სააკაშვილის სასამართლო, როგორც პოლიტიკური შანტაჟი? – “მაგნიტსკის სიის” ქართული ვარიანტი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან აღარ დაესწრება სასამართლო პროცესს, სადაც მთავარი განსასჯელი თავად არის, მიზეზად მსჯავრდადებულის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს. 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდებულის გარეშე ჩატარდა. მანამდე კი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ეკა ხერხეულიძე კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად იმყოფებოდა და როგორც მედიასთან განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნით გონება დაკარგა, რის გამოც, დამატებითი კვლევები უტარდება.

„გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან ხერხეულიძემ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტის ადვოკატის მიერ გასაჯაროებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელშიც ერის სულიერი მამა მადლობას უხდის ყოფილ პრეზიდენტს მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის და უსურვებს ღვთის შეწევნას სულიერ ძალთა განსამტკიცებლად.

“ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”, – აღნიშნულია წერილში, რომელიც მალევე გახდა პოლიტიკოსების და სასულიერო პირების მხრიდან შეფასების საგანი.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ განცხადებები და შეფასებები არ წყდება დასავლურ მედიაშიც, სადაც ექსპრეზიდენტის მიერ დაფინანსებული პიარკამპანიის ფარგლებში ბრალდებული სააკაშვილის მხარდასაჭერი ათობით სტატია დაიბეჭდა.

ექსპრეზიდენტის მომხრეთა მოთხოვნას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, იზიარებს და ერთ-ერთ სტატიაში ეხმიანება რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩიც და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვან სააკაშვილის ციხეში სიკვდილი.

“სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება, ეს ზელენსკიზე უკეთესად არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექსპრეზიდენტი გაათავისუფლონ”, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის აზრით, „მაშინ, როცა მსოფლიო სამართლიანად არის ორიენტირებული უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე, რუსეთის ლიდერი განაგრძობს დესტაბილიზაციის გამომწვევი, ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის გატარებას მსოფლიოს სხვა ადგილებში. მათ შორის, არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის საქართველო. ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იქ პატიმრობაში იტანჯება – ზოგიერთი ცნობით, სიკვდილის პირასაა“.

დასავლელი პოლიტიკოსი აკონკრეტებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ამას ვერ დაუშვებენ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა.

სააკაშვილის თანაპარტიელები მნიშვნელოვანს უწოდებენ მაკფოლის განცხადებას და ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ამერიკელი დიპლომატის განცხადებისთვის ანგარიშის გაწევა.

“მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მას აფასებდნენ. მაგრამ იყო ერთი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელსაც სძულდა სააკაშვილი – ვლადიმერ პუტინი. წარმატებული ქართული დემოკრატია მის სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრის მიმართ, რასაც პუტინი ემხრობოდა და მას გადაწყვეტილი ჰქონდა დაებლოკა სააკაშვილის გადაწყვეტილება, საქართველოს დასავლეთისკენ სვლასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოსწონდა მისი განცხადებები ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ. პუტინს ეშინოდა ფერადი რევოლუციების საქართველოსა და უკრაინაში სწორედ იმიტომ, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრით პუტინმა საკუთარი განზრახვა გამოავლინა. ამას მოჰყვა ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რამაც ბრიუსელში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები გაყინა”, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია ბრალდებულის გათავისუფლება. შეწყალებას თავისი წესი აქვს და თან, თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტიც არ ითხოვს პრეზიდენტისგან შეწყალებას. სწორედ აქედან გამომდინარეა ის აქტიური კამპანია ქვეყნის გარედან, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდეს, დაყვეს დასავლეთის ნებას და საკუთარი ნებით შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო ვადა, არც კი დაასრულა, ისე დატოვა ქვეყანა და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე პირადი კეთილდღეობიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს დატოვებას განსხვავებულად აფასებს იგივე მაკფოლი: “მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა გახდა უფრო ავტოკრატიული და რუსეთთან მეგობრული, სააკაშვილი იქ თავის როლს ვეღარ ხედავდა და გაემგზავრა უკრაინაში, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა. სააკაშვილს სურდა შეეცვალა საქართველოს მცოცავი ავტოკრატია და 2021 წელს ქვეყანაში დაბრუნდა”.

ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში არაჟნების კონტეინერით შემოპარვაზე არაფერს ამბობს, თუმცა სააკაშვილის ამ ნაბიჯს შეცდომას უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტი მეცხრე თვეა კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადის. შესაბამისად, მისი გარდაცვალება, დღეის მდგომარეობით, ციხის კედლებში გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოფილი მთავარსარდალი პატიმრობას, ფაქტობრივად, სამოქალაქო კლინიკაში ატარებს და არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და აქტივისტებმა, საპროტესტო აქცია გამართეს. მართალია, ეს აქციები არ იყო ისეთი ფართომასშტაბიანი და მრავალათასიანი, როგორც დაპირებული იყო, თუმცა ევროპის ქალაქებში მაინც გაისმა მთავარი ლოზუნგი – სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოკვდეს!

სააკაშვილის შესაძლო სიკვდილზე აპელირება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამაზე აქცენტი ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გააკეთა, შემდგომ კი სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელდა კადრები სააკაშვილის პალატიდან. რამდენიმე დღეში კი საზოგადოებამ ნახა სასამართლოზე სააკაშვილის ჩართვა. ამ კადრმა კიდევ უფრო გაამწვავა საუბარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და კიდევ ერთხელ გააქტიურდა მისი შეწყალების თემა. პრეზიდენტი ამ ეტაპამდე დუმს და აღარ იმეორებს მის მიერ ერთხელ უკვე ცალსახად დაფიქსირებულ პოზიციას – არა და არასოდეს!

სწორედ ამიტომ ისმის დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით უცხოეთში სამკურნალოდ გაშვებაზე და სასჯელის გადავადებაზე.

„ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს. მისი თქმით, მსგავსი ტიპის რეკომენდაცია კლინიკას არასდროს, არცერთ პატიმარზე არ გაუცია. მისი განმარტებით, ვიდრე პაციენტი კლინიკაში იმყოფება, მასზე პასუხისმგებლობას კლინიკის ფარგლებში თავად იღებენ.

„თუ მას შეუძლია გასვლა-შემოსვლა, მაშინ რატომ წევს კლინიკაში? მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს. გარდა ამისა, როცა ადრე კლინიკას გვთხოვდნენ, რეკომენდაცია გაგვეცა მისი სასამართლო სხდომაზე დასწრების შესახებ, აქ მთელი „ჯარი“ იყო შემოსული, – არ გაბედოთ, არ გასცეთ რეკომენდაციაო! – ეს მაშინ, როცა ბევრად უკეთესად იყო. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მათ ლოგიკას ვერ ვწვდები. სანამ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, ჩვენ ასეთ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. როდესაც კლინიკაში აღარ იქნება, სადაც იქნება შემდეგ, იმ დაწესებულებამ გასცეს რეკომენდაცია. სხვა შემთხვევაა, როდესაც პაციენტი გამოკვლევებზე გადაგყავს, სხვა კლინიკაში გადადის და ა.შ.”, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

კლინიკის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კომენტარს, რომ კლინიკა 9 იანვარს დანიშნულ სასამართლო პროცესზე სააკაშვილზე დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს, მიხეილ სააკაშვილის მამა გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს.

“ამით ქალბატონმა ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია, ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ეს ყველაფერი “ვივამედმა” ხმამაღლა უნდა თქვას სასამართლოზე უკვე 9 იანვარს… 9 იანვარს სააკაშვილის სასამართლოზე კლინიკა „ვივამედმა“ ხმამაღლა უნდა აღიაროს პრეზიდენტის ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობა. კოლეგებო, ვიცი რა წნეხის ქვეშ იმყოფებით, მიუხედავად ამისა, ეს უნდა ითქვას”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას თქმით, გულის წასვლის ეპიზოდმა სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დაასუსტა.

„ძალიან ცოტა ხნით ვიყავი შესული. 9 იანვარს ისევ სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც, რა თქმა უნდა, ვერ წავა იმიტომ, რომ ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა გულის წასვლამ კიდევ უფრო დაასუსტა. ამ ამბის მერე, რაღაც კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგები ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ასევე, მისივე თქმით, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად პატრიარქთან იმყოფებოდა, სტუმრობით კმაყოფილია.

რაც შეეხება პატრიარქის წერილს, რომელშიც უწმინდესმა სააკაშვილს „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობა“ უსურვა, გიული ალასანიას შეფასებით, ეს სიტყვები არ შეიძლება საზოგადოებამ აღიქვას ისე, თითქოს პატრიარქი მესამე პრეზიდენტს ციხეში ყოფნასთან შეგუებას ურჩევს. მისივე თქმით, წერილთან დაკავშირებით მსგავსი აზრი რუსეთის აგენტების გარდა თავში არავის მოუვა.

ამასობაში “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” კვლავ ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს. ისინი კვლავაც ყველა საშუალებით ცდილობენ პიარკამპანიით მიაყენონ დარტყმა დასავლეთის თვალში საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ მართლმსაჯულებას.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავსად “სააკაშვილის სიაზე” მიდის მუშაობა. ამ სიაში იუსტიციის მინისტრითა და პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნებით დაწყებული ყველა ის პირი შევა, ვინც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე რაიმე სახით არის პასუხისმგებელი.

მისივე თქმით, სწორედ ამას გულისხმობს Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბრაუდერის მიერ სააკაშვილისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ “დანაშაულებრივ სქემაში ჩართული” ადამიანების სახელები და გვარები საერთაშორისო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.

“ყველა ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიც “მაგნიტსკის სიაა”. ამის შემდეგ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად ვითანამშრომლეთ. საერთაშორისო გამოხმაურება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა სააკაშვილის საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, გაცილებით გაიზარდა. მათთვის ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ეს ყოველივე კი არის, იმის აშკარა დემონსტრირება, რომ “ქართული ოცნება” ვერ უზრუნველყოფს დაცულობის განცდას საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ისინი ქვეყნის გარედან არ გახდებიან პოლიტიკური წნეხის ობიექტები.

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი