ჯანმო კვლავ პირბადის ტარებისკენ მოგვიწოდებს

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, 10 იანვარს, პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია, ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის გასცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს, ისევ პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად კი, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეს ასახელებენ.

სააგენტო ,,როიტერის” ცნობით, ამ რეკომენდაციის მიღება, საჭირო ,,ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა. ექსპერტების ცნობით კი, ვირუსის ახალი ვარიანტი, მცირე რაოდენობით, მაგრამ სწრაფად ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მგზავრებმა ხანგრძლივი ფრენების დროს, პირბადე ატარონ.

მათი განმარტებით, ეს რეკომენდაცია ყველა მგზავრისთვის უნდა გაიცეს, რომლებიც იმ ქვეყნებში მოგზაურობენ, სადაც „კოვიდ-19“ მასობრივად ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ქვეყნებმა მდგომარეობა უნდა შეისწავლონ და სწორედ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ. „როიტერი“ იუწყება, რომ ამ კვირაში აშშ-ში აღრიცხული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 27% -ზე მეტი, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, 10 იანვარს, პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია, ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის გასცა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რამაც ბევრი ქვეყანა აღაშფოთა. ამიტომ, ევროკავშირმა გასულ კვირას, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის, ტესტირების ჩატარების რეკომენდაცია გასცა.

სალომე ხომასურიძე