ილია II-ის მხრებზე გადავლილი რთული პოლიტიკური ქარტეხილები საქართველოს ახლო წარსულიდან

ბოლო ათწლეულების ისტორიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, არა მხოლოდ ქვეყნის სულიერი განვითარების გზაზე, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

ილია მეორე

სწორედ ერის სულიერი მამა და ეკლესია იყო ის ადგილი, სადაც მწიფდებოდა და ყალიბდებოდა აზრი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო და რა თქმა უნდა, ძლიერი ეკლესია – ეს იყო ის გზა, რომელზეც მისმა უწმინდესობამ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ქვეყანა ატარა.

აღსანიშნავია, რომ რთული პოლიტიკური ქარტეხილების დროს საერო ადამიანები, პოლიტიკოსები სწორედ ილია მეორეს მიმართავდნენ დახმარებისთვის.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი და ყოფილი პოლიტპატიმარი ნანა კაკაბაძე გამოკვეთს ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ეროვნული მოძრაობის დასაწყისში.

„ილია მეორეს მართლაც ჰქონდა და აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ილია მეორე იყო არა მარტო სულიერი წინამძღვარი, არამედ ის იყო ყველაზე გამჭრიახი პოლიტიკაშიც, ვინც კი საქართველოს ჰყოლია 70-იანი წლებიდან დღემდე. ვერავინ გაიხსენებს მის, რომელიმე ნაბიჯს, როგორც სასულიერო, ისე საერო პოზიციებში, რომელიც ან მყისიერად ან გარკვეული დროის მერე არ შეფასებულიყო, როგორც ყველაზე სწორი და ყველაზე მეტად ორიენტირებული საქართველოს ინტერესებზე. ძნელია ყველას ჩამოთვლა, ამიტომ რამდენიმეზე შევჩერდები. ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ფაქტობრივად, სუდარაგადაფარებული ჩაიბარა. ეკლესიას ჰყავდა 3 თუ 4 ეპისკოპოსი, ცოტა ამაზე მეტი მოქმედი ტაძარი და 15-მდე მოძღვარი“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, დღეს 47 ეპისკოპოსი ჰყავს ჩვენს ეპარქიებს, 1000 ზე მეტი მოქმედი, ძველი თუ ახალი ტაძარი, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება და 4000 ზე მეტი სასულიერო პირი და ეს ყველაფერი უკავშირდება მის 45-წლიან პატრიარქობას.

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე იმ ახალგაზრდების თაობის წარმომადგენელია, რომლებიც საქართველოში კომუნისტური მმართველობის პერიოდში ანტისაბჭოთა გამოსვლებში მონაწილეობდნენ. ის იხსენებს ბოლო წლებს, როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დისიდენტური მოძრაობა უკვე აქტიურდებოდა.

„70-80-90 წლებში, მაშინ, როდესაც დაიწყო საბჭოთა კავშირის რყევა, დაშლა და თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირება, პატრიარქის ხელდასხმით, სიონის ტაძარი, ეზო და იქვე მდგარი პატარა საპატრიარქო იყო ჯერ დისიდენტების, შემდეგ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისა და ქართული ინტელიგენციის თავშეყრისა და შეხვედრების ყველაზე ინტენსიური ადგილი. ბუნებრივია, ეს ხდებოდა პატრიარქის ნება-სურვილითა და მისი ხელშეწყობით.

საქართველოს ავბედობის ჟამს, როდესაც პირველად 90-იანებში დაიწყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა (აფხაზეთი და ცხინვალი), ერთადერთი საყრდენი, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა საქართველოს ერთიანობა, ეს არის ჩვენი საეკლესიო ურყევი იურისდიქცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის ჩათვლით, რაც რა თქმა უნდა, ერთადერთზე, ილია მეორის ავტორიტეტზე დგას“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მნიშვნელოვანია, საქართველოს უახლეს ისტორიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის როლი, მისი მტკიცე პოზიცია აგვისტოს ომის დღეებში. როგორც მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, 2008 წლის 3-დღიან ომში, საქართველოს მთლიანობისთვის შეწირულ გმირებს, პატრონად მხოლოდ პატრიარქი გამოუჩნდა, რომელმაც მათი ცხედრების გადმოსვენება შეძლო და დღეს მათ ოჯახებს საფლავები მაინც გააჩნიათ დასამშვიდებლად, ხოლო ჩვენ გმირთა საფლავები პატივის მისაგებად.

უდიდესი და უამრავია პატრიარქის როლი საქართველოს ცხოვრებაში, მაგრამ ვინაიდან სრულად მათი აღწერა და ჩამოთვლა შეუძლებელია, ერთზე და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე კი აუცილებლად შევჩერდებით. კერძოდ, 2019 წლის კოვიდ-პანდემია, რომლის დროსაც, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შორის დადგინდა, რომ ყველა თავშეყრის ადგილებში ხალხის მიმოსვლა უნდა აკრძალულიყო, მათ შორის, სამლოცველოებისა და ტაძრების კარები უნდა დახურულიყო მრევლისთვის.

ერთადერთი აღმოჩნდა მთელს მსოფლიოში, ჩვენი პატრიარქი, რომელიც წინ აღუდგა ეგზალტირებულ მსოფლიოს და ხმამაღლა უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ტაძრები კარს არ დაუკეტავს უფალს… ასეც მოხდა, მხოლოდ საქართველოში იყო ფართოდ გაღებული კარები ქრისტეს ეკლესიებში და მხოლოდ საქართველოდან, აღდგომა დღეს გალობდა ერი და ბერი ერთად ტაძრებში – ქრისტე აღსდგა მკვდრეთით…

„ბოროტი ჯაჭვი უფლის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში გაბმული, საქართველოში გაწყვიტა ჩვენმა პატრიარქმა. და არავინ იცის, რომ არა პატრიარქის უდრეკობა და ქრისტეს ერთგულება, ერთხელ შემდგარი და დატესტილი მორჩილება ეშმაკისადმი, სამომავლოდ რა მასშტაბებს შეიძენდა“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

ასე რომ, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის როლი უახლეს ისტორიაში მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ის უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ერთი ქვეყნის პატრიარქი შეიძლება იყოს. ნანა კაკაბაძის თქმით, დრო უკეთ აღწერს და შეაფასებს მას და ოქროს ასოებით ჩაწერს მასზე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მადლობა ვუთხრათ უფალს ესოდენ დიდი წყალობისთვის და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს, დაველოდოთ საქართველოს გამთლიანებასა და გაბრწყინებას. იმედია არც ისე დიდი დროით მოგვიწევს ლოდინი. ღმერთმა ინებოს მისი სიცოცხლე მრავალჟამიერ ჩვენს საამაყო პატრიარქს.

გიორგი გლოველი