განადგურებული არქივი თუ უსარგებლო ნივთები – სკანდალი ლევილის მამულის გარშემო (ვიდეო)

ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის 5 000 000 ევროზე მეტია გათვალისწინებული. პროექტი 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. 6 წელი უკვე გასულია.
რა მდგომარეობაშია ლევილი დღეს? 

საფრანგეთში, ლევილის ქართული მამულის მძიმე მდგომარეობაზე იურისტი ვახტანგ ბარამაშვილი ვიდეოს გვიზიარებს. კადრებში ჩანს განადგურების პირას მყოფი ლევილის მამულის არქივი, ბიბლიოთეკა, ფოტომასალა, წიგნები, გამოცემები და სხვა. მძიმე მდგომარეობაშია თავად შენობაც, რასაც არც საქართველოს კულტურის სამინისტრო უარყოფს და შენობის მომავალ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შენობის სხვენში წვიმის წყალი მრავალი წლის განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც ზიანდებოდა არამარტო სხვენი, არამედ მთლიანად შატოც. 2021 წელს და შარშან, ნოემბერში, შენობის სახურავი შეაკეთეს. 2023 წლის ბოლოდან კი, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდება, საქართველოს კულტურის სამინისტრო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს.

მათივე განმარტებით, სამინისტროს თანამშრომლებმა მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს და შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალის ეტაპობრივი დახარისხება დაიწყეს. დახარისხება კი, სამომავლოდ, მათი ბიბლიოთეკაში განთავსების მიზანს ემსახურება. ასევე, სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში.

აღსანიშნავია, რომ ლევილის მამული, რომელიც ქართულ მხარეს საკუთრებაში 2016 წელს გადაეცა, თითქმის 4,5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სადაც 7 უძველესი შენობა დგას. შეთანხმების თანახმად, მამულზე პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებმა და საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნონ. მამულის კეთილმოწყობისა და მისი სხვადასხვა ფუნქციით დატვირთვისთვის 5 000 000 ევროზე მეტი თანხაა გათვალისწინებული. პროექტი 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. 6 წელი უკვე გასულია.

ახალგაზრდა იურისტი ვახტანგ ბარამაშვილი ლევილის სხვენში გადაღებული ვიდეოს გამო, კულტურის სამინისტროს მესვეურებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულეს.

“მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერი ვიცი საკითხის გარშემო ან სრული ინფორმაცია მაქვს იმაზე რას გეგმავენ მომავალში. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. დიდი ხანია ნათელია. 2016 წლიდან დღემდე 6 წელია გასული და იმეორებენ მომავალში ამას და იმას ვიზამთო”, – აცხადებს თავად ვიდეოს ავტორი.

როგორც ვახტანგ ბარამაშვილი ყვება, საფრანგეთში ყოფნისას ლევილის მამულის უნახავად ვერ გაჩერდებოდა. როგორც კი მთავარ შენობას მიუახლოვდა, ჩამონგრეული და ჩამომპალი კედლები ნახა. შენობაში კიდევ უფრო უარესი სურათი დახვდა. თუ რა მდგომარეობაა შენობის სხვენში, ეს ვიდეოშიც კარგად ჩანს.

“სულ რომ მთელი რეგიონის ბალახი გქონდეთ გადაკრეჭილი და დამხმარე შენობები რეაბილიტირებული მაინც მექნება პრეტენზია თქვენ პრიორიტეტებთან! ფაქტია მთავარი შენობა ნგრევის პროცესშია და ბალახის კრეჭით არ უნდა იწყებოდეს მუშაობა. “საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა” მოიაზრებს ასეთ განზრახვას. პოსტის მომფიქრებელიც და რედაქტორიც უკულტურო თავხედები ხართ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო”, – წერს ვახტანგ ბარამაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ლევილის მამულში არსებული მძიმე მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს თამარ ბარამაშვილიც. (მასალა შეგიძლიათ ნახოთ აქ:)

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ლევილის მმართველი საბჭოს წევრი ტიერ ბერიშვილი ღია წერილით გამოეხმაურა. ვახტანგ და თამარ ბარამაშვილებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო,  სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება.

ტიერ ბერიშვილის ინფორმაციით, ვიდეოს ავტორი ლევილის მამულში, როგორც კერძო საკუთრებაში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიჭრა. მას არ ჰქონდა ამისთვის, არც კულტურის სამინისტროს, არც მმართველი საბჭოს ნებართვა, რაც მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტორია.

მისივე თქმით, ჭიშკარზე არის განთავსებული წარწერა, რომ ეს “მამული კერძო საკუთრებაა”.

ტიერ ბერიშვილი

“საფრანგეთში, ისევე, როგორც საქართველოში, კანონის დაცვა აუცილებელია გაწონასწორებული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც ჩვენს სამყაროს ასე აკლია. მამულისა და შენობის კარები ღია იყო, იმიტომ, რომ იქ მუშები შრომობენ. წესით ეს უნდა შეგემჩნიათ, იმიტომ, რომ კარიბჭის მარცხნივ მიმდინარე სამუშაოების გარკვეული ნიშნები უნდა შეგემჩნიათ და მარჯვნივ აუცილებლად დაინახავდით გალავნის რამდენიმე ათეულ მეტრზე ჩატარებულ სამუშაოებს და ხარაჩოებს”, – მიმართავს ტიერ ბერიშვილი ახალგაზრდა იურისტ ვახტანგ ბარამაშვილს.

როგორც ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრი აღნიშნავს, ვიდეოში არ არის ნაჩვენები მთლიანად ეზოში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, შესასვლელიდან 300 მეტრში მდებარე შენობა, რომელიც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ფონდის დაფინანსებით გარემონტდა და წარმოადგენს ლევილის მამულის ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია ის წიგნები, რომლებსაც გაეცნობიან პირველი რესპუბლიკის ისტორიულ-მემორიალური და კულტურული ცენტრის დამთვალიერებლები.

“ფანჯრებიდან ჩანს თაროები და მოწესრიგებული ყუთები, სადაც აწყვია წიგნები, რომლებიც დაცულია ნესტისაგან. რატომ არ აჩვენეთ ეს სამუშაოები თქვენს ვიდეოში? თქვენი მობილური იყო დასატენი თუ იდეოლოგიურმა სიბრმავემ შეგიშალათ ხელი? ან იქნებ თქვენი სურვილი იყო, გეჩვენებინათ „საშინელებები“ ან მართვის შეცდომები, საბრალო ქართველი ოჯახების შესაშინებლად? რატომ არ გაესაუბრეთ მამულის მუდმივ მცხოვრებლებს, რომლებიც მამულის შესასვლელიდან 250 მეტრში ცხოვრობენ? შეგეძლოთ, გეჩვენებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს პირველი ფაზა!”, – წერს ტიერ ბერიშვილი.

მისივე განმარტებით, წყალი სხვენში არ ჩადის. ხოლო ის რაც კადრში ჩანს არის არა ლევილის მამულის ბიბლიოთეკა, რომელიც შატოს მესამე სართულზე მდებარეობს, არამედ სხვენი, სადაც შატოს ყოფილი, გარდაცვლილი მცხოვრებლების ნივთების და დოკუმენტების ნარჩენებია და მათ რაიმე ღირებულება არ გააჩნიათ! კადრში გამოჩენილი ჟურნალების დასტები, იქ, 50 წელზე მეტია აწყვია…

“ეს ჟურნალები არც საქართველოში გავრცელებულა, არც საფრანგეთში. ეს არაა ბიბლიოთეკა !”, – წერს იგი.

 

ტიერ ბერიშვილის წერილის ძირითადად ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

“– პირველი რესპუბლიკის მთავრობის არქივი გაიგზავნა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ამერიკაში, არქივის კომისიის მიერ, რომელიც გახიზნული მთავრობის წევრებმა შექმნეს. არქივი დახარისხდა, გაიწმინდა და აიციფრა. ხელშეკრულების ვადის (30 წ.) გასვლის შემდეგ, ისინი დამოუკიდებელ საქართველოს დაუბრუნდა, მიკროფილმების 2 სერიასთან ერთად.

– 1996 წელს მამაჩემმა, მამია ბერიშვილმა, საარქივო კომისიის თავმჯდომარემ, ემიგრაციული მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივი (450 კგ ტვირთი) საქართველოში ჩაიტანა. არქივი გადაეცა ჟვანიას, რომელიც მაშინ პრემიერი იყო. მასალები დახარისხდა და დამუშავდა პარლამენტის ბიბლიოთეკის მიერ.

– 2015 წელს, მამაჩემის მითითებების შესაბამისად, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა, მე კიდევ 130 კგ დოკუმენტაცია გადავეცი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მასალები დამუშავდა, გაიწმინდა და დახარისხდა და ხელმისაწვდომი გახდა ქართველი ხალხისთვის.

– 2018 წელს, ეროვნულ არქივს გადავეცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივისა და ლევილის მამულის მართვის არქივის ბოლო ნაწილი. დოკუმენტები ქართველი ხალხისთვის ხელმისაწვდომია.

ემიგრაციული მთავრობის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივები, შატოს ისტორიული დოკუმენტაცია საქართველოშია, ოფიციალური ორგანიზაციების ხელში. ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკის (რომელსაც ჯერ ინა ჟორდანია, შემდეგ კი – მამაჩემი, მამია ბერიშვილი და ბოლოს კარლო ინასარიძე მართავდნენ) დიდი ნაწილი დახარისხდა და დაცულია ძველი ბიბლიოთეკის სივრცეში, რომელიც უკეთ მოეწყობა ერთ ან ორ წელიწადში.

დამატებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის წუხილის საგანია განჯის უნარის ნაკლებობა თქვენი მხრიდან, იმიტომ, რომ სხვენი აგერიათ ბიბლიოთეკაში, რომელიც ნამდვილად არსებობს და არ დაგინახავთ !

სკანდალი მოგვიწყეთ რამდენიმე დოკუმენტზე, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ ან რომელთა რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს, რომლებიც სულ ცოტა ბოლო 50 წლის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაშია და, შესაბამისად, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარები გადანახულია ან კი, ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც უნდა გადაგვეყარა.

ისმის კითხვა: ისტორიკოსი ხართ? თუ უბრალოდ კულტურის სამინისტროს ან 6 წლის განმავლობაში მოქმედი მმართველი საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოს გასვრა გინდათ?

რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობა თავისი არაკომპეტენტურობითა თუ დაუდევრობით კარგავს ლევილის ქონებას, ვერ იცავს არქივს დაზიანებისგან და შენობებს – ნგრევისგან.

ლევილის მამულის თითქმის ოთხ ჰექტარიან ტერიტორიაზე 7 შენობა დგას. ამ შენობათაგან სულ მცირე 4 რამდენიმე საუკუნისაა, მეორე ნაწილი კი უფრო გვიან აშენდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი იყო მაცხოვრებლებისა და სახსრების ნაკლებობის გამო.

შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებმა და საქართველოს მთავრობამ, ითვალისწინებს მამულის კეთილმოწყობასა და სხვადასხვა ფუნქციით დატვირთვას, რისთვისაც გათვალისწინებულია 5 000 000 ევროზე მეტი.

შეთანხმების თანახმად, პროექტი 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. რაკი შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოეწერა, წინ კიდევ 4 წელი რჩება შეთანხმების პირობების შესასრულებლად.”

 

რა გაკეთდა?

როგორც ლევილის მმართველი საბჭოს წევრი ტიერ ბერიშვილი აცხადებს, მოვლილია პარკის გაზონები და სხვა მწვანე სივრცეები, გაისხლა ხეები და ბუჩქები, დაცულია ელექტრომრიცხველები, რეაბილიტაციამდე.  მთლიანად რეაბილიტირდა-თავიდან აშენდა მთელი შენობა: საცხოვრებლები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ლევილის მუდმივი მაცხოვრებლების დასაბინავებლად.

არქიტექტორის კაბინეტის მიერ წარმოდგენილი გლობალური პროექტი წარედგინა მმართველი საბჭოს წევრებს და 20 დეკემბრის სხდომაზე ძალიან ბევრი შენიშვნა ჩამოყალიბდა პროექტის პირველ ვერსიასთან დაკავშირებით.

სამშენებლო ნებართვების მოთხოვნები წარედგინათ კომპეტენტურ ორგანოებს. საფრანგეთში აღნიშნულ პროცედურას რამდენიმე თვე ჭირდება.

მიმდინარე საქმიანობა:

როგორც პიერ ბერიშვილის წერილიდან ვიგებთ, ლევილის მამულში იგეგმება ოდას აშენება, რისთვისაც მასალა საქართველოშია შეკვეთილი. ეს ოდა, თავდაპირველად იქნება რესტორანი და მაღაზია ქართული ხელნაკეთობების გასაყიდად. ასევე, მიმდინარეობს ცენტრის მომავალი მენეჯერის ოფისისა და გუშაგის საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული შენობა კარიბჭის მარცხნივ მდებარეობს. მიმდინარეობს მამულის გალავნის რეაბილიტაცია. ძველ შენობაში აღდგა ძველი კრამიტი, საიდანაც შენობაში წვიმის წყალი ჩადიოდა.

რა რჩება გასაკეთებელი :

მთავარი შენობის კეთილმოწყობა, რომელშიც განთავსდება მუზეუმი და ოთახები რეზიდენციის სტუმარი სტუდენტებისთვის, ნებართვის მოპოვების ვადები დამოკიდებულია საფრანგეთის უწყებებზე. ახალი შენობის აგება და კეთილმოწყობა. შენობა ჩაანაცვლებს არსებულს, რომელიც დაინგრევა. შენობაში განთავსდება ოთახები რეზიდენციის სტუდენტებისთვის და სტუმართა ოთახები, ასევე, სახელოსნოები ქართველი ხელოვანებისათვის. აიგება ოდა, როგორც კი საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოები გასცემენ ნებართვას და მასალებს საფრანგეში ჩაიტანენ.

“აი, ბატონო ადვოკატო, პირველი, ობიექტური ანგარიში, რომელსაც შეგეძლოთ გასცნობოდით, თუ იქნებოდით კონსტრუქციული და კითხვებით მიმართავდით პირდაპირ ან მმართველ საბჭოს წევრებს ან, უბრალოდ, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, რომელიც, შეგახსენებთ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი და თქვენი ელჩია საფრანგეთში, მოლაპარაკებების ძალიან აქტიური წევრი იყო. თქვენ კი, თვალის ერთი გადავლებით, კერძო საკუთრებაში, ყოველგვარი კომპეტენტური მეგზურის გარეშე არალეგალურად შეჭრილი, იგნორირებას უკეთებთ ყველაფერს და ყურადღებას აჩერებთ, რამდენიმე დოკუმენტსა და წიგნზე, რომლებსაც არანაირი ისტორიული ღირებულება არ გააჩნიათ”, –  მიმართავს ტიერ ბერიშვილი ვიდეოს ავტორს. 

ლევილის მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოდან ჩასული ახალგაზრდა იურისტის “ქცევაში” პოლიტიკურ სარჩულს ეძებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვახტანგ ბარამაშვილი მიერ გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოს პოლიტიკური ინტერესი უდევს საფუძვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ ვერ ზრუნავს ლევილის მამულზე.

“ჩემი ყველა ფრანგი მეგობარი და ჩემი ასოციაციის წევრები, რომლებიც კარგად იცნობენ ლევილის მამულს, შეურაცხყოფილია თქვენი ქცევით და, საქმე ასე სერიოზულად რომ არ იყოს, თქვენს სულელურ ქცევაზე გაეცინებოდათ! ნუთუ ყველა ქართველი ადვოკატი თქვენსავით იქცევა? იქნებ, ის ობიექტურობა, რომელსაც თქვენი პროფესია თქვენგან მოითხოვს, არ გაინტერესებთ და პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებთ? ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება თქვენთან დაკავშირებით და ეს კითხვები ეს განსაკუთრებით შეეხება თქვენს მცდელობას, დაამახინჯოთ რეალობა. საფრანგეთში მე შემიძლია ასეთი სიცრუისა და ცილისწამებისთვის გიჩივლოთ! ხომ არ თვლით, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია საქართველოშიც გიჩივლოთ? “, – წერს ტიერ ბერიშვილი.