ვის ხელში აღმოჩნდება ავლაბარი? – ძველი თბილისის პრესტიჟული უბნის ბუნდოვანი პერსპექტივა

თბილისის ძველი უბნები, თავისი ასწლოვანი სახლებითა და თბილისური ეზოებით თანდათან ნადგურდება. ბევრი მათგანი, წლებია, უკვე ნასახლარად ქცეულა, ისტორია შემონახულ კედლებზე ეკალ-ბარდებს გადაუვლია.

თბილისი. ავლაბარი

მაშინ, როდესაც თბილისში სამშენებლო ბიზნესი ყვავის, ძველი თბილისის განაშენიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ქალაქის ძველი იერსახით აღდგენა ინვესტორისთვის არამომგებიანია, მაღალსართულიანი შენობების დადგმა კი ძველ ქუჩებს უნიკალურობას დაუკარგავს. ეს ის თემაა, რაზედაც თბილისის არც ერთი მერი და დედაქალაქის არც ერთი მთავერობა ღიად და გახსნილად არ საუბრობს. არსებობს კი რაიმე გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ავლაბრის მსგავსი ძველი უბნები ისე, რომ თბილისის გაბეტონების თანამედროვე ტენდენციამ დედაქალაქის ეს ნაწილიც არ ჩაყლაპოს.

სოლოლაკი, ვერა, მთაწმინდა, ორთაჭალა, კრწანისი, მეიდანი, ავლაბარი, ჩუღურეთი, – ეს თბილისის იმ უბნების ჩამონათვალია, სადაც შენობების გადარჩენას ზოგჯერ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც ვეღარ შველის, სახლების უმეტესობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება და მათი ბედი დროზეა მინდობილი. უამრავ ავარიულ სახლში, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცხოვრობენ ადამიანები.

2016 წელს დასრულდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, სადაც პირვანდელი სახით 47 ისტორიული შენობა აღდგა, მათ შორის, 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. დედაქალაქის ბიუჯეტიდან მაშინ ამ საქმისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2017 წლიდან კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, – ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო, ამისთვის კიდევ 21 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამჯერად ავლაბარზე …

ავლაბარი. ფოტო: შორენა პაპაშვილი

მას შემდეგ, რაც ავლაბარში ჯერ სამების საკათედრო ტაძრის, შემდგომ კი პრეზიდენტის რეზიდენციის აშენდა, ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედი გაუჩნდა. ძველი ბარაკებით გარშემორტყმული ეკლესია, ცოტა უხერხული დასანახია, მაგრამ დრო თითქოს ერთ წერტილში გაიყინა. ეკლესიას ერთი მხრიდან ნასახლარები თუ აქვს შემორტყმული, მეორე მხრიდან ახალ-ახალი სასტუმროები ამშვენებს. ავლაბრის ხშირი და აქტიური სტუმრები არიან ტურისტები, აღარც მექორწინეებს ჰყოფნით მესხიშვილის ვიწრო ქუჩა სამოძრაოდ, სადღესასწაულო დღეებში, წირვა-ლოცვებზე, ავტომობილებით მოსული ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სამების ეკლესიის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.

სამების საკათედრო ტაძართან მისასვლელი გზის გაფართოების საჭიროება თბილისის მერმა, კახა კალაძემ წლების წინ შენიშნა, ამისთვის შესაძლოა, თბილისის მერიამ კერძო სახლებიც კი შეისყიდოსო, – “ძველი თბილისის განვითარება პრიორიტეტულია. სამების ტაძრამდე მისასვლელი გზის გაფართოება კი – აუცილებელი,” – განაცხადა მაშინ პირველი ვადით არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ. მაგრამ ნათქვამი ჰაერში გასროლილ სიტყვად დარჩა და ქუჩის გაფართოების ნაცვლად, ძველი სახლების ადგილს ნელ-ნელა ახალი, მრავალსართულიანი შენობები იკავებს.

ტურისტულად დატვირთული და მიმზიდველი ტერიტორია დღეს მოუწესრიგებელია. თბილისის მერიაში ტაძრამდე მისასვლელი გზის გაფართოებაზე და იქ არსებული ძველი, კერძო სახლების შესყიდვის შესაძლებლობაზე უკვე მუშაობენ. დამატებითი თანხების მოსაზიდად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს მართავენ. რა შესაძლებლობაც ბიუჯეტით გვქონდა, პროექტების განხორციელება უკვე დავიწყეთო, – განაცხადა მაშინ კალაძემ.

ავლაბარში, მწვავე ავარიულ მდგომარეობაში 175 სახლია, რომელთა უმეტესობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება. ძველი თბილისის ამ ტერიტორიით ხშირად ინტერესდებიან კერძო კომპანიები, მაგრამ მოსახლეობასთან ფასის საკითხში ვერ თანხმდებიან. ავარიული სახლების უმეტესობა კერძო საკუთრებაა. სახლის ავარიულობის გამო, ისნის გამგეობას 77 ოჯახზე მეტი ჰყავს იძულებით გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას ქალაქის მთავრობა უხდის.

თბილისი. ავლაბარი. ფოტო: შორენა პაპაშვილი

მოსახლეობა…

55 წლის ბესო, პროფესიით მშენებელია. ავლაბარში დიდი ბებიის დანატოვარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ არაფრის ფასად არ წავა სხვაგან საცხოვრებლად. სახლის გაყიდვას არ აპირებს.

“ეს სახლი 160 წლის არის. ბებიაჩემის ბებიას აქვს ოქროზე ნაყიდი. კომუნისტების დროს ბებიას სახლის ნაწილი ჩამოართვეს და სხვა ოჯახები შემოასახლეს. ამჟამად 4 ოჯახი ვცხოვრობთ. გარშემო ყველაფერი ინგრევა. მაგალითად, მეზობელი სახლის პატრონი გარდაიცვალა და სახლიც დაინგრა. მისმა ნათესავებმა გადაიფორმეს, მაგრამ არ სჭირდებათ ეტყობა, მიტოვებულია აქაურობა”, – განაცხადა ბესომ მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას.

მიტოვებული სახლები, ხშირად ნაგავსაყრელად არის ქცეული. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, თითქმის ყოველ დღე რეკავს მერიაში, რომ დანგრეულ სახლებს ღობე შემოავლონ და მოქალაქეებმა იქ ნაგავი ვეღარ გადაყარონ.

“აქაურობის ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა დაიწყეს. რაც მიწის ზევით არის ეს შენობა, 4 იმდენი მიწისქვეშ არის. გვირაბით უკავშირდება მეტროს და ბარათაშვილის ხიდთან აქვს გასასვლელი. მიწისქვეშ რომ ჩაასხეს ამდენი ბეტონი, კასტურმა წყლებმა გზა დაკარგა. 5-6 წლის განმავლობაში გამშრალი იყოს ბარათაშვილის აღმართზე კლდე, საერთოდ აღარ გამოდიოდა წყალი, გუბდებოდა მიწისქვეშ. მერე მაინც იპოვა გასასვლელი, მაგრამ სახლები დააზიანა”, – აცხადებს ბატონი ბესო.

ავლაბრელები ფიქრობენ, რომ თბილისის მერია ადგილობრივებს ვერც ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილებს და ვერც თანხით, ინვესტორიც ვერ შემოვა, რადგან, აქ 3 სართულზე მაღალი შენობის აშენება არ შეიძლება, ორსართულიანი სახლები კი ისედაც არის.

“ინვესტორს არ შველის ერთი სართულის დამატება, რომ დანახარჯი ამოიღოს. დაინგრევა ეს ისტორიული უბანი, წავალთ ჩვენც ქირით და მიწა ჩვენს საკუთრებაში იქნება. როცა გვექნება საშუალება, მაშინ ავაშენებთ, აბა ვაჩუქოთ მთავრობას? ისედაც საკმარისად წაგვართვეს”, – აცხადებენ ავლაბრელები.

მამა-პაპისეული სახლების ნგრევასთან ერთად, თბილისის ისტორიული უბნები, ძირძველი მოსახლეობის გადინების საშიშროების წინაშეც დგას, რაც თავის მხრივ, სწორედ ამ უბნების კოლორიტულობას განაპირობებს. არც აქაურებს უნდათ საცხოვრებლად ავლაბრიდან შორს არ წასვლა. ფაქტია, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძირძველი მოსახლეობა აიძულონ იაფად დათმონ ბიზნესისთვის სარფიანი ტერიტორიები. ავარიულ სახლში როდემდე დარჩება ადამიანი, ადრე თუ გვიან, ღია ცის ქვეშ დარჩენის შიშით, ხომ დათანხმდებიან მერიის მიერ შეთავაზებულ მინიმალურ პირობებს?

“სათანადო შემოსავალი რომ მქონდეს, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი, მაგრამ სახლი თავზე მენგრევა და რა ვქნა?”, – ამბობს 55 წლის მამაკაცი.

ძველ თბილისური ეზოს, არც სხვა მეზობლებს ეთმობათ ერთმანეთი. ამბობენ, რომ დღესდღეობით ცენტრალურ გზის პირას ცხოვრება ცოტა რთული გახდა. ხმაურით ძალიან წუხდებიან. მას შემდეგ, რაც სამება აშენდა, ქუჩებში ავტომობილების რაოდენობამაც მოიმატა. კარგად ესმით, რომ გზის გაფართოება აუცილებელია და მისაღები თანხის შეთავაზების შემთხვევაში, არ აპირებენ მერიას ინფრასტრუქტურის მოწყობაში ხელი შეუშალონ.

“თუ გზის გაფართოების ზონაში ვხვდებით, დამაკმაყოფილონ და ხმას საერთოდ არ ამოვიღებ, ისე წავალ აქედან. ქალაქს განვითარებაში ჩვენ ხელს არ შევუშლით, მაგრამ უნდა იყოს დაცული ჩვენი უფლებებიც. აქვე, ახლო-მახლო ვიყიდით სახლს, ვთქვათ ელიაზე, ისანში, მაგრამ გარეუბნებში არ წავალთ. პრეზიდენტის რეზიდენციას როცა აშენებდნენ, მაშინ იქ მცხოვრებლებს 1კვ/მ -ში 2000 – 2500 აშშ დოლარი გადაუხადეს, ჩვენ 700 $ რომ შემოგვთავაზონ, არ დავთანხმდებით”, – აცხადებენ ავლაბრის მცხოვრებლები.

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც თავისი სახლის რეაბილიტაცია თავად სურს, მაგრამ მერია საამისო ნებართვას არ იძლევა.

“დაგვრთონ ნება, ვისაც საშუალება გვაქვს, ჩვენი სახლები გავაკეთოთ, გავაფართოოთ”, – ამბობენ ადგილობრივები.

ავლაბრელებს არ სურთ მოტყუვდნენ და ყველა დეტალს სკრუპულოზურად განიხილავენ. აქაურობის სიყვარულს თავი რომ დავანებოთ, ხუმრობა ხომ არ არის, ქალაქის ცენტრალური უბნიდან, საიდანაც ყველაფერი ლამის ხელისგულზე გაქვს, სამუდამოდ გადაიხვეწო, შენი ადგილი კი, ადვილი შესაძლებელია უფრო შეძლებულმა უცხოელმა დაიკავოს.

თბილისი. მეტეხის უბანი. ფოტო: შორენა პაპაშვილი

“ყველგან გაძლევენ შავ კარკასს, მას რემონტი სჭირდება. რეალურად გამოდის, რომ ცენტრიდან, სადაც ყველაფერი ორ ნაბიჯში გაქვს, გადიხარ გარეუბანში და თან უკეთეს პირობებსაც არ გთავაზობენ. აქედან გამომდინარე, არ აწყობს ხალხს ის თანხა, რასაც ვიღაცები გვთავაზობენ. გამგეობაში თუ იძახიან, რომ მოსახლეობა დიდ თანხას ითხოვსო, ამაში გასაკვირი რა არის, ეს ერთ-ერთი ძირძველი და პრესტიჟული უბანია, შესაბამისად ფასიც მაღალი აქვს. სამების აშენების შემდეგ კი კიდევ უფრო დაიტვირთა ტურისტული თვალსაზრისით, მეორეს მხრივ არის ავარიული სახლებიც და ძველი ავლაბარი ნელ-ნელა ინგრევა”, – განუცხადა “24”-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა, ზურამ (30 წლის).

არქიტექტორი ზურაბ კუხალაშვილისთვის კარგად არის ცნობილი ავლაბრის პრობლემატიკა. გარკვეული ხანი ის ერთ-ერთ კომისიაში მუშაობდა, რომელიც ქალაქის მერიასთან ერთად ავარიული სახლების ექსპერტიზას ატარებდა. ერთ-ერთი ასეთი დასკვნის შედეგად, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თუმანიანის ქუჩაზე. დღეს ქუჩაზე ავარიული შენობების ადგილას ახალი შენობები დგას ძველი ფასადებით.

თბილისი. ავლაბარი. ფოტო: შორენა პაპაშვილი

როგორც მედია სააგენტო “24”-ს არქიტექტორმა განუმარტა, ავლაბარში შენობების ავარიულობის მთავარი მიზეზი, პრეზიდენტის რეზიდენციიდან ბარათაშვილის დაღმართამდე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სიძველეა. ძველი მილებიდან წყალი მუდმივად ჟონავს, ამას ემატება წვიმის წყლები, რომლებიც ჩაედინება ეზოების წყალსაწრეტებში და ნაწილობრივ მიწა იწოვს, შედეგად სახლების საძირკველი ირეცხება და სახლის საყრდენი კედლები დეფორმირდება.

“დიდი ხანია ავლაბარში, დუშეთის ქუჩაზე (მეტროსადგურ “ავლაბრიდან” მარჯვენა მხარეს) ძველი საცხოვრებელი სახლები ისეთი ავარიულია, რომ მფლობელები შიგნით შესვლას ვერ ბედავენ. ელოდებიან, თავისით როდის დაინგრევა, ოღონდ გაურკვეველია ვინ – მერია, რომ მერე ბინის მეპატრონეები იძულებით იაფად სხვაგან ჩაასახლონ, გამოთავისუფლებული ტერიტორია სამშენებლოდ გამოიყენოს და ძვირად დააფასონ, თუ ბინის ყოფილი მეპატრონეები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ დანგრევის მერე მერია ამ ტერიტორიაზე ახალ სახლს ააშენებს და შიგ შესახლდებიან. ერთ და მეორე შემთხვევაშიც უნიკალური ძეგლების განადგურება გარდაუვალია. ამაზე მეტყველებს უკვე ჩამონგრეული სახლის ნაწილებზე შემორჩენილი არქიტექტურული კონფიგურაციები”, – აცხადებს ზურაბ კუხალაშვილი.

ავლაბარში რთულად მისაგნები აღარ არის ავარიული სახლები, რომელთა კედლები უკვე გადაწოლილან და გამვლელებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთი შენობები მრავლად არის დუშეთის, იყალთოს, ავლაბრის ქუჩებზე. თუმცა პარალელურად ხარბად იჭრება თანამედროვეობა თბილისის ამ ძირძველ უბანში და იშლება წარსულის კვალი, რომელიც ჯერ ნაგავსაყრელს ემსგავსება, შემდეგ კი, თუნუქის ღობე ევლება და მასთან ერთად ქრება ძველი ქალაქი.

ავტორი შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი