პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, პარტიული კრიზისები – 2022 წლის შეჯამება
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან
გასული 2022 წელი, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე, კრიზისული და საინტერესო იყო. ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში არაერთი ტრაგედია თუ დადებითი მოვლენა ჩაიწერა. წელიწადი მიიწურა, თუმცა წინ ახალი 2023 წელია, ახალი გამოწვევებითა და მიღწევებით. 2022 წელი მედია სააგენტო “24”-თან პოლიტოლოგმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ვახტანგ მაისაიამ შეაფასა.
– 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საერთაშორისო საზოგადოებისთვის?
-საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე დიდი საფრთხე და გამოწვევა უკრაინის ომია, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ომმა ძირფესვიანად შეცვლა მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და სისტემა, ხოლო კაცობრიობა ბირთვული დაშინების საფრთხემდე მიიყვანა. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო კონფლიქტები კავკასიის რეგიონში, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ. ასევე აღსანიშნავია, სიტუაციის დაძაბვა ცენტრალურ აზიაში, საუბარია ტაჯიკეთ-ყირგიზეთს შორის საომარი მოქმედებების დაწყებაზე და შემდგომში პროცესების განვითარებაზე. ასევე შეიძლება გამოვყოთ კოვიდ პანდემიის ერთგვარი მეორე ტალღა, რომელმაც გლობალური მასშტაბი ვერ შეიძინა, თუმცა აზიისა და აფრიკის მიმართულებით საკმაოდ სერიოზული შედეგები გამოიწვია. 2022 წელს ჩატარდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც სწორედ “კოვიდ 19”-ის გამო გადაიტანეს.
– როგორი იყო საქართველოს საშინაო პოლიტიკა 2022 წელს?
– ჩვენთან ძალიან რთული წელი იყო, რადგან პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. ფაქტობრივად, პოლიტიზაციას მიჰყვა რადიკალიზაცია, პოლიტიკურ კრიზისზე აღარც არის საუბარი. ძირითადად, პოლიტიკური კრიზისი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის ირგვლივაა, რომელიც, რატომღაც ნომერ პირველი თემაა. კიდევ ერთი მოვლენა, შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიების დივერსიფიკაცია, მაგალითად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა და ამ პარტიის მარტივ მამრავლებად დაშლის პროცესი. გარკვეულწილად დაშლის პროცესი ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალასაც, რომლისგანაც წამოვიდა “ხალხის ძალა” და კიდევ, რამდენიმე პოლიტიკური გუნდი, ალბათ, კიდევ გამოჩნდება. ამასთან, უკრაინის ომი, რომელსაც ასევე პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოზეც. რაც შეეხება პოზიტიურ განვითარებას, უნდა ვახსენოთ ახალი გეოეკონომიკური პროექტები. ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობის ინიციატივა, სატრანზიტო გეოეკონომიკური პროექტის ამოქმედება და საქართველოსთან მიერთება. ასევე საქართველოს ენერგეტიკული პროექტი, რომელსაც სწორედ ევროკავშირი 2 მილიარდი ევროს ფარგლებში დააფინანსებს. ეს პროექტი გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროსადენის გაყვანას, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ ეს არის ის სამი პოზიტივი, რის შედეგადაც, შესაძლებელია, რომ საქართველო ენერგეტიკული და სატრანზიტო მნიშვნელობის ჰაბი გახდეს. ასევე, უნდა გამოვყოთ, მთავრობის მიერ დაანონსებული თავდაცვის რეფორმა. რომელიც მართალია, ჯერ დააანონსეს, თუმცა მის შესრულებაზე, ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
-როგორი წელი იქნება 2023, არსებული კრიზისები კიდევ უფრო გაღრმავდება თუ სიტუაციის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ?
– ჩემი აზრით, ჩვენდა სამწუხაროდ, კრიზისების უფრო გაღრმავება გველის, იმიტომ, რომ უკრაინის ომმა შეიძლება უფრო მასშტაბური ცვლილებები გამოიწვიოს. შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი სამხედრო ალიანსი და ბლოკები. ასევე არ არის გამორიცხული ახალი ტიპის კონფლიქტები, იგივე კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთში, აფრიკაში. ჩვენ აფრიკას არ ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა იქ სერიოზულ პროცესები მიმდინარეობს, რასაც შეიძლება საქართველოზე ჰქონდეს გავლენა. ალბათ, კრიზისების გართულებას უნდა ველოდოთ.
ესაუბრა ინგა ფუტკარაძე