გადათეთრებული ნაძვები, მოსეირნე ირმები, ჩრდილოეთის ნათება: გიამბობთ ლაპლანდიურ მოგზაურობაზე
ინტერვიუ გიორგი ქირიკაშვილთან, რომელმაც 2022 წლის მიწურულს ლაპლანდიაში იმოგზაურა.
ლაპლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. განსაკუთრებულად ჯადოსნური კი, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ხდება. ლაპლანდია ხომ ახალი წლის მთავარი პერსონაჟის, სანტა კლაუსის სოფელია. მინდა გაგაცნოთ 22 წლის ბიჭი, რომელიც 2022 წლის მიწურულს, წინასაახალწლო აურზაურის დროს, ლაპლანდიას ესტუმრა. გიორგი ქირიკაშვილი მოგზაურობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ყოველთვის აინტერესებდა სხვადასხვა ქვეყნის გაცნობა, სიახლეების აღმოჩენა და ამ ყველაფრის ფოტოებზე აღბეჭდა. პირველი მოგზაურობა, 17 წლის ასაკში, ბაქოს ჯგუფური ტურით შედგა. შემდეგ კი, პანდემიამდე, ყოველწლიურად მოგზაურობდა. ამჯერად გიორგიმ თავისი ლაპლანდიური შთაბეჭდილებები მედია სააგენტო “24”-ს გაუზიარა და ლაპლანდიაში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებაც მოგვცა.
– ლაპლანდია, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, ყველასთვის ჯადოსნური ლოკაციაა. მოგვიყევი, როგორ მოხვდი წინასაახალწლო პერიოდში, სანტას ცნობილ სოფელში?
– პანდემიის გამო, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მინდოდა ერთ მოგზაურობაში გამეერთიანებინა ყველა ის სურვილი და მიზანი, რაც დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. ეს სურვილი მოგზაურობას, წინასაშობაო პერიოდის ევროპის ქვეყნებში გატარებას, კრუიზით მოგზაურობას, ლაპლანდიის ნახვასა და რაც მთავარია, ჩრდილოეთის ნათების ხილვას მოიცავდა.
– როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
– ლაპლანდიაში პირველი შთაბეჭდილებები, უკვე, მის საზღვართან იწყება, როცა გზიდან გადათეთრებული ნაძვების ქვეშ მოსეირნე ჩრდილოეთის ირმებს ხედავ. მიუყვები ამ გზას კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ და 1 საათის შემდეგ, უკვე სანტა კლაუსის სოფელთან მიდიხარ, სადაც უკვე ცოცხლად ვხედავთ ჰანს ქრისტიან ანდერსენის წიგნებში აღწერილ ზღაპრულ გარემოს.
– ყველაზე დიდი ემოცია, რისი ნახვის შემდეგ დაგეუფლათ?
– ყველაზე დიდი ემოცია, დაღამებისას, დრონის აფრენის შემდეგ მქონდა. როდესაც სანტა კლაუსის ულამაზეს სოფელს გადავუფრინე და ფოტოებში აღვბეჭდე ის გარემო, რომელიც ოდესღაც, გონებაში ზღაპრებიდან მქონდა ჩარჩენილი.
– როგორი გარემოა, რა აქტივობით შეიძლება დაკავდეს სტუმარი?
– ბევრი აქტივობაა მთელ ტერიტორიაზე, როგორც ბავშვებისთვის ისე დიდებისთვის. შეგიძლიათ სანტა კლაუსის ოფისს ესტუმროთ, სადაც სანტა კლაუსთან გასაუბრებასა და ფოტოების გადაღებას შეძლებთ. ასევე, ნახავთ სანტას ფოსტას, სადაც მთელი მსოფლიოდან, უამრავი წერილი მიდის.
ასევე, შეგიძლიათ ყინულის სასახლე დაათვალიეროთ, ირმებით ან ჰასკებით ისეირნოთ, ან ირმების ფერმას ეწვიოთ. როვანიემიდან 10 წუთის სავალზე კი, არის Ounasvaara ski resort-ი, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათიანი აბონემენტი აიღოთ და ისრიალოთ. რაც მთავარია, თუ თქვენს მოგზაურობას მოწმენდილი ცა დაემთხვევა, სანტას სოფლიდანვე შეგიძლიათ ნახოთ ჩრდილოეთის ნათება.
– რა დროს არის საკმარისი ყველაფრის სანახავად?
– იმის გამო, რომ ჩემი მთავარი მიზანი ჩრდილოეთის ნათების ნახვა იყო, მხოლოდ 3 დღით გავჩერდი ლაპლანდიის ტერიტორიაზე, სადაც თოვის გამო, იმ დღეებში მისი ნახვა, შეუძლებელი იყო. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩრდილოეთ პოლუსიდან კიდევ უფრო ზემოთ ასვლა და გადავედი ნორვეგიის ჩრდილოეთით, ქალაქ ტრომსოში. სადაც, საბოლოოდ, ვნახე კიდეც ბუნების ეს ულამაზესი მოვლენა. გასათვალისწინებელია ის, რომ დეკემბერში სანტა კლაუსის სოფლის ტერიტორიაზე, შუადღის 2 საათის შემდეგ უკვე ღამდება, ხოლო კიდევ უფრო ჩრდილოეთით, მზე საერთოდ არ ამოდის. ასე რომ დღის აქტივობების მოსასწრებად, სულ დრო 3-4 საათი გაქვთ.
– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ამ ჯადოსნური ადგილის მონახულებას გეგმავენ?
– პირველ რიგში, ალბათ, მანქანის ქირაობას ვურჩევდი ჰელსინკიში, ან ლაპლანდიის ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ ლაპლანდიის უკეთესად სანახავად და ბოლომდე შესაცნობად, უმჯობესია ქალაქიდან გასვლა და ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფლების ნახვა. ასევე, ვისაც ჩრდილოეთის ნათების ნახვა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ უმეტეს შემთხვევაში, საჭიროა მანქანით გადაადგილება, რადგან უნდა იპოვოთ ადგილი, სადაც ღრუბლების რაოდენობა ნაკლები იქნება და დიდი დასახლებებიდან შორს იქნებით. შეიძლება შვედეთის ან ნორვეგიის ტერიტორიაზე გადასვლაც მოგიწიოთ.
– რა აქსესუარები უნდა წაიღოს მოგზაურმა ლაპლანდიაში?
– მოგზაურობისთვის ბილეთები წასვლამდე 1 თვით ადრე ვიყიდე, მაგრამ კონკრეტული დღეები დეტალურად არ დამიგეგმავს. შესაბამისად, ლაპლანდიის ტერიტორიაზე, არცერთი სასტუმრო არ მქონდა დაჯავშნილი. დავდიოდი მანქანით და ვრჩებოდი იქ, სადაც დამაღამდებოდა. რაც შეეხება აქსესუარებს, მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ტემპერატურა ზოგჯერ -20-ს ქვემოთ ჩამოდის. ამიტომ, თერმული და თბილი ტანსაცმელია საჭირო.
– ახლა, როცა სამშობლოში დაბრუნდით, რა ემოციები გამოგყვებათ მსოფლიოში საახალწლოდ ყველაზე ჯადოსნური ადგილიდან?
– რთულია ყველა იქ განცდილი ემოციის გადმოცემა. ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ და გამოცადოთ. ერთი, რაც დაბრუნების შემდეგ ზუსტად ვიცი არის ის, რომ აუცილებლად დავბრუნდები იმ ჯადოსნურ გარემოში, სადაც ულამაზეს ადგილებთან ერთად, ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.
ესაუბრა სალომე ხომასურიძე