ლევილის მამულის არქივი განადგურების პირას – რეაბილიტაციის მოლოდინში (ფოტო)
ლევილის მამულში უყურადღებოდ ყრია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნები და ხელნაწერები.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საფრანგეთში, ლევილში, ქართველთა სათვისტომო მამულის, კერძოდ – შატოს სხვენის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მამულში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მამულის შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის. ასევე, უყურადღებოდ ყრია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნები და ხელნაწერები.
ინფორმაცია ფეისბუქში 2023 წლის 3 იანვარს გავრცელდა.
“შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით. წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ამბავი და თუ ვინმე კომპეტენტური მეტყვით, რომ ეს ყველაფერი არასაჭირო ნივთია, ცოტას დავმშვიდდები”, – წერს ფეისბუქ მომხმარებელი თამარ ბარამაშვილი.
ინფორმაციამ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოება აღაშფოთა. ბევრი კომენტარიც დაიწერა იმაზე, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მიტოვებულია. წერდნენ იმასაც, რომ სანამ ლევილის მამული საქართველოს საკუთრება გახდებოდა, მას ფრანგები არაჩვეულებრივად უვლიდნენ და ინახავდნენ იმ უდიდეს საგანძურსაც, რასაც ექვთიმე თაყაიშვილის დანატოვარი ჰქვია.
ფაქტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადების გავრცელებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
მათივე განმარტებით, სამინისტროს თანამშრომლებმა მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს და შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების ეტაპობრივი დახარისხება დაიწყეს, რომლებსაც შატოს ყოფილი მფლობელები ათეულობით წლის განმავლობაში იქ ინახავდნენ. ეს დახარისხება კი, სამომავლოდ, მათი ბიბლიოთეკაში განთავსების მიზანს ემსახურება.
სამინისტროს ინფორმაციით, სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, სხვენში, მრავალი წლის განმავლობაში წვიმის წყალი ჩადიოდა, რის გამოც ზიანდებოდა არამარტო სხვენი, არამედ მთლიანად შატოც.
2021 წელს და შარშან, ნოემბერში, შენობის სახურავი შეაკეთეს. 2023 წლის ბოლოდან კი, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდება, საქართველოს კულტურის სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
“მანამდე კი, 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კულტურის სამინისტრო იუწყება, 2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაციაც. საუბარია გალავნის 1053 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე. სამუშაოები 2022 წლის 29 ნოემბერს დაიწყო და 2023 წლის მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია მამულის პარკსაც ჩაუტარდა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა.
სალომე ხომასურიძე