ქართული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 161 წელი გავიდა

ექვთიმე თაყაიშვილი და ნინო პოლტორაცკაია

“საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი. არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს, არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება. თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”

1862 წლის 5 იანვარს, სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი), კორდონის ოფიცრის აზნაურ სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ოჯახში, ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი, საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ. საზოგადო მოღვაწე, ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლებსა და ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. 1887 წ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და თბილისში, მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.

1895 წ. ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის ჩარევით, ცოლად იურისტ ივანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა გაბაშვილის ასული ნინო შეირთო. ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს ისტორია–არქეოლოგიისთვის მასალების შეკრებას თვლიდა.

1889 წელს, დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსეს “საქართველოს საეგზარქოსოს მუზეუმი” და მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. 1907 წელს, ექვთიმემ “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას” ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც რამდენიმე წელში, მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობა “სამუსლიმანო საქართველოში” 1917 წ.

ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის და დიდი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.

მან 1889 წლიდან მოყოლებული 1921 წლამდე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოძიებისა და გადარჩენისთვის თავდაუზოგავად იშრომა. 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთს თავშეფარებულმა საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ გაიტანა საბანკო ვალუტა, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. ეროვნულ განძს მცველად, მეუღლესთან ერთად, ექვთიმე თაყაიშვილი გაჰყვა.

ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში აქტიურ სამეცნიერო–კვლევით მოღვაწეობას განაგრძობდა. 1922 წელს, ის პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო 1925 წელს, “საფრანგეთის სააზიო” საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში, თაყაიშვილი მის მიერვე დაარსებული “ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის” თავმჯდომარე იყო. ამასთან, იგი სამეცნიერო პერიოდული გამოცემის – Georgica-ს სარედაქციო საბჭოს წევრი გახლდათ. თუმცა, საფრანგეთში ცხოვრებისას, ექვთიმეს მთავარ მიზანს ეროვნული განძის დაცვა წარმოადგენდა, რომელსაც დაცვა ნამდვილად სჭირდებოდა. ექსპონატებით ბრიტანეთისა და ნიუ–იორკის მუზეუმები დაინტერესდნენ, გრაფ ობოლენსკის ქვრივი, სალომე დადიანი განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და საქმე სასამართლოში აღძრა.

ექვთიმე თაყაიშვილი ლევილის მამულში

მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა ექვთიმეს ბინა გაჩხრიკეს, საფრანგეთის მთავრობამაც გამოთქვა პრეტენზია და განძის ლუვრის მუზეუმისთვის გადაცემა მოითხოვა. 1935 წელს კი, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ, განძის მეურვეობაზე უარი თქვა და მისი დაცვა ექვთიმე თაყაიშვილს მიანდო.

1931 წ. გარდაიცვალა ნინო პოლტორაცკაია. მარტოობისა და უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ექვთიმე თაყაიშვილმა ეროვნული საგანძურის შენარჩუნება შეძლო.

1945 წელს კი, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები შეიქმნა და საქართველოს ეროვნული საგანძური, ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნეს. განძს 82 წელს მიტანებული ექვთიმეც გამოჰყვა.

სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის უნივერსიტეტში, პროფესორად აღადგინეს, აირჩიეს აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 წელს კი, საქართველოში არსებულმა რეჟიმმა მოხუცის შევიწროება დაიწყო: დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, 1952 წელს, ექვთიმე უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

დევნა–შევიწროებამ დიდად იმოქმედა ექვთიმე თაყაიშვილზე და 1953 წლის 21 თებერვალს, ქართველი ერის თვითონ საგანძური, გულის დამბლით გარდაიცვალა.

1963 წლის 10 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. 1987 წლის 22 თებერვალს, ლევილიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც.

2000 წელს, ბუმბერაზი საზოგადო მოღვაწის ნეშტი, მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

2002 წელს კი, წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი” უწოდა. 2008 წელს, თბილისში, “წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის” სახელობის ტაძარი გაიხსნა და ასე დარჩა საქართველოს ისტორიას, ექვთიმე თაყაიშვილის უკვდავი სახელი.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი