე, არაერთმნიშვნელოვანი. შევაფასებდი – ეკონომიკურად, როგორც წარმატებულ წელს და შევეცდები, რომ გარკვეულწილად ავხსნა, რატომ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ “კოვიდ-19”-ის პანდემია დასრულებული არ იყო, მას პრაქტიკულად გადაება რუსეთის ომი უკრაინაში. რუსეთის ომს უკრაინაში მოყვა დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესება. ამან, ისედაც რთული ეკონომიკური ვითარება, კიდევ უფრო დაამძიმა. აი, ამ ვითარებაში საქართველო არაერთხელ იყო საფრთხის წინაშე, რომ ჩართულიყო ომში, რომ გაეხსნა მეორე ფრონტი. ამას ითხოვდნენ, როგორც ზოგიერთი უცხოელი, ჩვენი ვითომ მეგობარი, ასევე საქართველოში არაერთი ადამიანი მოიძებნა, მათ შორის პოლიტიკოსები, ვინც ასევე ითხოვდა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა, ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად, მაგრამ კონტექსტი იყო უცვლელი. აი, ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ მოახერხა ამ დაგებული ხაფანგების გვერდის ავლა და პრაქტიკულად, მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება, რომელმაც შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველოში გაგრძელდა ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2021 წელს დაიწყო.

საქართველოს მთავრობამ მოახერხა დაგებული ხაფანგების გვერდის ავლა და მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება

2021 წელს ჩვენ გვქონდა 10,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა. იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება 2022 წლის დეკემბრის შედეგები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდოდ, 10%-იანი ზრდით დასრულდება 2022 წელი, ანუ სახეზეა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტი უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე იმპორტი. უმუშევრობის დონე ქვეყანაში შემცირდა. ასე რომ, მთლიანობაში, ეს ყველაფერი სასიკეთოა. მაგრამ მესმის, რატომ არის მოსახლეობა უკმაყოფილო და რატომ ვერ აღიქვამს ამ ეკონომიკურ ზრდას. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, როცა ჩვენ 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ინფლაცია იყო ლამის 14%-იანი ანუ ინფლაციამ „შეჭამა“ ეკონომიკური ზრდა. მაგრამ წარმოიდგინეთ, 10,5%-იანი ზრდა კი არა, არამედ 5%-იანი ან კიდევ უფრო ნაკლები რომ გვქონოდა. მაშინ მოსახლეობის მდგომარეობა ხომ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. დაახლოებით იგივე სურათი ჩამოყალიბდება წელსაც. სავარაუდოდ, წლიური ინფლაცია 2022 წელს ასევე მეტი იქნება, ვიდრე წლიური ეკონომიკური ზრდა.

რაც შეეხება ინფლაციას, ეს არ არის უშუალოდ ქართული პრობლემა. ინფლაცია დღეს გლობალურია და ყველა ქვეყანა განიცდის ინფლაციურ წნეხს, აშშ და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან “კოვიდ-19”-ის პანდემიისას მოხდა მიწოდების გლობალური ჯაჭვების გარღვევა ანუ შემცირდა მიწოდება. ეს გამოიწვია იმან, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ჩაკეტვა. მთავრობებს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთით დაწყებული. ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან რუსეთის ომმა უკრაინაში, ამ ჯაჭვებიდან ამოაგდო რუსეთიც და უკრაინაც. ამ ვითარებაში განვითარდა ისეთი მოვლენები, როგორიც არის „ნავთობის ომი“, „სასურსათო ომი“ და ფასებმაც კიდევ უფრო მეტად მოიმატა. ასე რომ, ეს ინფლაციური პრობლემები, რომელსაც საფუძველი 2020 წელს პანდემიის დაწყებასთან ერთად დაედო, დღესაც გრძელდება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია “სასურსათო ომი”, რომელიც პრაქტიკულად ფოკუსირებულია ხორბალზე

– “ნავთობის ომში” საქართველომ აუცილებელი ნაბიჯები გადადგა და სწორი გამოსავალი იპოვა? შედგა პრემიერის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. სულ ახლახან კი, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ…

– ჩვენ ენერგეტიკულად, მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებული ვართ. უმთავრესად აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული, თუმცა რუსულ ენერგეტიკულ რესურსებსაც მოვიხმართ. ამიტომ, ის რომ საქართველომ არ გამოუცხადა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, და კიდევ უფრო უარესი – საქართველო არ ჩაერთო ომში, ის, რომ საქართველომ აი, ასეთი ზომიერ პოლიტიკა აირჩია რუსეთთან დაკავშირებით სწორი იყო არამარტო ენერგეტიკული თვალსაზრისით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „სასურსათო ომი“, რომელიც პრაქტიკულად ფოკუსირებულია ხორბალზე ფასების გაძვირებაზე. ეს გამოიწვია იმან, რომ დაბლოკილია უკრაინული პორტები. ბოლო პერიოდში კი, რამდენიმე პორტი გაიხსნა და რამდენიმე გემი გაატარეს. რუსეთი კი თავის ხორბალს იყენებს, როგორც სტრატეგიულ იარაღს, ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით აკრძალა ექსპორტი, ზოგიერთი ქვეყანას ძალიან გაუძვირა. ასე რომ, ფაქტობრივად, აქაც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი გონივრული პოლიტიკით ქვეყანას კიდევ ერთი სირთულე ააცილა თავიდან.

– დღეს აზერბაიჯანი უფრო ჩანს კავკასიაში ლიდერად თუ საქართველომ მოახერხა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება?

– დავიწყოთ იმით, რომ სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადის კავკასიაზე, კერძოდ, ორ ქვეყანაზე – აზერბაიჯანსა და საქართველოზე, ეს დიდი ხანია არსებობს. ეს ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დამსახურებაა, რომელმაც წამოაყენა იდეა ახალი აბრეშუმის გზის შექმნის და ეს რეალიზებულია უკვე ისეთ პროექტებში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. რკინიგზა, რომლის ბოლო მონაკვეთი ყარსი-ახალქალაქი, ასევე სადღაც 20 წლის წინ აშენდა. ასე რომ, ეს პრაქტიკულად, სატრანსპორტო დერეფანი არსებობს. ახლა საუბარია, რომ ეს დერეფანი გაფართოვდეს, იმიტომ, რომ ის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადიოდა რუსეთზე, უბრალოდ დაბლოკილია. დაბლოკილია ომის, ეკონომიკური სანქციების გამო. იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებს აქვთ პრობლემა, დასავლეთს, როგორ მიაწოდონ თავიანთი რესურსები, უწინარეს ყოვლისა, ენერგეტიკული რესურსები. ამ მხრივ, აბსოლუტურად სწორი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საზაფხულო ვოიაჟები ცენტრალური აზიის ქვეყნების დედაქალაქებში, ესტუმრა ყაზახეთს, უზბეკეთის, თურქმენეთის დედაქალაქებს, რამაც პრაქტიკულად ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი, რომ გარკვეულწილად ენერგეტიკული რესურსების ცენტრალური აზიის ამ სამი ქვეყნიდან აზერბაიჯან-საქართველოს გავლით გადმოისროლონ. მე აქ არ გამოვყოფდი, ვინ უფრო ლიდერია აზერბაიჯანი თუ საქართველო. აზერბაიჯანს ერთი აშკარა უპირატესობა აქვს. აზერბაიჯანი თვითონ არის ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი. მაგრამ მისი გაზისა და ნავთობის ექსპორტი, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საქართველო. იმიტომ, რომ რუსეთზე თუ შეეცდებოდა ამის გატანას, ის მხარე დაბლოკილია, ირანთან გართულებულია ურთიერთობა, სომხეთთან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა სირთულეებიც არსებობს. აქედან გამომდინარე დარჩა ერთი ვარიანტი – საქართველო. აზერბაიჯანს, რა თქმა უნდა, ნავთობი და გაზი აქვს, ეს მისი პლუსია, ხოლო საქართველოს პლუსი ის არის, რომ ჩვენ ერთადერთი შესაძლო ვარიანტი ვართ აზერბაიჯანული ენერგეტიკული რესურსების დასავლეთის და თურქეთის მიმართულებით ტრანსპორტირებისთვის. ასე რომ, მე ასე ვიტყოდი – საქართველო და აზერბაიჯანი, ორივე ერთად ქმნის „კავკასიურ ტანდემს“, ანუ ერთად ვართ, როგორც სტრატეგიული პარტნიორები და გეოპოლიტიკურადაც დაინტერესებული ვართ გეოეკონომიკურად, ერთი და იგივე ამოცანის გადაწყვეტაში.

როცა “ენას შეგვაჩვევენ”, მერე გრძელდება და გრძელდება უსაფუძვლო ბრალდებები

– უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად საქართველოს არის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო თავდასხმის ობიექტი. რამდენად სერიოზულად დააზარალა უკრაინის მხარის საჯარო დარტყმებმა საქართველო, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად?

– რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები და განცხადებები, რბილად რომ ითქვას, არასასიამოვნოა, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი მხრიდან არის გარკვეული შეცდომები დაშვებული. თავიდანვე, როდესაც უკრაინამ მისცა სააკაშვილს მოქალაქეობა, ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის დროს, მაშინ საქართველოს უფრო სერიოზული პროტესტი უნდა გამოეთქვა. მარტო სააკაშვილს ხომ არა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც მისცა მოქალაქეობა და მაღალი თანამდებობები. მაშინ უფრო სერიოზულად უნდა გამოეთქვა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას პროტესტი. შემდეგ, სააკაშვილმა დაკარგა უკრაინის მოქალაქეობა. ზელენსკი, როცა აირჩა უკრაინამ პრეზიდენტად, პუტინმა ირონიანარევი თითქოს დავალება მისცა, ხუმრობით ისე თქვა, – ახლა დროა სააკაშვილს აღუდგინო მოქალაქეობაო, – და ზელენსკიმაც აღუდგინა. კინაღამ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს და მერე, რაღაც ხელოვნური თანამდებობაც მოუგონეს, რადგან პრემიერ-მინისტრის ვარიანტი ვერ გამოვიდა იმ ეტაპზე. ასევე, პრაქტიკულად პოლიტიკური თავშესაფარი იპოვა, ეს ძალიან რბილად არის ნათქვამი, თანამდებობებიც მიიღეს უკრაინაში სააკაშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებმაც. ამაზეც, სამწუხაროდ, მკაცრი რეაქცია არ ყოფილა თბილისის მხრიდან, ხოლო უკრაინამ ამჯერად ყველანაირი ბერკეტი აამოქმედა საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ელჩიც გაიწვია, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. მაშინ კიევს ისეთი ქვეყნებიდან არ გაუწვევია ელჩები, სადაც მართლაც სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა, თუნდაც სამხედრო-საომარი თვალსაზრისით, საქართველოდან კი გაიწვია. ახლა, როგორც იტყვიან, “ენა შეგვაჩვიეს”. როცა “ენას შეგვაჩვევენ”, მერე გრძელდება და გრძელდება უსაფუძვლო ბრალდებები. სამწუხაროდ, მათ ის „ძაფი“ გაწყვიტეს, რომლითაც ომის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურად კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა იყოს შესაძლებელი.

– „ენა შეგვაჩვიეს“ კი არა, ფაქტობრივად, მუქარა იყო, არ რომ მორჩებით საქართველოსთვის მოვიცლითო…

– ასეთი „მუქარაც“ იყო არესტოვიჩის მხრიდან. მისი სერიოზულად აღქმა შეუძლებელია: არც თანამდებობა აქვს ანგარიშგასაწევი და არც სერიოზულობა. ამ განცხადების მერე უკან დაიხია – მე ასე არ მითქვამსო, ვიგულისხმე, რუსეთი რომ დამარცხდება, ამით საქართველოსაც დავეხმარებითო. აშკარაა, რომ საქართველოს დაუმსახურებლად ისეთი მოთხოვნები წაუყენეს, გეგონება ჩვენი უფროსები არიან.

რუსეთის სამხედრო ძალას საქართველოში შემოსვლა არ სჭირდება, ის თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგას

– რით აღიზიანებს საქართველო უკრაინას, ამხელა ჰუმანიტარული დახმარება გაიღო ქვეყანამ?

– როცა ქვეყანა ომშია ჩართული, მარტივი ლოგიკიდან გამოდის, რომ მას ურჩევნია, ვიღაცამ გახსნას მეორე ფრონტი, რომ გადანაწილდეს რუსეთის სამხედრო ძალები ორ ფრონტზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასეთად კიევმა ჩათვალა საქართველო, რადგანაც საქართველოს ტერიტორიის 20% როგორც იცით, რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ამიტომ ჩათვალეს, რომ საქართველოსაც უნდა მიეღო ომში მონაწილეობა. მაგრამ, როგორც კი ეს ასე არ მოხდა, კიევიდან წამოვიდა დაუმსახურებელი ბრალდებები. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალას საქართველოში შემოსვლა არ სჭირდება, ის თბილისიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას. ამიტომ ასე მარტივად არ იქნებოდა რუსეთთან მეომარი საქართველოს მდგომარეობა.

კიევის უკმაყოფილების მიუხედავად, ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვანი ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებაც მივეცით, ელექტროგენერატორებიც მივაწოდეთ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, თბილისსა და ბათუმში ორი სკოლაა გახსნილი, რომელიც უკრაინულ ენაზე ასწავლის უკრაინელ ბავშვებს. ასე რომ, ქვეყანას რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. გარდა ამისა, ჰააგის ტრიბუნალი იქნება თუ ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე მათ შორის, გაეროშიც, საქართველო ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს, როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა.

რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა”, ისევე როგორც მისი სატელიტები, მკვეთრად გამოხატული რევანშისტული ოპოზიციური ძალა, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი შეიფარა უკრაინამ და მისი გუნდის სხვა წევრებიც, იყენებს ამ კონტაქტებს და პრაქტიკულად, უკრაინა, რომელიც ომშია ჩართული, იმისთვისაც ნახულობს დროს, რომ ხან რა სიტყვებით შეურაცხყოს ჩვენი ქვეყანა, ხან რა სიტყვებით.

ომის რეალური საფრთხის წინაშე რომ ვყოფილიყავით, ბრიუსელი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებდა

– გამორიცხავთ, რომ ეს განცხადებები, რასაც უკრაინიდან ვისმენთ, გარკვეულწილად წახალისებული ან დაკვეთილი იყოს ევროპიდან ან ამერიკიდან. ხომ შეიძლება ფიქრობენ, რომ ქართული სამხედრო ნაწილები გაწვრთნეს და რადგანაც ახლა დასავლეთის პოლიტიკურ ინტერესებს საბრძოლო მოქმედებებში დახმარება სჭირდებათ, გაწვრთნილი ქართული სამხედრო შენაერთები გამოიყენონ? აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც, ფაქტობრივად, დაგვაყვედრა, 6 მლრდ-ის დახმარება გაუწია ამერიკამ საქართველოსო. გაღებული თანხებით სასურველ შედეგებს ელიან?

– თეორიულად, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ფაქტებს მივყვეთ. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას იმისათვის, რომ ომშია ჩართული; კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვას იმისათვის, რომ ომის აშკარა საფრთხის ქვეშ არის, ხოლო ჩვენ არ მოგვანიჭა. აქ უკვე ლოგიკურად გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსზე საქართველოს უარი ეთქვა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ომში ჩართული და ჩვენ, არც ომის რეალური საფრთხის ქვეშ ვართ. მაშასადამე, სულ ცოტა ომის რეალური საფრთხის ქვეშ რომ ვყოფილიყავით, ბრიუსელი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებდა. პრაქტიკულად ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირიბად მოგვიწოდა ომში ჩართვისკენ. ხოლო ის 12-პუნქტიანი დავალება, რაც საქართველომ მიიღო, მსგავსი დავალება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, უკრაინასაც მიეცა. ასე რომ, მას კანდიდატის სტატუსიც მისცეს, დავალებაც, ხოლო ჩვენ მხოლოდ დავალება. აი, ასეთი არაპირდაპირი, ირიბი განცხადებები ქმნის გარკვეულ აღქმას იმისა, რომ დასავლეთი ელოდა ჩვენ ჩართვას. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ელჩმა, ჩემპიონი არისო და ყველაფერში მხარს ვუჭერთო. როცა ლომჯარიამ ინატრა, ნეტავ, თბილისზე ბომბები ცვიოდესო, ე.ი. ამაშიც მხარი დაუჭირა დეგნანმა? მისი ენა, სამწუხაროდ, ნაკლებად დიპლომატიური აღმოაჩნდა…

– დასავლეთი რატომ იყენებს ორმაგ სტანდარტს მცირე ქვეყანა საქართველოსთან მიმართ და ამაში “მძიმე ავადმყოფის”, პატიმარ სააკაშვილის გამოყენებასაც არ ერიდებიან?

– სააკაშვილი საკმაოდ არყევს ქვეყანას იმიტომ, რომ დასავლეთში ძალიან ბევრია მის მხარდასაჭერად განწყობილი. ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. ევროპარლამენტიც ქმნის და ქმნის ახალ დოკუმენტებს საქართველოში სწორედ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მხარდაჭერის მიზნით. თვლიან, რომ ეს შესაძლოა გახდეს გარკვეული წინაპირობა იმ 12 პირობასთან ერთად, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველაზე მეტად დღეს ვის უნდა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ნათელია, რომ ხელისუფლება დღეს აშკარად უფრო მეტი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს, ვიდრე რადიკალურ ოპოზიციას. ხოლო, თუ ხელისუფლებამ მიაღწია დადებითი პასუხის მიღებას ბრიუსელიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ის 2024 წლის არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოიგებს. რა უნდა ამ დროს რადიკალურ ოპოზიციას, ის კი არა რომ საქართველომ არასდროს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უნდა მიიღოს, ოღონდ, მაშინ, როცა თვითონ იქნებიან ხელისუფლებაში.

ესაუბარა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი