რენტგენის სხივების აღმოჩენა, როგორც ტექნოლოგიური მიღწევა – გაზეთ „ივერიას“ ფურცლებზე
XIX საუკუნის მიწურულს, რენტგენის სხივები აღმოჩენა გერმანელი მეცნიერის, ვილჰელმ კონრად რენტგენის სახელს უკავშირდება. სწორედ ვილჰემ კონრადი იყო ის ადამიანი, რომელმაც იქს-სხივები აღმოაჩინა და რომელიც, ახლა უკვე თანამედროვე მედიცინაში, რენტგენის გადაღების თავისუფალ საშუალებას გვაძლევს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა.
XIX საუკუნის სამედიცინო სფეროში, რენტგენის სხივების აღმოჩენა, დიდი სიახლე იყო. მაშინდელ ახალ ამბებს კი, საზოგადოება ერთ-ერთი წამყვანი გაზეთიდან, “ივერიიდან” იგებდა.
ამ ამბავს, “ივერია” ასე გამოეხმაურა:
„ჩვენმა მკითხველებმა იციან, რა არის ეგრეთ წოდებული რენტგენის ნათელი, ანუ სხივები. ამ ნათელის შემწეობით შესაძლოა ფოტოგრაფიით გადაიღოთ რაც, ვთქვათ, ყუთშია ჩაკეტილი რასაც იმისთანა რამ აცვია, ან აფარია, რომ კაცის თვალი ვერ ატანს და ჩვეულებრივი ნათელი არა სწვდება… დღეს ეს ნათელი დიდს სამსახურს უწევს მკურნალობას. ამ ნათელის წყალობით შიგნეულობა ადამიანის აგებულებისაც კი თვალით დასანახავი გახდა, რადგანაც რაც ახლა თვალისათვის მოფარებულია, იგი რენტგენის ნათელით შესაძლოა გადაღებულ იქნას ფოტოგრაფიით. თუ ყველა ასო არა, ძვლიანი ადგილები მაინცა ნამეტნავად და ზედ მიწევნით…“
გაზეთი „ივერია“, 1897 წელი, N37
აღსანიშნავია, რომ თბილისი, ევროპულ სამკურნალო დაწესებულებებს, მხოლოდ ერთი წლით ჩამორჩა. ეს კი, ილია ჭავჭავაძის დიდი დამსახურებაა, რადგან მან საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ექიმს, მიხეილ გედევანიშვილს, საცხოვრებელი სახლი, უსასყიდლოდ დაუთმო.
მიხეილ გედევანიშვილი პირველი ქართველი ექიმი იყო, რომელიც ფიზიოთერაპიისა და რენტგენოლოგიის დარგში, საფრანგეთში, შარკოს განთქმულ კლინიკაში მუშაობდა. ექიმმა პარიზიდან სამშობლოში დაბრუნებისას საკუთარი სახსრებითა და ინიციატივით სამედიცინო აპარატურა შეიძინა და ილიას დის სახლში გამართა. იმ სახლში, სადაც ილია ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი რენტგენისა და ელექტრო თერაპიული კაბინეტები, სწორედ აქ მოეწყო.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გედევანიშვილმა იმ დროის პროფესიონალი ექიმები შემოიკრიბა და სამკურნალო ქალაქის ღარიბ მოსახლეობას, უფასოდ მკურნალობდა.
სალომე ხომასურიძე