პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება
ცნობილია, რომ მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესია, საკმაოდ დატვირთული იქნება.
საქართველოს პარლამენტი საქმიანობას 7 თებერვალს განაახლებს. რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო, საგაზაფხულო სესიაზე საქმიანობას, თებერვლის პირველ სამშაბათს იწყებს. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესია, საკმაოდ დატვირთული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებაა მისაღები. ამასთან, პარლამენტმა სახალხო დამცველიც უნდა აირჩიოს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი, საკანონმდებლო ორგანოში, გასულ წელს ვერ შედგა, რადგან პოლიტიკური მხარეები, კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი, ,,დეოლოგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნასაც ელოდება, რომელიც მმართველმა გუნდმა რეკომენდაციებისთვის, ვენეციის კომისიაში, გასულ წელს გააგზავნა.
ევროკომისიის რეკომენდაციების გარდა, პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე, დისკუსიის ერთ-ერთი თემა, სახელმწიფო უწყებების ანგარიშები იქნება. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახალხო დამცველის.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საგაზაფხულო სესიაზე, პოლიტიკურ მხარეებს, ინტერპელაციის გამოყენების საშუალება ექნებათ. ასევე, მინისტრის საათის ფორმატში, მთავრობის წარმომადგენლების მოსმენას და მათი საქმიანობის შეფასებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.
სალომე ხომასურიძე