“თოვლის პაპას ქალის ფეხსაცმელი ეცვა და მივხვდი, რომ ის არ არსებობდა”

“ბრძოლის გარეშე, უკეთესობისკენ არასდროს არაფერი იცვლება”
წარსულის მოგონებებთან ახლოს – ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან

მარგარეტ დაიაური

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საზეიმო განწყობა დღითიდღე გვიმძაფრდება, ამაში კი, სხვადასხვა მორთულობა, ღონისძიება თუ ისევ ჩვენთვის საინტერესო ადამიანები გვეხმარებიან. ამჯერად გიამბობთ ადამიანზე, რომელმაც წინაპრების სიყვარულის გამო, თბილისის კომფორტი დატოვა და ხევსურეთის მკაცრ პირობებში ცხოვრება არჩია. ხევსურეთში ახალ წელს მხოლოდ ძველი სტილით აღნიშნავენ. მედია სააგენტო “24”-ს ხევსურულ ტრადიციებსა და ახალ წელზე ზღაპრის გმირივით ლამაზი გოგონა, საოცარი ჟღალი თმითა და ცისფერი თვალებით, მარგარეტ დაიაური ესაუბრა. ის რამდენიმე წლის წინ, თბილისიდან ხევსურეთში გადასახლდა და შატილში დამკვიდრდა.

– დავიწყოთ თავიდან, მოგვიყევი როდის და რატომ გადაწყვიტე დედაქალაქიდან შატილში გადასვლა?
– სულ მინდოდა ხევსურეთში ცხოვრება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მივიღე, როცა შატილში, ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსია გამოჩნდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი შანსი ოცნება ამეხდინა, გადავსულიყავი მთაში და თან, სოფლისთვის მნიშვნელოვანი საქმე მეკეთებინა.

– რატომ მაინცდამაინც ხევსურეთი, რა გაკავშირებს შატილთან?
– წარმოშობით ხევსური ვარ და ზუსტად ამიტომ ავირჩიე ეს კუთხე, შატილელი დიდი ბებია მყავდა და ამ სოფელთან, სწორედ ეს მაკავშირებს. თუმცა, გადაწყვეტილება ამის გამო არ მიმიღია. ხევსურეთში სულ ორი სკოლაა, აქედან შატილი 7 თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და ვფიქრობდი, რომ იქაურ ბავშვებს უფრო დავჭირდებოდი, ისინი ხომ გარე სამყაროსგან მოწყვეტილები იყვნენ.

– გაგიჭირდა თუ არა, ახალ გარემოსთან ადაპტაცია, საბოლოოდ, როგორ შეეგუე?
– საერთოდ არ გამჭირვებია, პირიქით, ახალ გარემოს ძალიან ადვილად შევეწყე. სწორედ მთა იყო ის ადგილი, სადაც ყოველთვის მინდოდა ცხოვრება.

მარგარეტ დაიაური ბაბუის ნაქონ ქურთუკში

– ამ ფოტოს თავისი ისტორია აქვს?
– ამ ფოტოზე ჩემი ღმერთკაცის – პაპაჩემის ჯინსის ქურთუკი მაცვია, რომელმაც ჩემი კუთხე და ხევსურები შემაყვარა. პაპის, ვინც ხევსურეთი თავისი სოფლის -კარწაულთის ბილიკებზე სიარულით მასწავლა და ვეღარ მოესწრო იმას, თუ როგორ გავაგრძელე მისი სვლა, ფართო გზებზე, მარტომ. იმედი მაქვს უხარია, რომ მისი და ბებოს მაგალითით ვცხოვრობ იმ კუთხეში, სადაც ყველაზე ახლოს ვარ მათ მოგონებებთან

– რას გვეტყვი ხევსურულ ტრადიციებზე?
– ხევსურებს ძალიან ბევრი საინტერესო ტრადიცია გვაქვს. აქ უამრავი დღესასწაული აღინიშნებოდა, დუღდებოდა ლუდი, მზადდებოდა კერძები, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ეწყობოდა შეჯიბრებები. ყველა დღესასწაულს მთელი სოფელი ერთად, შეთანხმებულად ზეიმობდა, ერთობლივად მუშაობდნენ ყველა დეტალზე და შრომას ინაწილებდნენ. დღეს მათი უმრავლესობა ასე, უბრალოდ წარსულში დარჩა, სამწუხაროდ, მათზე მხოლოდ მოგონებები და ისტორიები შემორჩა, მითებივით. საუბედუროდ, საბჭოთა რეპრესიებმა, რომელიც 1951-53 წლებში დაიწყო, თავისი საქმე გააკეთა. ხევსურებს წაართვა ის, რაც სხვებისგან განასხვავებდათ და მათი მიზანიც ზუსტად ეს იყო.

– როგორ ხვდებიან შატილში ახალი წლის მოსვლას?
– ხევსურები ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

– რით განსხვავდება თქვენთვის, მთისა და ბარის ახალი წელი?
– ბარის ახალი წელი გრანდიოზული და ძალიან ბრჭყვიალაა, ფერადი, ხევსურეთში კი, მსგავსი არასდროს არაფერი ხდებოდა.

– როგორც ვიცი, პატარა ბიზნესი გაქვთ, როგორ მიდის ბიზნესის საქმე?
– დიახ, მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს კაფე, რომელიც შატილის ციხე-ქალაქის ულამაზეს ადგილასაა განთავსებული და სეზონურად, მხოლოდ ზაფხულში, (მაქსიმუმ შემოდგომის პირველ კვირებამდე) მუშაობს. საინტერესო და ყველაზე განსხვავებული სივრცეა, ამიტომ ინტერესი გახსნისთანავე გამოიწვია და მომავალშიც, კიდევ მეტი დაინტერესება და პერსპექტივა ექნება.

– ქართველმა ტელემაყურებელმა “კულინარიულ დუელში” გიხილათ, გიყვართ სამზარეულო?

– კულინარიულ პროექტში მე და ჩემი მეუღლე, პროდიუსერმა მიგვიწვია. ორივე მოყვარულები ვართ და კერძებს, სახლში ვამზადებთ ჩვენთვის და სტუმრებისთვის. სამზარეულოში ტრიალი ბავშვობიდან მომწონდა და ძალიან პატარა ასაკიდან ვისწავლე, სხვადასხვა დესერტისა თუ კერძის მომზადება. “სამზარეულოს ომებში” ჩვენ ნამდვილად, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც ეკრანებზე არ ჩანდა იყო ის, რომ დავდიოდით შატილიდან ყველა გადაღებისთვის ცალ-ცალკე, ჩაწერებისთვის, ინტერვიუებისთვის, დილის 7-ზე გავდიოდით სახლიდან, ზოგჯერ წვიმაშიც, ნორმალურად გათენებულიც რომ არ იყო. 4-5 საათიანი მგზავრობის შემდეგ, პირდაპირ მივდიოდით გადაღებაზე და საათობით გვიწევდა ფეხზე დგომა, იყო დიდი ნერვიულობა, სტრესი, დაღლილობა და უდიდესი პასუხისმგებლობა. საღამოს მოვდიოდით ისევ შატილში, კვლავ 4-5 საათი გზაში და სახლში ვბრუნდებოდით ღამე, ჯამში 320 კმ-ის გავლის შემდეგ.

მაქსიმუმი გავაკეთეთ, რადგან შატილში ერთი მაღაზიაც არ არის და თან, გვქონდა მხოლოდ ერთი გაზის ბალონი, ამიტომ კულინარიაში, სხვადასხვა რეცეპტებში და დროის გათვლებში, ვარჯიში ვერ შევძელით. ამ ყველაფრის მიუხედავად, უდიდესი გამოცდილება იყო, რომელიც ბევრ რამეში გამოგვადგება, ამიტომ დიდი მადლობა პროდიუსერს ჩვენი მიწვევისთვის და თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც იქ გავიცანით და იყვნენ უსაყვარლესები.

– რა არის სამზარეულოში ასე ვთქვათ, “თქვენი საიდუმლო” და გაქვთ თუ არა რაიმე კულინარიული საახალწლო ტრადიცია?

– თუ რამე ვიცი კულინარიაში, ყველაფერს ჩემს მეუღლეს ვუზიარებ, ჩემი მეუღლე კი მე. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვასწავლით ნებისმიერ რეცეპტს, ამიტომ საიდუმლო და პირადი რეცეპტები არ გვაქვს, პირიქით, სიამოვნებით ვუზიარებთ ადამიანებს ჩვენს პატარა ცოდნას.

– ნაძვის ხეს როდის აწყობთ?
– ზოგადად, ნაძვის ხის დადგმისთვის კონკრეტული დღე არ გვაქვს. როცა მოგვინდება, მაშინ ვდგამთ ხოლმე, თუმცა, წელს ახალი წლის გატარება, ნაძვის ხის გარეშე გადავწყვიტეთ.

– გაქვთ თუ არა საახალწლო სურვილები და საახალწლო სასწაულების თუ გჯერათ?
– საახალწლო და ზოგადი სურვილები, ყოველთვის ჩვენი კუთხისადმია მიმართული, გვინდა, რომ ჩვენი სოფელი შატილი და არა მარტო, იყოს განვითარებული, კარგი ინფრასტრუქტურით, იცნობდეს მთელი მსოფლიო და კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიგოს, თუ რა მრავალფეროვანი კულტურა და ისტორია გვაქვს ხევსურებს.

– თუ გქონიათ ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი და რით იყო გამორჩეული?
-ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი 9 წლის ასაკში მქონდა, როცა ამ დღესასწაულს, პირველად შევხვდი დათოვლილ ხევსურეთში, ყველაზე ჯადოსნურ და დიდებულ ადგილას.

– თქვენი და თოვლის პაპის ისტორიის შესახებ გვიამბეთ, მისი ოდესმე თუ გჯეროდათ და როგორია თქვენი პირველი საახალწლო შთაბეჭდილება?
– ჩემი პირველი საახალწლო შთაბეჭდილება სრული ფიასკოთი დასრულდა, როცა ბაღში თოვლის პაპა მოვიდა და საჩუქრების მოტანისას მისი ფეხსაცმელი დავინახე. ფეხსაცმელი, რომელიც ჩემი ბაღის დირექტორ ქალბატონს ეცვა ხოლმე. ამიტომ თავიდანვე მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა და შემდეგ წლებშიც, საჩუქრები მას კი არა, მშობლებს მოჰქონდათ.

– თბილისში, ყველაზე მეტად საახალწლოდ რა გიყვარდათ და რა გენატრებათ?
– ყველაზე მეტად სტუმრები, რადგან შატილი 7 თვით იკეტება და უიშვიათესად მოდის ახალ წელს სტუმარი. ახალი წელი კი, ბევრი სტუმრის გარეშე, ისეთი იდეალური ვერ არის ჩემთვის, როგორიც უამრავი სტუმრით იქნებოდა.

– საახალწლო ტრადიცია, რომელიც არ გიყვართ და რომელიც გიყვართ?
– ყველა საახალწლო ტრადიცია საყვარელია.

– თქვენი ახალი წელი დღეს და ახალი წელი ბავშვობაში…
– ზუსტად იგივე ემოციები მაქვს ახალ წელს ახლა, რაც ბავშვობაში მქონდა. არაფერი შეცვლილა. თოვლის პაპის გარეშეც ჯადოსნურია, ცვლილებებისა და უკეთესი დღეების მომტანია.

– როგორ წელს ელოდებით, გაქვთ თუ არა რაიმე, განსაკუთრებული გეგმები?
– ყოველთვის პოზიტიურად და იმედიანად ვუყურებ მომავალს და ახლაც არაა გამონაკლისი. მე და ჩემი მეუღლე იმდენს ვშრომობთ, ისეთი მიზანდასახულები და მებრძოლები ვართ, წარმოუდგენელია რამე არ გამოგვივიდეს და მხოლოდ იმედის ანაბარა ველოდებოდეთ რამეს.

– 2023 წლისთვის, თქვენს თავს და ქვეყანას რას უსურვებდით?
– ჩემს თავს ვუსურვებ, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო, რომ ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შევძლოთ ჩვენი სოფლისა და მთლიანად ხევსურეთისთვის. ქვეყანას რაც შეეხება, რა თქმა უნდა მშვიდობას ვუსურვებ და ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის. ბრძოლის გარეშე, უკეთესობისკენ არასდროს არაფერი იცვლება.

ესაუბრა სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი