ნაგავსაყრელი ღრმაღელის ქუჩაზე – კანონი არსებობს, აღსრულება შეუძლებელია
ღრმაღელის ქუჩის ამ კონკრეტულ კუთხეში მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სისტემატურად ყრიან და კონკრეტული კანონის არსებობით პრობლემა ვერ გვარდება.
თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი ქუჩის კუთხე ნაგავსაყრელად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ სახლის კედელზე განთავსებულია წარწერა – “ნაგავი არ დაყაროთ!” – მოქალაქეები მაინც ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რადგან, როგორც აცხადებენ, ახლომახლო ტერიტორიაზე ნაგვის ურნა არ დგას.
სიტუაციის გარკვევის მიზნით, მედია სააგენტო “24” შპს “თბილსერვის ჯგუფს” დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ნაგვის კონტეინერის დადგმის მოთხოვნით მათ სამსახურს ღრმაღელის ქუჩის მცხოვრებლებმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ.
,,იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობა ითხოვს კონტეინერის განთავსებას, საჭიროა მოგვმართონ განცხადებით, განცხადება იწერება შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის, დავით ფაჩულიას სახელზე (მის: ა. ბელიაშვილის ქ. 119/121 ან კახეთის გზატკეცილი 67 , ასევე შეგიძლიათ მეილზე ატვირთვა info@tbsg.ge”, – განგვიცხადეს “თბილსერვის ჯგუფის” პრესსამსახურში.
მათივე თქმით, მოქალაქეების მიერ ტერიტორიის დაბინძურება კანონით იკრძალება. მერიის ზედამხედველობის სამსახურს უფლება აქვს ამის ჩამდენს ფულადი ჯარიმა დააკისროს.
ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ უნდა გამოვლინდეს კონკრეტული კანონდარღვევა, შემდეგი პასუხი გაგვცეს:
“დამნაშავეს მარტივად ვერ გამოვავლენთ. ამ შემთხვევაში ჩვენი სამსახურის მხრიდან შესაძლებელია მხოლოდ დაყრილი ნარჩენის სისტემატური გატანა”.
ღრმაღელის ქუჩის ამ კონკრეტულ კუთხეში მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სისტემატურად ყრიან და კონკრეტული კანონის არსებობით პრობლემა ვერ გვარდება. ჩვენგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ტერიტორია ნაგვისგან გაიწმინდა, მაგრამ ქუჩაზე მალევე გამოჩნდა ნაგვის ახალი პარკები.
ლელა დევდარიანი